"ტიკარაძე ბევრად უფრო ადეკვატურად გამოიყურება, ვიდრე - სხვები. ნათლად ჩანს, რომ ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი პირებისთვის ადამიანის სიცოცხლე ძვირი არ ღირს" - კვირის პალიტრა

"ტიკარაძე ბევრად უფრო ადეკვატურად გამოიყურება, ვიდრე - სხვები. ნათლად ჩანს, რომ ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი პირებისთვის ადამიანის სიცოცხლე ძვირი არ ღირს"

"ჩვენ რომ ნორმალური და ცივილური საზოგადოება ვიყოთ, პრემიერი ღარიბაშვილი იმ სუფრაზე ქეიფის შემდეგ, მეორე დღესვე უნდა გადამდგარიყო"

"დღეს ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრმა ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყველა მათგანი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ხშირად ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტიანი არ არის.

"ძალიან მინდა, რომ ეს ასე არ გაგრძელდეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვმართოთ ინფექცია. არ დავმალავ, დაწყებული პირველი ტალღიდან, ყოველთვის გვქონდა კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ტიპის რეგულაცია არის უფრო ეფექტიანი, უფრო საჭირო ან უფრო გონივრული და დროული. დღეს ნებისმიერი რეგულაცია მნიშვნელოვანია, თუმცა რეგულაციების დაწესების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანია აღსრულება. თუ რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, შევძლებთ ინფექციის შეკავებას", - განაცხადა ტიკარაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით კი, ქვეყანა იმყოფება აქტიურ საარჩევნო კამპანიაში და საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა - პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და აცრა.

"მესმის, რომ კრიზისია, მაგრამ ამას ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ მშვიდად და ყოველგვარი პანიკის და ისტერიის გარეშე. თუმცა ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მოგეჩვენებათ მსოფლიოს ბოლო დღეებში. აპოკალიფსია პირდაპირ. მთელ მსოფლოში ეს ხდება. მანამდე მომადგნენ, ყოველ დღე აქციებს მიტარებდნენ "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით. ობიექტურად მაშინ ხალხი იყო შეწუხებული. ეს გავაკეთეთ. შემდეგ გავითვალისწინე მოსახლეობის ჩივილი და სტაბილური სიტუაციისას, როდესაც ვაქცინების შემოტანა დავიწყეთ, გავაუქმეთ პირბადის ტარების რეგულაციაც. დროებით, მაგრამ ვაკვირდებოდით სიტუაციას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რატომ აღმოჩნდა ქვეყანა ასეთ რთულ სიტუაციაში?

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - წელს შარშანდელი ისტორია მეორდება. გახსოვთ, ალბათ, შარშან, აჭარაში ტურისტული სეზონის დროს რომ აფეთქდა პანდემია და შემდეგ მთელ ქვეყანას გადაურბინა. ის, რაც დღეს ხდება, ძალიან ადვილად პროგნოზირებადი იყო, არაპროფესიონალების მხრიდანაც კი, ელემენტარული კანონზომიერებისა და ლოგიკიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, საქმე გვაქვს უპასუხისმგებლო ხელისუფლებასთან. ყველაფერი უკუღმა აკეთეს. პირველი შეცდომა ის იყო, რომ გააუქმეს უკვე არსებული რეგულაციები, რასაც ხალხი უკვე შეგუებული იყო. უკუღმა იმოქმედეს. წესით, ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, რეგულაციები მკაცრდება, ამათმა სულ მოხსნეს; მეორე - გამოაცხადეს ამნისტია ჯარიმებზე, მაშინ, როდესაც პრობლემა ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული. მე არ ვარ ამნისტიის წინააღმდეგი, უბრალოდ, ის უნდა გამოცხადდეს პრობლემის საბოლოოდ ამოწურვის შემდეგ. შუა პროცესში ამნისტიის გამოცხადება იწვევს დაუსჯელობის სინდრომის გაჩენას. ახლა უნდათ გაამკაცრონ რეგულაციები და უნდათ თუ არა, ხალხი მაინც არ გაითვალისწინებს, იმიტომ, რომ ისევ ამნისტიის მოლოდინი ექნებათ; მესამე - თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ანტიმაგალითებს იძლევიან. ჩვენ ვნახეთ პრემიერი ხალხმრავალ სუფრაზე, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კონცერტები და ა.შ. პრემიერი გვეუბნება, - თქვენ რომ დაეპატიჟეთ სუფრაზე, არ წახვიდოდითო? პირდაპირ სასწაულები ხდება. ფაქტობრივად, ხელისუფლება ანტიკამპანიას ეწევა. ჩვენ გვიკითხავს მორალს, ცდილობს, პასუხისმგებლობა გადმოიტანოს მოსახლეობაზე. უბრალოდ, წარმოუდგენელია, რასაც აკეთებენ. პანდემიასთან ბრძოლა წარმოადგენს მრავალწახნაგოვან ამოცანას - აქ არის ეკონომიკა, სოციალური სფერო, უსაფრთხოების საკითხები და, რაც მთავარია, ჯანდაცვის ორგანიზება. არც ერთი მიმართულებით არ კეთდება არაფერი. გამონაკლისები არიან ექიმები, რომელთა დღევანდელი საქმიანობა გმირობის ტოლფასია. თუმცა, მათი საქმიანობა შეზღუდულია. ხელისუფლება, უბრალოდ, არ მართავს სიტუაციას. გახარიას დროს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იყო ჩართული პანდემიის მართვაში და, შესაბამისად, სიტუაცია ასე თუ ისე სტაბილური იყო. დღეს ყველაფერი მიშვებულია.

- ტიკარაძის განცხადებით შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ გუნდში სერიოზული დაპირისპირებაა. - სხვათა შორის, ტიკარაძე ბევრად უფრო ადეკვატურად გამოიყურება, ვიდრე - სხვა დანარჩენი. ის მიხვდა, რომ ქვეყანა უკვე ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში გარკვეული კონიუნქტურაა ჩამოყალიბებული და ამას ექვემდებარება ყველაფერი. ისიც ნათლად ჩანს, რომ ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი პირებისთვის ადამიანის სიცოცხლე ძვირი არ ღირს.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რა იქნება კულმინაცია? - შარშანდელ მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, პიკში ჯერ არ ვართ. აჭარაში სრული ბაკქანალიაა, მაქვს ინფორმაცია, რომ კოვიდიანები პირდაპირ ქუჩებში დასეირნობენ, ტესტებსაც კი არ იტარებენ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, სეზონი რომ დამთავრდება და ეს ხალხი აქეთ დაიწყებს მოძრაობას. ჩვენ რომ ნორმალური და ცივილური საზოგადოება ვიყოთ, პრემიერი ღარიბაშვილი იმ სუფრაზე ქეიფის შემდეგ, მეორე დღესვე უნდა გადამდგარიყო. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანდა, თუ როგორ არღვევდა ის დაწესებულ რეგულაციას, კონკრეტულად კი - სოციალურ დისტანციას. ჩვენი პრემიერი როგორ იქცევა, დადის ქეიფებზე და მერე განცხადებებს აკეთებს, რომ დედოფლისწყაროში ბევრი ინფიცირებული არ იყო, რომ იქ ლამის ყველა აცრილი იყო, რომ მოქეიფეები დისტანციის დაცვით ისხდნენ და ა.შ. მოახერხა და ერთ წინადადებაში 4 თუ 5 ტყუილი თქვა. ჩემი, როგორც საზოგადოების ერთი რიგითი წარმომადგენელის აზრით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღეს უკვე სახეზეა.

თორნიკე შარაშენიძე, ექსპერტი: - ძალიან დიდი შეცდომა იყო რეგულაციების გაუქმება და ჯარიმების ჩამოწერა. ტყუილად არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ მოსახლეობა, რომელსაც ჯარიმების ჩამოწერის იმედი აქვს, ოდესმე კიდევ დაექვემდებარება რეგულაციებს. როგორც იქნა, მოსახლეობის დიდი ნაწილი შეეჩვია პირბადის ტარებას და ამათ მაშინ უთხრეს, მოიხსენითო. არ მესმის, რატომ მოხსნეს ეს რეგულაციები? გადაწყვიტეს, რომ პანდემია დაამარცხეს? რის საფუძველზე გადაწყვიტეს ასე? ამ ყველაფერს ერთადერთი ახსნა აქვს - ეს არის წინასაარჩევნო პოპულიზმი. თავისი წილი პასუხისმგებლობა რიგით მოქალაქეებსაც აქვთ - ბევრი არც პირბადეს ატარებს, ქორწილშიც დადის და პატარძალსაც კოცნის. თუმცა, როდესაც ხელისუფალი ხარ და იცი, როგორია შენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, ხელი არ უნდა შეუწყო შეცდომების დაშვებაში. აი, როგორც კი მოხსენით ხალხს პირბადე, წავიდნენ და თავპირით გადაეშვნენ ქეიფებში, სულ აიშვეს. ამ დროს, პრემიერი რა მაგალითს იძლევა? გასაგებია, მესმის, გაუხარდა, ჩემპიონმა რომ დაპატიჟა, წინასაარჩევნოდაც ქულების დაწერის საშუალება მიეცა, მაგრამ ქვეყნის პირველი პირი რომ ხარ, უფრო მეტი დაფიქრება ხომ გმართებს? მაგალითი ხომ უნდა მისცე ხალხს... სამწუხაროდ, ქვეყანა ძალიან ხშირად ხდება ხოლმე პოპულიზმის მსხვერპლი.

- თქვენი ვერსიით, თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, ვინ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე? - ის, რაც ახლა ხდება, ამაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ვერ დავაკისრებთ. რეგულაციების დაწესებისა და შესრულების საკითხს მთავრობა და საკოორდინაციო საბჭო წყვეტს. როგორც ჩანს, ხმათა უმრავლესობამ გადაწყვეიტა, რომ დიდი არაფერი დაშავდება, თუ პირბადეებს აღარ ვატარებთ. საბოლოოდ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება არჩევნებზე!

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)