"სომხეთი აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მზადაა და კონკრეტულ წინადადებებს ელოდება"
"სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში როგორც მაღალ, ასევე უმაღლეს დონეზე ჩაერთოს და ამ მიმართულებით კონკრეტულ წინადადებებს ელოდება", - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გამოსავალი იპოვოს.
"ხალხისგან მიღებული მანდატი სომხეთისთვის, მთიანი ყარაბაღისა და რეგიონისთვის მშვიდობიანი განვითარების ეპოქის გახსნაზე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს მთავრობას. ამ საკითხის გადასაჭრელად ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად აქტიური და მოქნილი. ჩვენი განწყობა უნდა იყოს შემდეგი - მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ", - განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, სომხეთის პოზიცია საზღვრის დემარკაციასა და დელიმიტაციასთან დაკავშირებით უცვლელია და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააქტიურდეს.