"ქართული ჩურჩხელა 1867 წელს პარიზში, მსოფლიო გამოფენაზე... როგორ გაჩნდა რუსეთში ჩურჩხელა" - რას წერს რუსული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ქართული ჩურჩხელა 1867 წელს პარიზში, მსოფლიო გამოფენაზე... როგორ გაჩნდა რუსეთში ჩურჩხელა" - რას წერს რუსული გამოცემა?

რუსულ პოპულარულ გაზეთში Аргументы и факты გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "როგორ გაჩნდა რუსეთში ჩურჩხელა და რამდენად ახდენს გავლენას დღეგრძელობაზე", რომელშიც საუბარია ქართული ტრადიციული ეროვნული პროდუქტის - ჩურჩხელის შექმნის ისტორიაზე, მის საკვებ ღირებულებაზე, მომზადების წესზე. პუბლიკაციაში, ასევე, მოცემულია, თუ როგორ და როდის შეიტანეს ჩურჩხელა საქართველოდან რუსეთში, რომელ საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარდგენილი და ა.შ. გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:

ჩურჩხელის განმარტება 1889 წლის ლექსიკონით

კულინარიის ისტორიკოსის - პავლე სიუტკინის თქმით, ჩურჩხელის დახასიათება/აღწერა ოფიციალურად პირველად გამოქვეყნდა წიგნში, სახელწოდებით - "ქართული, სომხური და თათრული სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი", რომელიც ტიფლისში (თბილისში) 1889 წელს გამოიცა. მასში ნათქვამია, რომ "ჩურჩხელა არის ტკბილი, გემრიელი საჭმელი, რომელსაც ქართველები ყურძნის წვენისაგან, ფქვილისა და კაკლის (თხილის, ნუშის...) ნაყოფისაგან ამზადებენ". ლექსიკონში ჩურჩხელის სახელწოდების წარმომავლობის შესახებ არაფერია ნათქვამი. ერთ-ერთი ვერსიით, ტერმინი "ჩურჩხელა" წარმოიქმნა ორი სიტყვისგან: "ჩხურ"-ისა (მეგრ. "ცივი") და "ჩხერ"-ისაგან ("ცხელი"), რაც, პრინციპში მისი მომზადების ტექნოლოგიას ასახავს: ჯერ ძაფზე კაკლის (თხილის, ნუშის) ნაყოფს აგებენ, შემდეგ მას ფქვილისა და ყურძნის წვენის ცხელ მასაში (ფელამუშში) ავლებენ და ბოლოს ჰაერზე აცივებენ, დაკიდული სახით.

როგორ გაჩნდა ჩურჩხელა რუსეთში რუსული საზოგადოება ამ ტკბილ და გემრიელ საჭმელს ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაეცნო. სწორედ მაშინ გაჩნდა ჩურჩხელა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ტკბილეულის მაღაზიების დახლებზე, XX საუკუნის დასაწყისიდან ქართული ეროვნული პირის ჩასატკბარუნებელი პროდუქტი რუსეთის ცენტრის დიდი ქალაქების საზოგადოებისათვის სრულიად ჩვეულებრივ საჭმელად იქცა.

1867 წელი: ჩურჩხელა და ქართული ღვინო პარიზის გამოფენაზე

საერთაშორისო არენაზე ჩურჩხელა 1867 წელს გავიდა, როცა ეს პროდუქტი პარიზის მსოფლიო გამოფენის ექსპონატი გახდა, რუსეთის პავილიონში გამოფენილი. საფრანგეთის დედაქალაქში ჩურჩხელა პირადად ივანე სულხანიშვილმა (სულხანოვმა) ჩაიტანა, რომელიც იმ დროს გორის თავადაზნაურთა წინამძღოლი იყო. (პარიზის მსოფლიო გამოფენა გაიხსნა მარსის ველზე 1867 წლის პირველ აპრილს და სამ ნოემბრამდე მუშაობდა. გამოფენაზე პროდუქცია წარადგინა იმდროინდელი მსოფლიოს 32-მა სახელმწიფომ, დაათვალიერა 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა. მის გახსნაში მონაწილეობდნენ მეფე-დედოფლები, იმპერატორები... მათ შორის რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე, ოსმალეთის სულთანი აბდულ აზიზი, პრუსიის მეფე ვილჰელმი და საგარეო საქმეთა მინისტრი ოტო ფონ ბისმარკი. რუსეთის პავილიონი რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა: რუსული ორნამენტებიანი ქოხით (მცირე მოცულობის ექსპონატებით), იმპერატორის თავლით (ძვირფასი ჯიშის ცხენებით), ყირგიზული იურტითა და იაკუტური ურასით (საცხოვრებლებით). რაც შეეხება რუსეთის იმპერიის სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ისინი გამოფენის რვა გალერეაში იყო განლაგებული. პარიზში წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, რუსეთის იმპერიის ერების სამზარეულო, მუშაობდა რუსული ტრაქტირი (რესტორანი), სადაც, სტუმრები ჯერ იქვე გამოფენილ კვების პროდუქტებს ათვალიერებდნენ, შემდეგ კი მათ სანქტ-პეტერბურგიდან და მოსკოვიდან სპეციალურად წაყვანილი, ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი გოგონები სხვადასხვა საჭმელ-სასმელს სთავაზობდნენ. სავარაუდოდ, სწორედ იქ იყო გამოფენილი ქართული ჩურჩხელაც. სხვათა შორის, 1868 წელს გამოცემულ რუსულ ილუსტრირებულ წიგნში პარიზის მსოფლიო გამოფენის შესახებ ნათქვამია, რომ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ღვინის მრეწველ დეიჩმანის მიერ კახეთში დამზადებულმა თეთრმა და წითელმა ღვინოებმა - ს.კ.). პარიზის მსოფლიო გამოფენა ჩურჩხელის დამზადების რეცეპტი როგორ კვების პროდუქტების ისტორიკოსი პავლე სიუტკინი ამბობს, ჩურჩხელის დამზადების რეცეპტი ბევრნაირი არსებობს. ცნობილია, რომ 2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ჩურჩხელა ეროვნული სამზარეულოს ცნობილ კერძად დააპატენტა, თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ძველებურ რეცეპტებთან დაკავშირებით, საქართველოში ჩურჩხელის ბევრ რეგიონულ ვარიანტს შევხვდებით - კახურს, ქართლურს, იმერულს, რაჭულს, გურულს... მაგალითად, იმერული ჩურჩხელა მოყვითალო-მოყავისფროა თეთრის ყურძნის წვენისაგან, კახური კი - მუქი ყურძნისაგან, წითელი-ჟოლოსფერია, გარედან თეთრი ნაფიფქით. დღეს ჩურჩხელას ამზადებენ ბროწეულის, ბლის, ვაშლის და ჟოლოს წვენებისგანაც კი, ზოგჯერ თაფლის დამატებით. გარდა ამისა, ჩურჩხელის მსგავს პროდუქტს ამზადებენ თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში... სომხური შაროცი ქართული ჩურჩხელისაგან იმით განსხვავდება, რომ საროცი უფრო რბილია და მას დამატებული აქვს ან მიხაკ-დარიჩინი, ან ილი (კარდამონი).

ჩურჩხელა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა

კავკასიურ დღეგრძელობას ხშირად უკავშირებენ ადგილობრივი პროდუქტებით კვებას. პოპულარობით სარგებლობს მოსაზრება, რომ ჩურჩხელაც სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. რამე ღრმა მეცნიერული გამოკვლევა ამის შესახებ არ არსებობს, თუმცა არ შეიძლება არ ვაღიაროთ ის, რომ კაკლის ნიგოზი, თაფლი და ყურძნის წვენი, გონივრულ ფარგლებში, ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

როგორ ავარჩიოთ ჩურჩხელა

ისტორიკოსი პავლე სიუტკინი გვირჩევს, რომ ჩურჩხელის ყიდვის დროს ყურადღება მივაქციოთ მის ფერს - ის არ უნდა იყოს ძალიან ნათელი და მკვეთრი, რაც "ქიმიურ", საღებავდამატებულ ჩურჩხელებს ახასიათებთ. ასევე, არ უნდა იყიდოთ ჩურჩხელა, რომელიც იოლად იმტვრევა ან ხელზე გეწებება, ტენიანი ზედაპირით. ასეთი ნიშნები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ჩურჩხელა გაფუჭებულია: როგორც ჩანს, მისმა დამამზადებელმა ყურძნის წვენს უფრო მეტი ფქვილი დაამატა, ვიდრე საჭირო იყო. რაც შეეხება მოთეთრო ნაფიფქს - ის ყურძნის შაქარია, რომელიც, უბრალოდ, გარეთ გამოდის. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