იწვევს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უშვილობას - რა აჩვენა კვლევებმა? საიდან იღებს სათავეს ყალბი ინფორმაცია? - კვირის პალიტრა

იწვევს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უშვილობას - რა აჩვენა კვლევებმა? საიდან იღებს სათავეს ყალბი ინფორმაცია?

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება და სამწუხაროდ, ბევრ ადამიანში თესავს უნდობლობას და უბიძგებს იმისკენ, რომ ამ დროისთვის პანდემიის დამარცხების ერთადერთ საშუალებაზე, ვაქცინის მიღებაზე, უარი თქვას.

ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როცა სოციალურ ქსელში ზოგიერთი ანგარიშით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ზიანს აყენებენ ნაყოფიერებას და ბავშვის გაჩენისთვის სამომავლოდ სახიფათოა.

მსგავსი ანტივაქსერული ცნობები მხოლოდ სოციალური ქსელების ქართულ ნაწილში არ ვრცელდება, ეს მსოფლიოს არაერთი სხვა ქვეყნის პრობლემაც არის. (ცნობისთვის, ამ ეტაპზე ორსულებისთვის "ფაიზერის" ვაქცინის მიღებაა ნებადართული, ვინაიდან ამ დროისთვის შესაბამისი კვლევები მხოლოდ ამ ვაქცინაზე არსებობს)

როგორც ბრიტანული გამოცემა BBC-ი წერს, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ვაქცინა გავლენას არ ახდენს ნაყოფიერებაზე და არც ორსულობის პროცესზე.

გასათვალისწინებელია ის, რომ ექიმები ორსულების აცრის საკითხს თავიდანვე დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ, ამიტომაც, პირველ ეტაპზე, როდესაც კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, ისინი ორსულებს ურჩევდნენ არ გაეკეთებინათ ის, რადგანაც იმ პერიოდისთვის არ იყო საკმარისი კვლევები ჩატარებული. მაგრამ ახლა უკვე არსებობს არაერთი კვლევა და მონაცემები, რომლებიც მედიკოსებს აძლევენ შესაძლებლობას, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით თავიანთი მიდგომა შეცვალონ. ისინი ამბობენ, რომ ვაქცინა ორსულს საფრთხეს არ უქმნის, ორსულისთვის საფრთხეს წარმოადგენს კორონავირუსი.

კვლევის თანახმად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინა აკუმულირდება საკვერცხეში, არის ყალბი

ეს თეორია წარმოიშვა ერთ-ერთი იაპონური კვლევის არაზუსტი გაგების გამო. კვლევა ჩატარდა შემდეგნაირად - ვირთხებს გაუკეთეს ვაქცინის გაცილებით დიდი დოზა, ვიდრე ადამიანებს უკეთებენ. ცდამ აჩვენა, რომ ვაქცინის მთლიანი დოზის 0,1 %, მისი გაკეთებიდან 48 საათის შემდეგ, აღმოჩნდა ცხოველების საკვერცხეში (შენიშვნა: საუბარია "ფაიზერის" ვაქცინაზე).

გაცილებით მეტი - ვაქცინის 53%, გაკეთებიდან ერთი საათის შემდეგ, აღმოჩნდა ინექციის ადგილას (ადამიანში ჩვეულებრივ ეს არის მკლავი), ხოლო ამავე ადგილას, 48 საათის შემდეგ იყო ვაქცინის 25%.

შემდეგი ყველაზე გავრცელებული ადგილი, სადაც ვაქცინა აკუმულირდა, იყო ღვიძლი (48 საათში 16%), ანუ ადგილას, რომელიც სისხლიდან ნარჩენების მოშორებას უწყობს ხელს.

როგორც BBC-ი წერს, ვაქცინა მიიღება ე.წ. ცხიმის ბუშტის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ვირუსის გენეტიკურ მასალას, ეს უკანასკნელი კი ეხმარება ორგანიზმს იმუნური სისტემის გამომუშავებაში. ვინც აცხადებდა, რომ ვაქცინა კვერცხუჯრედში გროვდება, ასევე მიუთითებდა, რომ ვაქცინის გენეტიკური მასალა აკუმულირდებოდა საკვერცხეში, რაც კვლევის შედეგად გამოირიცხა. იხილეთ სრულად