"ის გოგო მომწონდა და თან "შებმა" მინდოდა, 20 წლის ბიჭი ვარ, ორ კურდღელს ერთად ვიჭერ... შემფუთეს ბინტებში..." - "თბილისის კინომემატიანის" მოგონებები - კვირის პალიტრა

"ის გოგო მომწონდა და თან "შებმა" მინდოდა, 20 წლის ბიჭი ვარ, ორ კურდღელს ერთად ვიჭერ... შემფუთეს ბინტებში..." - "თბილისის კინომემატიანის" მოგონებები

თენგიზ მალანია კინოსამყაროს ბავშვობიდან ეზიარა. 5-6 წლის ბიჭისთვის კინოსტუდიაში ვის აღარ გადაუსვია თავზე ხელი, მათ შორის იყვნენ: მიხეილ ჭიაურელი, დუდუხანა წეროძე, აკაკი ვასაძე და ბევრი სხვაც. ბუნებრივია, მაშინ ვერ ხვდებოდა, რა ლეგენდარულ ადამიანებთან ურთიერთობდა. კინორეჟისორის შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები (15-ზე მეტი), რის გამოც თბილისის კინომემატიანეს ეძახიან.

ბატონი თენგიზი დღესაც აქტიური ადამიანია და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ისევ კინოსაქმეს უნდა მოახმაროს, ამიტომ მონაწილეობს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "კინემატოგრაფი და ტოლერანტობა".

- კინოსგან პირველი ძლიერი შთაბეჭდილება ბებიაჩემის კალთაში მოკალათებულმა და ტელევიზორის შავ-თეთრ ეკრანს მიჯაჭვულმა მივიღე, როცა მიხეილ ჭიაურელის "გიორგი სააკაძე" ვიხილე. ეპიზოდმა, როდესაც აკაკი ხორავა თავისი განუმეორებელი ხმით პაატას მოკვეთილ თავს დასტირის, ჩემზე - 5 წლის ბავშვზე შოკის მომგვრელად იმოქმედა. კინოსტუდიაში არ დავბადებულვარ, მაგრამ ლამის იქ გავიზარდე. დედა - თამარ გორდეზიანი 50 წელი მუშაობდა მულტიპლიკაციური ფილმების სტუდიაში და მას სამსახურში მივყვებოდი ხოლმე. ყოფილ პლეხანოვზე ძველი კინოსტუდია წალკოტივით ლამაზ ადგილზე იყო, მაშინ ქვედა სანაპირო არ არსებობდა და კინოსტუდიის ტერიტორია პირდაპირ მტკვართან ჩადიოდა. ეზოში იყო საცურაო აუზი, ულამაზესი შადრევანი თევზებით და ა.შ. იქ როცა ვიყავი, ხან ვინ გადამისვამდა თავზე ხელს და ხან - ვინ. მერე აღმოჩნდებოდა, რომ თურმე მიხეილ ჭიაურელია ან დუდუხანა წეროძე, ან სპარტაკ ბაღაშვილი... რომელი ერთი!..

ჩვენ ვორონცოვზე, კინოთეატრ "ნაკადულის" მიმდებარე ქუჩაზე ვცხოვრობდით. იქვე ახლოსაა მოდელების პრესტიჟული სახლი, რომლის მობინადრეები ცნობილი მსახიობები იყვნენ. კახი კავსაძე მეორე სართულზე ცხოვრობდა, ამავე სართულზე საბავშვო ბაღი იყო, სადაც მე დავდიოდი. უცნაური და უნიკალური შენობაა. ბევრმა თბილისელმა არ იცის და ქვემოდან არ ჩანს, რომ მეორე სართულზე დიდი ეზოა და იქ იყო ბაღი. ჩემი პედაგოგები იტყოდნენ ხოლმე, - აი, კახი გამოვიდაო. 3-4 წლის ბავშვს, მეც მახსოვს კახი, ლამაზი ბიჭი თეთრ მაისურში. მას ხელში ეჭირა ჩოგბურთის ჩოგანი და კედელთან ვარჯიშობდა...

