"მუსიკის დაწერა ჩემთვის საშინელი, ენით აღუწერელი ტანჯვაა" - რას ამბობდა გია ყანჩელი ბედნიერებაზე, სიყვარულზე, სამშობლოზე და სიკვდილის განცდაზე?
დღეს ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის - გია ყანჩელის დაბადების დღეა. იგი 86 წლის გახდებოდა. გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც ჟურნალმა "OK" რამდენიმე წლის წინ ჩაწერა:
გია ყანჩელმა თავისი შემოქმედებით – უნიკალური სიმფონიური და კამერული, დაუვიწყარი თეატრალური და კინომუსიკით, ყველასთვის ძვირფასი და საყვარელი სიმღერებითა და კომპოზიციებით უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ და მსოფლიო კულტურულ, მუსიკალურ სივრცეში. მაესტრო ყანჩელის სევდიანი, ხშირად ტრაგიკული და გულში ჩამწვდომი, მგრძნობიარე მუსიკა არ ცნობს დროს, თაობათა ცვლას, არც მსმენელის ასაკს. სწორედ თანამედროვეობასთან მუდმივი ჰარმონია ხდის მის მუსიკას განუმეორებელს და მარადიულს, რასაც თავად ორაზროვნად უყურებს და მიაჩნია, რომ თუ 30-50 წლის შემდეგ მის სიმფონიურ მუსიკას კვლავ ისეთი სიხშირით მოუსმენენ მსოფლიო საკონცერტო დარბაზებში, როგორც ეს ახლა ხდება, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ყანჩელის მუსიკა დროს არ ცნობს.
"მე გამოვიარე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება. თუ მივაღწიე, წელს 84 წელი შემისრულდება. ჯერ მინდა მოგიყვეთ იმაზე, თუ რას მოვესწარი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა ინატრებდა ასეთ ბედ-იღბალს. მე ურთიერთობა მქონდა მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, შემსრულებლებთან, მოვიარე თითქმის მთელი მსოფლიო და მოსმენილი მაქვს ჩემი მუსიკა საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას, რადგან ეს დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს, როგორც ბედნიერი ცხოვრება. ჟურნალისტები ძალიან ხშირად მეკითხებიან – თუ ასე ბედნიერი ბრძანდებით, რატომ წერთ ასეთ ტრაგიკულ მუსიკას? მე ვპასუხობ: თქვენ გნებავთ, რომ უბედური ვიყო და დავწერო ხალისიანი მუსიკა? ტრაგიკულ მუსიკას იმიტომ ვწერ, რომ მიუხედავად ჩემი ასეთი ბედნიერი ცხოვრებისა, გარშემო რაც ხდება, ჩემს სამშობლოში, მსოფლიოში, არასოდეს მაძლევდა უფლებას, დამეწერა სხვანაირი მუსიკა. ამიტომ ის ძირითადად სევდიანი და ტრაგიკულია.
მე მოგიყევით, რას მოვესწარი. ახლა კი მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები.
სამწუხაროდ, ვერ მოვესწრები ჩემს ქალაქში ტრადიციული, ფილარმონიული ცხოვრების დაფუძნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკის მოყვარულებმა წინასწარ იცოდნენ, როდის შესრულდება მოცარტი, ბრამსი, ბახი, სტრავინსკი და ასე შემდეგ. იგივეს ნატრობდა ჩემთან ერთად ჯანსუღ კახიძე, მაგრამ ამას ვერ მოესწრო ის და ვერ მოვესწრები მეც. ქვეყანა და ერი, სადაც ეს კლასიკოსები ან თანამედროვე მუსიკის ბრწყინვალე წარმომადგენლები არ სრულდება, არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალი კულტურის მატარებელ ერად.
იცით, კიდევ რას ვერ მოვესწრები? რომ საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკოსები და პარლამენტი, სადაც საწინააღმდეგო აზრის მქონე პიროვნებები არ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, სიძულვილს და გესლს. აი, ამას ვერ მოვესწრები.
სამწუხაროდ, არ მგონია, ოდესმე სამყარო შეიცვალოს და სანამ არსებობს რელიგიური ფანატიზმი და ფანატიკური პატრიოტიზმი, მოვლენები განვითარდება მინუსის ნიშნით. ამის წინაპირობა, რომ მსოფლიო უკეთესი არ გახდება, ბევრია, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი შურია. მე, ალბათ, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, მრავალი უარყოფითი თვისება მაქვს, მაგრამ არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა – შურის გრძნობა არ გამაჩნია. "თეთრი შურის" გრძნობა მიჩნდება, როდესაც შაბათობით "რუსთავი 2"-ზე ვუყურებ გადაცემას "სხვა შუადღე". გადაცემის წამყვანები არიან ქეთი დევდარიანი, ნესტან კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე და დათო ტურაშვილი. ამ გადაცემის საშუალებით წარმოდგენა მაქვს, თუ როგორი აღზევებაა ჩვენს ლიტერატურაში და შურის გრძნობა მიჩნდება იმიტომ, რომ მუსიკალური ცხოვრება არის ჩამკვდარი.
მე კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. მან ქართულ პროფესიულ საგუნდო მუსიკაში არაჩვეულებრივი გარდატეხა მოახდინა და აბსოლუტურად ახალ დონეზე აიყვანა იგი. მაგრამ არ მომწონს მის მიერ ფალიაშვილის თემებზე დაწერილი ჰიმნი, რომლის შესრულება თანხლების ან განსაკუთრებული სმენის გარეშე არ შეიძლება.
მეოცე საუკუნის დასაწყისში კომპოზიტორმა ანდრია ყარაშვილმა შექმნა მელოდია, ჰიმნი, რომელსაც ჰქვია "სამშობლო". ასეთ მელოდიაზე უარს არ იტყოდა არც ჰაიდნი და არც შუბერტი. მე ვერ მოვესწრები იმას, როცა ანდრია ყარაშვილის მელოდია, როგორც ჰიმნი, კარგად გაორკესტრებული და შესანიშნავი გუნდის ნამღერი, დაუბრუნდება ჩემს ქვეყანას. შეიძლება ეს მაშინ მოხდეს, როცა საქართველო გაერთიანდება, მაგრამ ამას მე ვერ მოვესწრები. ეს ადრეც ვთქვი, ერთ-ერთ ჟურნალში დაიწერა, მაგრამ სამწუხაროდ, ნულოვანი ყურადღება მიიქცია. ეს არის და ეს…"
- ბატონო გია, როგორ ქმნით მუსიკას? პირველი რა მოდის − ემოცია, ამბავი, ისტორია, თუ მუსიკის წერის სურვილი გმართავთ?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან ეს არის ძალიან ფარული პროცესები. კიდეც რომ მოვინდომო რამის თქმა, ვერ შევძლებ, ვინაიდან არ ვიცი, სტიმული რა არის, რა მოქმედებს ჩემს აზროვნებაზე. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, მუსიკის დაწერა ჩემთვის საშინელი, ენით აუწერელი ტანჯვაა. და შემდეგ ყოველთვის მაქვს ხოლმე ერთადერთი სურვილი, რომ მსმენელმა ჩემ მიერ გამოვლილი ტანჯვა არ შეამჩნიოს და აღიქვას, რომ ეს ყველაფერი ადვილად მოვიდა.
ცოტა რთულ მდგომარეობაში ვარ. ჩემს ქვეყანაში მე ვგონივარ "ყვითელი ფოთლების", "ჰერიო, ბიჭებოს", და კიდევ რამდენიმე პოპულარული თემის ავტორი.
აი, მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში არავინ იცის ეს კომპოზიციები, იქ იციან ჩემი სიმფონიური და კამერული მუსიკა. რა თქმა უნდა, თბილისშიც არის რამდენიმე ასეული ადამიანი, ვინც ესწრება ჩემს კონცერტებს და ხანდახან აქაც, ადრე ჯანსუღ კახიძის და ახლა უკვე ნიკოლოზ რაჭველის მეშვეობით, სრულდება ჩემი სიმფონიური მუსიკა, მაგრამ ახლა, უბრალოდ, ვცდილობ აგიხსნათ, თუ რას ნიშნავს პოპულარობა საქართველოში და რას ნიშნავს ის მსოფლიოს მუსიკალურ წრეებში.
- განგების გწამთ? არსებობს უზენაესი ძალა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას მართავს?
ალბათ… არ შემიძლია ვთქვა, რომ მწამს, მაგრამ, ალბათ, არსებობს.
- ბატონო გია, თქვენ ეპოქა შექმენით. საოცარი შემოქმედება საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოს მუსიკალური სამყაროსთვის. თქვენ მიერ შექმნილი კომპოზიციები დროს არ ცნობს, მარადიულია.
ამაში დარწმუნებული ხართ?
დიახ, რასაკვირველია.
თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით. 30 წლის და განსაკუთრებით, ნახევარი საუკუნის შემდეგ, თუ ჩემი სიმფონიური და კამერული მუსიკის შესრულებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასეთივე რაოდენობით გაგრძელდება, როგორც ეს ხდება დღეს, მაშინ თქვენ აღმოჩნდებით მართალი. გააგრძელეთ კითხვა