თორნიკე რიჟვაძე მოსახლეობას: "ნუ გვაიძულებთ, ყველაზე ხისტ ღონისძიებებზე გადავიდეთ" - კვირის პალიტრა

თორნიკე რიჟვაძე მოსახლეობას: "ნუ გვაიძულებთ, ყველაზე ხისტ ღონისძიებებზე გადავიდეთ"

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ადამიანების გადასარჩენად კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება უმკაცრესად აღსრულდება.

მისივე თქმით, ბათუმის კლინიკებში ადგილები არ არის და კოვიდის მართვისთვის ახალი საავადმყოფოები ემატება.

"დღეს გვაქვს 900 ზე მეტი შემთხვევა და ვფიქრობ, ყველა უნდა იაზრებდეს ქალაქში, რეგიონში და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების სიმძიმეს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება უმკაცრესი აღსრულება, ვინაიდან თხოვნა აღარ ჭრის. კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება აღსრულდება უმკაცრესად, რომ გადავარჩინოთ ადამიანები.

მარტივად რომ გითხრათ, გუშინ იყო რამდენიმე ქორწილი და მინდა ვთხოვო ამ კონკრეტული დაწესებულებებს და იმათაც, ვინც ამ ქორწილებს ატარებს, თუ ახლობლები უყვართ, თუ უყვართ მშობლები, მოხუცები, შვილები, ამ ვითარებაში ქორწილების გამართვა, არის მათთვის პირდაპირი სიცოცხლისთვის რისკის შექმნა.

ყველამ უნდა გავიაზროთ ეს და ექიმებსაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს თერაპიული და რეანიმაციული ადგილები ბათუმში არსად არის და ვიმატებთ ახალ საავადმყოფოებს. ამიტომ ნუ გვაიძულებთ, რომ ყველაზე ხისტ ღონისძიებებზე გადავიდეთ",- განაცხადა რიჟვაძემ.