ვორონცოვზე უხვევდა ტროლეიბუსი #1, რომელიც "დინამო" სტადიონისკენ მიდიოდა და რომ წამოვიზარდე, მაგით ვსარგებლობდი კინოსტუდიაში მისასვლელად. ტროლეიბუსიდან ჩამოვიდოდი და გაჩერებასთან მსახიობები, კინოსტუდიის თანამშრომლები იდგნენ. ვისაც ხშირად ვხედავდი, იმათ ვესალმებოდი, ისინიც მესალმებოდნენ და ძალიან ბედნიერი ვიყავი. სალამი თბილისში წესი იყო, უცნობი ხალხიც ესალმებოდა ერთმანეთს.

მხოლოდ კინორეჟისორობა

- თენგიზ აბულაძე დედაჩემის თანაკლასელი იყო. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა გავიცანი. დედას მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ კინორეჟისორობა მინდოდა. ბატონი თენგიზი შემთხვევით შემხვდა ქუჩაში, ვორონცოვის მიდამოებთან და ასე ვთქვათ, გზა დამილოცა. აი, ასეთი ბედნიერი ბავშვობა მქონდა. დედას რატომღაც არ უნდოდა, რეჟისორი გავმხდარიყავი. ეტყობა, ჩემში პოტენციალს ვერ ხედავდა. არ ვიყავი აქტიური ბავშვი, არ გამოვდიოდი სკოლის ღონისძიებებზე. ცოტა მორიდებული გახლდით, მაგრამ ჩემს თავში რაღაცებს ვგრძნობდი. ის კი არა, ინსტიტუტშიც არ ვაქტიურობდი, როგორც მსახიობი. ლენინგრადში ვსწავლობდი თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე და პედაგოგებს ვეუბნებოდი, რეჟისორი ვარ-მეთქი. თუმცა მოგეხსენებათ, სამსახიობო კურსის გავლაც აუცილებელია. წერა მიყვარდა და კონკურსში ხშირად ვმონაწილეობდი.

ერთხელ საქართველოს ტელევიზიამ კონკურსი გამოაცხადა კინონოველაზე. მეათეკლასელმა ჩემი ნაშრომი გავგზავნე და უამრავ მონაწილეს შორის გამარჯვებულთა სამეულში მოვხვდი. სამივე შტატგარეშე კორესპონდენტად მიგვიღეს ტელევიზიაში. ჩემთან ერთად გაიმარჯვა საოცრად ნიჭიერმა ჯილდა დათუაშვილმა (შემდეგ ცნობილი მომღერალი გახდა), ჩემი ასაკისა იყო. ამ წარმატების შესახებ დაიწერა გაზეთში და ძალიან პოპულარული გავხდი, მით უმეტეს - სკოლაში. 30-ე საშუალო სკოლა დავამთავრე და იმავე წელს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა გაიხსნა ექსპერიმენტული ტელე-კინო-სასცენარო ფაკულტეტი, სადაც 20 კაცი მიგვიღეს, მათ შორის - გურამ პეტრიაშვილი, კობა არაბული, ჯემალ აჯიაშვილი... ჩვენი პედაგოგები იყვნენ: მიხეილ ჭიაურელი, აკაკი ბაქრაძე, ოთარ სეფიაშვილი, ოთარ იოსელიანი, დავით რონდელი, ამირან ჭიჭინაძე. მათი ხელმოწერები ამშვენებს ჩემი ჩათვლის წიგნაკს, რითაც ვამაყობ. რამდენჯერმე მითხრეს, - წიგნაკი მუზეუმში მოგვიტანეო.

