"ოპოზიციას მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ "ქართული ოცნება" მორიგ ჯერზე არ გადააგდებს"
ოპოზიციონერი დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ მას "ქართული ოცნება" მორიგ ჯერზე არ გადააგდებს".
"საინტერესოა, აპირებენ თუ არა პირობის დარღვევას. ამ თემაზე მკაფიო განცხადება არ მოგვისმენია. ჯერჯერობით ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა არავის გადაუფიქრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამწყვეტი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაა", - აღნიშნა მეგრელიშვილმა.
კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 29 ივნისს განხორციელდა. პროექტს, რომლის საყოველთაო-სახალხო განხილვა 16-17 აგვისტოს გაიმართება, 91 დეპუტატი აწერს ხელს. პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ლელოს" წარმომადგენლები. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად შეჯერებული პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-ია და დადგენილია მანდატების პროპორციული განაწილების წესი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე პუნქტით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე ჩამოდის. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა. კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება.