"კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ძალიან სამწუხარო და საგანგაშოა"
"გარდაცვალების მაჩვენებელი აბსოლუტურ ციფრებში ძალიან საგანგაშო და სამწუხაროა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა გარდაცვალების მიზეზების კვლევასა და ამის კლინიკური ანალიზის შესახებ. გაბუნიას თქმით, ამ საკითხს სამედიცინო ჯგუფები მუდმივად იკვლევენ. მან აღნიშნა, რომ ყველა კლინიკას აქვს აქვს იმის საშუალება, რომ როგორც თავისი, ისე სხვა საავადმყოფოების მუშაობის შედეგებს გაეცნოს.
"რაც შეეხება სტატისტიკურ ანალიზს, გასული ტალღების მსგავსად, განსაკუთრებით მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღინიშნება მაღალ ასაკობრივ ჯგუფში. 80 წლის ზემოთ ასაკის პირებში არის პროპორციულად მეტი გარდაცვალება. ასე იყო კორონავირუსის გასული ტაღების პირობებშიც. ფატალური შემთხვევების საერთო მატება პროპორციულად დაკავშირებულია ინფიცირების შემთხვევების მატებასთან", - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, გარდაცვალების დიდი წილი ასაკოვან ადამიანებზე მოდის. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი "დელტა" შტამი ისევ მაღალი ასაკის მოქალაქეებისთვის არის სახიფათო.