პირველად გადასაღებ მოედანზე

- ტელე-კინო-სასცენარო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, როდესაც ტელეფილმების სტუდიამ გამოაცხადა კონკურსი რეჟისორის ასისტენტებზე. კონკურსანტებს შორის გამორჩეული ვიყავი - მაპატიეთ, ასე რომ ვამბობ, უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ, - ფილოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ტელევიზიაშიც მიცნობენ და თან, სასცენარო ფაკულტეტზე ვსწავლობ (კინოსთან ასე თუ ისე, შეხება მაქვს)... ეს ის პერიოდია, როცა "ვგიკი" (კინემატოგრაფიის ინსტიტუტი მოსკოვში) დაამთავრეს და თბილისში სამუშაოდ ჩამოვიდნენ შესანიშნავი რეჟისორები: სოსო ჩხაიძე, ირაკლი კვირიკაძე, ქართლოს ხოტივარი. სწორედ ქართლოსმა ამიყვანა ასისტენტად თავის პირველ ფილმზე "სერენადა". სხვათა შორის, მსახიობებთან სასაუბროდ რომ მივდიოდით, ქართლოსი რეჟისორად წარმადგენდა ხოლმე და სიხარულით ცაში დავფრინავდი. ფილმის სცენარი რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის, მიხეილ ზოშჩენკოს მოთხრობის მიხედვით დაწერა, მაგრამ დავიწყეთ მუშაობა და სულ იმპროვიზაციებს ვდგამდით, ზოშჩენკოსი აღარაფერი დარჩა. შევარჩიეთ რამაზ გიორგობიანი, ბაადურ წულაძე, ლალი ხაბაზიშვილი. გოგონას როლში მსახიობი ლია გუდაძე გვინდოდა, მაგრამ უარი თქვა, შვილი ჰყავდა პატარა. ბევრმა არ იცის, რომ თავიდან ბაადური თამაშობდა იმ როლს, რომელზეც მერე ზოზო ბაქრაძე (ფილმში ავთანდილოვიჩი) დავამტკიცეთ. ფილმის 20% გადავიღეთ, მასალის გასინჯვაზე დავსხედით და ყველანი ვხვდებით, რომ ის არ არის, რაც ჩავიფიქრეთ... ბაადური სხვა როლზე გადავიყვანეთ. სხვათა შორის, ზოზოს მოყვანაში დიდია ჩემი წვლილი. ბაქრაძე მუშაობდა ცენტრალურ ბანკში, განყოფილების გამგედ და იყო კინოს გიჟი! ცოლ-შვილი არ ჰყავდა, სახლში აწყობდა კინოჩვენებებს. ფული არ ენანებოდა და მისი ოთახები გამოტენილი იყო რკინის დიდი კოლოფებით, სადაც კინოფირები ეწყო. საქართველოში ჩარლი ჩაპლინის ფილმები საერთოდ არ არსებობდა და საიდან იშოვა, არ ვიცი...

ქართლოსმა იცოდა ზოზო ბაქრაძის კინოს მიმართ სიყვარულის ამბავი, მაგრამ ისე ახლოს არ იცნობდა, როგორც მე. წავედით ზოზოსთან და აღმოჩნდა, რომ ეს კაცი დაბადებულია კინოსთვის. მერე მან თანამდებობაც დატოვა და მთლიანად კინოში გადაეშვა.

"ფილმს ვერ ვხედავო"

- ფილმ "სერენადას" გადაღების ვადებს ძალიან გადავაცილეთ. არ დამავიწყდება, 20 დღე გადაუღებლად წვიმდა. გადაღებები სულ ღია სივრცეშია დაგეგმილი, არადა, გეგმა - გეგმაა! შავ-თეთრი ფირი მოგვცეს, პირველ ფილმს იღებთო და ფერადი არ გვანდეს. ერთმა თანამდებობის პირმა პირდაპირ გვითხრა, - ფილმს ვერ ვხედავო, და ისიც თქვა, ბევრ დუბლს იღებთო. ქართლოსმა არც აცია, არც აცხელა და უთხრა: ჩემი იდეური მამა, გენიოსი ჩარლი ჩაპლინი 60 დუბლს იღებდა და მე რომ 6 დუბლი გადავიღო, რა მოხდებაო?!. ერთ დღეს ბატონი რეზო და მე სტუდიაში ვართ, ისევ წვიმს. გაბრიაძე მეუბნება: თუ ძმა ხარ, ერთი მითხარი, ამ სასცენაროზე რას გასწავლიან. რამე გააკეთე, ერთი ეპიზოდი მოიფიქრე, რომ ცის ქვეშ არ იყოს გადასაღებიო. ეს ნათქვამი დავალებად მივიღე და მეორე დღესვე მივუტანე მეტროს ეპიზოდი. მოეწონა და დაინიშნა გადაღების დღე. იმ სცენაში გოგო, ბიჭი და ზოზო მონაწილეობენ. ძალიან ცოტა დრო გვქონდა, გოგო მოვიყვანე, ხოლო ბიჭის როლში იძულებული გავხდი, მე ვყოფილიყავი. არადა, ხომ გითხარით, ალერგია მაქვს მსახიობობაზე. ის გოგო მომწონდა და თან "შებმა" მინდოდა (იცინის), 20 წლის ბიჭი ვარ, ორ კურდღელს ერთად ვიჭერ... მოკლედ, შემფუთეს ბინტებში - "ნაცემი" ვარ, "ფინგალიც" მადევს, ჩავედით მარჯანიშვილის მეტროსადგურში და ბედად, 1-2 ნაცნობიც შემხვდა ესკალატორზე: თენგო, რა მოგივიდა, ვინ გცემაო? კამერა ვერ შეამჩნიეს. ამ გადაღებიდან მესამე დღეს ქართლოსი მხვდება სამსახურში, - იცი, რა კარგი ხარ იმ სცენაშიო?! ვიფიქრე, მაშაყირებს-მეთქი, იმდენად არ მჯეროდა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა.

ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში 1969 წელს მოკლემეტრაჟიანი და სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, სადაც საბჭოთა კავშირიდან ერთადერთი ჩვენი ფილმი "სერენადა" წაიღეს, რომელსაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად, პრემია და ვერცხლის პრიზი მიენიჭა. ყველა პროფესიონალი აღფრთოვანებული იყო გმირების არასაბჭოური სახეებით.

გამოცდილება

- ლენინგრადში დავამთავრე ინსტიტუტი, ჩამოვედი თბილისში და, ერთ დღეს კულტურის მინისტრის მოადგილე, აკაკი დვალიშვილი მიბარებს: კინემატოგრაფიის კომიტეტში მთავარ რედაქტორად აკაკი ბაქრაძე დაინიშნა და მან გვირჩია - თენგიზი შეძლებს უხელმძღვანელოს მიმართულებას, რომლის მიზანიც იქნება კინოფესტივალებისა და კინოჩვენებების მოწყობა, გვინდა ორგანიზატორი იყოო. მონდომებით შევუდექი საქმეს. ერთს გავიხსენებ - გრანდიოზული დელეგაცია ჩამოვიყვანე, რომელსაც ცნობილი ფრანგი კინორეჟისორი ფილიპ დე ბროკა ხელმძღვანელობდა. ფოტოებზე ჩანს, რომ თბილისში კინოთეატრ "რუსთაველის" სცენაზე ერთად დგანან: ფილიპ დე ბროკა, თენგიზ მალანია და კინოს ვარსკვლავები... ამ ხალხს რომ ვიხსენებ, ახლაც მაჟრიალებს. მოსკოვიდან საქართველოში ფრანგული დელეგაციის ჩამოსასვლელად პირადი კონტაქტები გამოვიყენე, "ჩაწყობა" დამჭირდა, რადგან ფრანგები საბჭოთა კავშირის არც ერთ სხვა რესპუბლიკაში არ ყოფილან. ფესტივალს სპეციალური ორგანო კურირებდა. ისინი დავარწმუნე, რომ ჩვენთან არაჩვეულებრივი დახვედრა და მასპინძლობა ექნებოდათ. 7 წელი ვუძღვებოდი ამ საქმეს და არაერთი ღონისძიება მომიწყვია.

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"