"თალიბანი" ქაბულს სულ უფრო უახლოვდება... ავღანეთის მთავრობიდან მინისტრები გარბიან" - რას წერს მსოფლიო მედია ავღანეთში არსებულ სიტუაციაზე - კვირის პალიტრა

"თალიბანი" ქაბულს სულ უფრო უახლოვდება... ავღანეთის მთავრობიდან მინისტრები გარბიან" - რას წერს მსოფლიო მედია ავღანეთში არსებულ სიტუაციაზე

უცხოური მასმედია საერთაშორისო მოვლენებიდან ყურადღებას განსაკუთრებულად ავღანეთში შექმნილ სიტუაციას უთმობს. როგორც ცნობილია, ამ ქვეყნიდან აშშ-ისა და ნატოს ძალების გაყვანის შემდეგ ავღანეთის მთავრობას ცუდი დღეები დაუდგა: ხელისუფლების მოწინააღმდეგე თალიბები ზედიზედ იკავებენ რეგიონებს და ქალაქებს, ამერიკელების მიერ გაწრთვნილი სამთავრობო ქვედანაყოფები თალიბებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევენ და, შესაბამისად, ქაბულის ირგვლივ ალყა ვიწროვდება...

ავღანეთის მთავრობიდან მინისტრები გარბიან...

როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის "ბი-ბი-სის" რუსული სამსახურის (BBC Russian) მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული (სათაური "თალიბანი ქაბულს სულ უფრო უახლოვდება"), მათ ხელში აქვთ ჩაგდებული ქვეყნის ტერიტორიის თითქმის ნახევარი, იკავებენ მნიშვნელოვანი რეგიონების მთავარ ქალაქებს - გერათს, ღაზნს, ფაიზაბადს, ლაშგარკახს... ფრონტი თანდათან დედაქალაქს უახლოვდება. ამერიკელ სპეციალისტთა შეფასებით, ქაბული შეიძლება ერთ თვეში დაეცეს. წითელი ჯვრის მონაცემებით, ინტენსიური ბრძოლა მიდის თალიბების მიერ სამხრეთ ავღანეთში მდებარე ქვეყნის მეორე დიდი ქალაქის - ყანდაარის დასაუფლებლად.

ავღანეთის მთავრობაში კრიზისია. თანამდებობიდან წავიდა სამთავრობო არმიის სარდალი, გენერალი ვალი მოჰამად აჰმადზაი. პოსტებს მინისტრებიც ტოვებენ, მაგალითად, გადადგა ფინანსთა მინისტრი ჰალიდ პაიენდა. მისი განცხადებით, მუშაობას აზრი აღარ აქვს, რადგან თალიბებმა საზღვრებზე ყველა საბაჟო ხელში ჩაიგდეს, ბიუჯეტი დაკარგულია", - ნათქვამია პუბლიკაციაში (წყარო).

მშვიდობიანი მოსახლეობა უროსა და გრდემლს შორის...

როგორც გერმანული რადიოსადგურის - "დოიჩე ველეს" (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რეპორტაჟშია აღნიშნული (სათაურით "ავღანეთი: რას ამბობს თალიბების მიერ დაკავებული პროვინციების მოსახლეობა"), ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც იტყვიან, "უროსა და გრდემლს შორის" აღმოჩნდა - ისლამისტებსა და ავღანეთის სამთავრობო არმიას შორის. ბევრი ავღანელი დასავლეთს იმაში ადანაშაულებს, რომ მათ ქვეყანა ბედის ანაბარა მიატოვეს. ათასობით ლტოლვილი უსახლკაროდ დარჩა, მათზე არავინ ზრუნავს.

"კუნდუზში სიტუაცია აუტანელია. თალიბებმა ქალაქი ხელში ჩაიგდეს და ყველა სახელისუფლო შენობას აკონტროლებენ", - უყვება "დოიჩე ველეს" ადგილობრივი მცხოვრები მაჰრაბუდინ ჰაკიმი, - "სამთავრობო ჯარებთან ბრძოლების გამო ბაზარი, მაღაზიები და სახლები ნაწილობრივ დანგრეულია. ზოგიერთი საავადმყოფო მუშაობს, მაგრამ ისინი დაჭრილებით არის გადავსებული. მოსახლეობის ნაწილი გაიქცა, ქუჩები დაცარიელებულია".

"თალიბები ადგილობრივ მოსახლეობას "ცოცხალ ფარებად" იყენებენ", - ეუბნება "დოიჩე ველეს" ნირია ჰოტაკი, ნიმროზის პროვინციიდან, - "ისინი სახლებში შედიან და მთავრობის მომხრეებს დაეძებენ, იმავდროულად, ყველაფერი თან მიაქვთ, საჭმელიც კი". მისი მტკიცებით, სამთავრობო ჯარებმა უბრძოლველად დათმეს ქალაქი ზარანჯი, ნიმროზის პროვინციის ცენტრი, რომელიც ირანს ესაზღვრება: "ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა ხალხი მიატოვეს და თვითონ ირანში გაიქცნენ. რიგით ადამიანებს ასეთი შესაძლებლობა არ აქვთ, ისინი თალიბების ხელში აღმოჩნდნენ".

ვინ არის პასუხისმგებელი? - აშშ და ნატო! "თალიბები მშვიდობიან მოსახლეობას რეპრესიებით ემუქრებიან, ყველა შეშინებულია. პოლიტიკოსთა შეცდომების გამო საფასურს, როგორც ყოველთვის, რიგითი ადამიანები იხდიან, უკვე მერამდენედ", - ამბობს რადიოს კორესპონდენტთან საუბარში ხალიმა ქარიმი, რომელიც ჩრდილოავღანური პროვინცია ჯაუზჯანიდან არის გამოქცეული. "ჩვენ ბევრჯერ შევატყობინეთ ქვეყნის მთავრობას და დასავლეთის ქვეყნებს, რომ ჩვენი პროვინციის უსაფრთხოება დაეცვათ, მაგრამ - ამაოდ... პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს ავღანეთში ხდება საერთაშორისო საზოგადოებას [ანუ აშშ-სა და მის ნატოელ მოკავშირეებს] ეკისრებათ: სწორედ მათ მიანიჭეს თალიბებს ლიგიტიმურობა და მათთან ხელშეკრულება გააფორმეს. ახლა კი, როცა "თალიბანი" სამხედრო დანაშაულობებს სჩადის, დასავლეთი მას არც კი გმობს".

შეძლებს თუ არა ავღანეთის არმია ქაბულის დაცვას?

ქაბულელი სამხედრო ექსპერტი ასდულა ნადიმი "დოიჩე ველესთან" საუბარში პროგნოზირებს, რომ თუ სიტუაცია ქვეყანაში არ შეიცვლება, თალიბები ქაბულს ორიოდე თვეში დაეუფლებიან. ჯერჯერობით მათი ყურადღება პროვინციებზეა გადატანილი. ქაბულზე შეტევა დასავლეთის ჯარებისადმი ღია კონფრონტაციას ნიშნავს - დედაქალაქში ჯერ კიდევ არიან აშშ-ისა და ნატოს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები".

როგორც ამერიკული მასმედია იტყობინება, პენტაგონმა ერთი კვირის წინ ავღანეთში დამატებითი ავიაცია გაგზავნა - B-52 ბომბდამშენები, გამანადგურებლები, ვერტმფრენები, სამთავრობო არმიის დასახმარებლად. თავის მხრივ, "თალიბანმა" ვაშინგტონის ეს ნაბიჯი იმ შეთანხმების დარღვევად ჩათვალა, რომელსაც ხელი 2020 წელს მოეწერა.

"დღეს ავღანური არმია პოლიტიკურ და მმართველობით კრიზისშია. მას არ ყოფნის ნატოს საავიაციო მხარდაჭერა", - თვლის ასდულა ნადიმი, - "როგორც ჩანს, ავღანეთის კონფლიქტში დასავლეთი უკვე აღარ ჩაერევა".

ექსპერტის თქმით, "ვერ ვიტყვით, რომ დასავლეთმა ავღანეთი სრულიად მიატოვა: სამხედრო დახმარება და დაფინანსება ისევ გრძელდება, მაგრამ მთავრობა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, განსაკუთრებით, ქვეყნის მართვის საკითხში".

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ ქალს - გულ აფროზ იბთექარს იმედი აქვს, რომ ავღანეთის არმია თალიბებს, საბოლოო ჯამში, გაუმკლავდება: "საერთაშორისო ძალების გაყვანამ, რა თქმა უნდა, ცუდად იმოქმედა უსაფთხოებაზე, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ქაბულს არ დათმობენ", - ამბობს იგი და სიტუაციას 1990-იანი წლების დასაწყისს ადარებს, როცა მოჯაჰედებმა ქვეყნის ხელში ჩაგდება შეძლეს, მაგრამ იმ დროს [ნაჯიბულას] მთავრობას საერთაშორისო მხარდაჭერა არ ჰქონდა, დღეს კი პირიქითაა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