ბათიაშვილის "ხულიგანი" ცოლ-შვილი: "მთელი ოჯახი ერთ დღეს დაგვაპატიმრეს და გაგვასამართლეს..." - კვირის პალიტრა

ბათიაშვილის "ხულიგანი" ცოლ-შვილი: "მთელი ოჯახი ერთ დღეს დაგვაპატიმრეს და გაგვასამართლეს..."

5 ივნისს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ჰოლივუდელი სუპერსტარის შერონ სტოუნის სტუმრობას და "აგვისტოს 5 დღის" პრემიერას  პომპეზურად ზეიმობდა, ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის ყველა წევრი გაასამართლეს.

რატომ აღმოჩნდა იმ დღეს ბათიაშვილების ოჯახი განსასჯელის სკამზე?! ამის შესახებ მაია და ირინა ბათიაშვილებს ვკითხეთ.

მაია ბათიაშვილი: მთელი ოჯახი რომ დაეჭიროთ და ერთ დღეს გაესამართლებინოთ, ამას ბოლშევიკებიც კი არ აკეთებდნენ. ასეთი რამის ჩადენა მხოლოდ ფაშისტებს შეუძლიათ.

4 ივნისს ჩემი ქალიშვილი ირინა განერვიულებული დაბრუნდა სახლში, - აქციის ერთი ასაკოვანი მონაწილე, რომელიც ძლიერად იყო ნაცემი, საავადმყოფოში გარდაიცვალაო. თურმე მეგობრებს ინტერნეტით გააგებინა ეს ამბავი. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ სოლიდარობა გამოეცხადებინათ გარდაცვლილების და დაკავებულებისადმი და მდუმარე აქცია ჩაეტარებინათ ტროტუარზე. მეორე დღეს ირინამ მითხრა, - ახალგაზრდები ვიკრიბებით, შენი წამოსვლა არ არის საჭიროო. რუსთაველი გადაკეტილი იყო. ახალგაზრდები რედისონამდე მივიყვანე, მაგრამ მეც ვერ გავჩერდი. შორი-ახლოს გავყევი.

აქციის დაწყებამდე ჯერ დრო იყო და ქაშუეთში შევედი, თურმე ირინა და მისი მეგობრებიც ქაშუეთში შესულან. ჩემი შვილი და მისი მეგობრები მაშინ დავინახე, როდესაც ეკლესიიდან გადიოდნენ. გავყევი და ქაშუეთის კარიდან დავინახე, - ჩემ შვილს, რომელიც კიბეებზე ადიოდა, მოხუცმა მოწყალება სთხოვა. ირინა ჩანთას ხსნიდა, რომ უეცრად კუნთიანი სპორტული აღნაგობის ოციოდე(!) სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი დაეტაკა. ერთ-ერთმა პლაკატი გამოგლიჯა და ირინა გაათრიეს. დავედევნე, გამწარებული კიბეებს ვახტებოდი. ჩემი შვილი უცნობებს ეკითხებოდა, - სად მიგყავართო. მეც მივვარდი, ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია, ვინ ხართ და ჩემი შვილი სად მიგყავთ-მეთქი. ამ დროს ვიღაცამ მიცნო, - ეს ბათიაშვილის ცოლიაო და მომვარდნენ. ჯერ ირინა ჩატენეს პატრულის მანქანაში, მერე მე. ისე უხეშობდნენ, ხელები ერთიანად დალურჯებული მაქვს. ძალით, მუჯლუგინებით და ხელების გაგაგრეხვით ჩამტენეს მანქანაში.

იქ ჩემსა და ჩემი შვილის გარდა, სხვებიც იყვნენ, მაგრამ ხელი არავისთვის უხლიათ. ჩვენ, ალბათ, ირაკლის გამო გამოგვარჩიეს. მეშვიდე საპყრობილის მიმართულებით წამიყვანეს. როგორც მოგვიანებით გავიგე, ორთაჭალის საპატრულოს შენობაში მივუყვანივარ. რამდენიმე წუთის მერე ირინაც მოიყვანეს. იქ სამი საათი ვყავდით. არ მომცეს არც ოჯახთან, არც ადვოკატთან დარეკვის უფლება და ტელეფონები ჩამოგვართვეს. როდესაც მოვითხოვეთ, გვითხარით რატომ ვართ აქ ამდენი ხანიო, ძლივს ვათქმევინე, რომ ორი ქალი პატრულის მოსვლას ელოდნენ, რომ დაკავების ოქმი(!) შეედგინათ. მერე გადაგვიყვანეს სასამართლოში.

სასამართლოზე მოწმედ მოიყვანეს პატრულები, რომლებიც ჩვენი დაკავების ადგილას არც ყოფილან და ჩვენება მისცეს, - რუთაველის გამზირზე უცენზურო სიტყვებით ილანძღებოდნენო.

მოსამართლეს ვუთხარი, ოჯახში და ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მოგვცეს-მეთქი რაზეც პარტულებმა თქვეს, - ჩვენ ვთხოვდით დაერეკათ და უარი გვითხრესო. სასამართლოდან დავურეკე ჩემს ადვოკატს, ირინამ კი - ირაკლის. არსებობდა "მაესტროს" მიერ გადაღებული კადრები, სადაც ჩვენი დაკავება იყო აღბეჭდილი, მაგრამ მოსამართლემ მისის ნახვა არც ინდომა. ირინას არც გაუშლია პლაკატები, აქცია დაწყებულიც არ ჰქონდა და ამის მიუხედავად დააკავეს. ბრალი წვრილმან ხულიგნობაში წაგვიყენეს და 400-400 ლარის გადახდა დაგვაკისრეს.

- თქვენი მეუღლე, ირაკლი ბათიაშვილი რატომღა დააჯარიმეს?

- ირაკლის თურმე ირინას მეგობარმა დაურეკა, რომელიც ჩვენი დაპატიმრების დროს იქვე იდგა. ირაკლი გვეძებდა ადვოკატთან ერთად, მაგრამ ვერ გვიპოვნა. სანამ არ დავურეკეთ, ჩვენი ადგილსამყოფელი არ იცოდა. კაცი კინაღამ გაგიჟდა, რომ სასამართლო დარბაზში შემოსვლის უფლება არ მისცეს, მით უმეტეს, რომ პროცესი დაწყებული არ იყო. ამან მეტად გააღიზიანა ირაკლი. შესაძლოა მისი პროვოცირება უნდოდათ, რომ დაეპატიმრებინათ. რაკი დარბაზში შემოშვებას დაჟინებით ითხოვდა, ირაკლი ცოტა ხნით მართლაც დააკავეს, კამერაში ჩაიყვანეს. ამაზე ჩემი შვილი სულ გადაირია, ატირდა...

საბოლოოდ, ირაკლის სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. წარმოუდგენელი რამ მოხდა - მთელი ოჯახი ერთ დღეს დაგვაპატიმრეს და გაგვასამართლეს.

KvirisPalitra.Geირინა ბათიაშვილი: როდესაც გავიგე, რომ აქციის დროს ნაცემი კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე და მეგობრებთან ერთად აქციის მოწყობა გადავწყვიტე. გარდა ამისა, მიმაჩნდა რომ აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმი ჩვენთვის გლოვის საფუძველი უნდა ყოფილიყო და არა ისეთი მხიარულების მიზეზი, როგორიც რუსთაველზე გაიმართა. ეს დაღუპული ჯარისკაცებისა და ყველა მოქალაქის შეურაცხყოფა იყო. 26 მაისს რუსთაველზე სისხლი დაიღვარა, 237 ადამიანი დაპატიმრებულია, 50 დაკარგული და 6 გარდაცვლილი, ასეთ დროს რა გვეზეიმებოდა?

რუსთავლზე რომ მივედი, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. თბილისმა პროტესტი გამოუცხადა იმ დღევანდელ უაზრო სიცილ-კისკისს. ეს ჩემთვის იმის ნიშანია, რომ ჩვენ ხალხს ღირსება არ დაუკარგავს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მდუმარე აქცია გაგვემართა. მე, როგორც იურისტმა, ვიცი, რომ ამის გაკეთების სრული უფლება მქონდა და ეს არ იყო არანაირი კანონდარღვევა. გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება ჩვენ ევროპული კონვენციითაც გვაქვს მონიჭებული, რომლესაც საქართველოა მიერთებული. ამიტომაც სამართალდამცველებს ჩვენი დაკავების არანაირი ლეგიტიმური უფლება არ ჰქონდათ. გადახვეული პლაკატი, რომელზეც ეწერა "არა ძალადობას!" იღლიაში მქონდა, როდესაც მომვარდნენ. ფაქტობრივად მე დამაკავეს არა აქციის ჩატარების, არამედ იდეის გამო, რომ აქცია ჩამეტარებინა.

სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა კაცებმა არ მითხრეს, რატომ მიჭერდნენ. მხოლოდ ის მითხრეს, - ამას როგორ ბედავო და ხელებაწეული გამათრიეს. მანქანით რომ მივყავდი, ტელეფონზე დაურეკეს ვიღაცას, - ბათიაშვილის ცოლ-შვილი ავიყვანეთო.Aამაზრზენი იყო პატრულის ჩვენება სასამართლოზე, - თითქოს ვიგინებოდი, ვხულიგნობდი და შევჩენკოს ქუჩაზე 50 კაციან მიტინგს ვაწყობდი. პატრულს რომ ვკითხე, - რა უცენზურო სიტყვა ვთქვი-მეთქი. მიხრა, შენ იძახდი - მკვლელებიო.

15 წლის ვიყავი, როდესაც აქციებს ვმართავდი და რუსთაველს ვკეტავდი. არასოდეს შემშინებია. თუ ჩვენი ოჯახის მსგავსად, ყველა ოჯახი დადგება ღირსების დასაცავად, მხოლოდ მაშინ შეიძლება ქვეყანას ეშველოს. მზად ვარ, ღირსების დასაცავად ჩემი ერთი წლის შვილიც გამოვიყვანო.

P.S. იმავე დღეს ლაშა ჩხარტიშვილი მაშინ დააკავეს, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოდიოდა. ის მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ ლაშა ჩხარტიშვილია და ვიღაცამ ჩათვალა, რომ ფილმის პრეზეტაციიის დროს რუსთაველზე არ უნდა ყოფილიყო.

(სპეციალურად საიტისთვის)