"ოცნება" და "ნაცმოძრაობა" მოძებნიან მიზეზს, რომ 2%-იან ბარიერთან დაკავშირებული ცვლილება არ მიიღონ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები არჩევნებამდე არ მიიღეს, მას არც შემდეგ მიიღებენ"
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი", პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
- ბატონო ვახტანგ, ქვეყანაში პანდემიის მძვინვარების სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ სამედიცინო სფეროს უჭირს კოვიდვითარების მართვა. რატომაა ასე სხვადასხვა მიზეზები სახელდება, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ პანდემიასთან ბრძოლა აშკარად პოლიტიკის მძევალია.
თქვენ როგორ შეაფასებდით, იმას, რაც ჩვენში გაუარესებულ კოვიდვითარებას უკავშირდება?
- სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ქვეყანაში მძიმე ვითარებაა შექმნილი და როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ასევე ჩვენდა სამწუხაროდ, ვითარების სტაბილიზაციის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.
ჩემი აზრით, შექმნილ ვითარებაში უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუმცა, თუ ბოლომდე პრინციპული და ობიექტური ვიქნებით უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში შეზღუდვების ერთბაშად მოხსნამ ავნო ამ პროცესს
ზოგადად, არც ერთი ამნისტიის წინააღმდეგი არ ვარ, მათ შორის ჯარიმების გაუქმების, მაგრამ როდესაც პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯი გადადგა, ფაქტია, რომ იგი აშკარად ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო.
გასაგებია, რომ შესაძლოა ეს წინასაარჩევნოდ გაცემული დივიდენდი იყო, მაგრამ შეზღუდვები უამრავმა ადამიანმა დაარღვია, ბევრმა კანონდამრღვევმა გადაიხადა ჯარიმა, ნაწილმა კი არ გადაიხადა. ხელისუფლებამ ჯარიმების გაუქმებით სწორედ ისინი წაახალისა, ვინც ჯარიმები არ გადაიხადა და სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.
ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მითუმეტეს გვქონდა მაგალითი, როცა შარშან ანალოგიურ პერიოდში შეზღუდვების დროულად არდაწესებამ პრაქტიკულად კოვიდის გავრცელების ახალი ტალღა გამოიწვია.
- ბევრი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ აცრებთან დაკავშირებით არასწორი იყო ქვეყნის ლიდერშიფის საქციელი. იგულისხმება ის, რომ სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ პირველები აცრილებს შორის... მათ შორის პრემიერი ღარიბაშვილი...
- პრემიერმა თავისი გადაწყვეტილება განმარტა იმით, რომ მას ჰქონდა კოვიდი, მოიხადა და გარკვეული დრო უნდა გასულიყო იმისათვის, რომ იგი ვაქცინით აცრილიყო.
ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პირველ რიგში ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა გამოეხატათ ვაქცინაციის არა მარტო სურვილი, არამედ ვაქცინაცია ისე ჩაეტარებინათ, რომ სხვებისთვის ყოფილიყო მაგალითი.
არ შეიძლებოდა პროცესის ასე მიშვება, რადგან ახლა გაურკვეველია ეს პროცესი მომავალში როგორ განვითარდება. ახლა არსებულ ვითარებაში მოლოდინი უფროა იმის, რომ კოვიდვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. კოვიდვითარება რომ დღეს არაპროგნოზირებადია, ამაზე პასუსხიმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება.
- რა გავლენა შეიძლება იქონიოს მოახლოებულ არჩევნებში მმართველი გუნდის შედეგებზე კოვიდვითარების აშკარად წარუმატებელმა მართვამ?
- სამწუხაროდ, რატომღაც საზოგადოება, ვგულისხმობ მოსახლეობის ძალიან ფართო ფენებს, ჯერ კოვიდვითარების საფრთხეებს ვერ აღიქვამს. იყო პერიოდი, როცა ყველას ეშინოდა, მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა, თითქოს ყველაფერი სხვაგან ხდება და მოსახლეობა ამაზე არ რეაგირებს.
ვითარება შესაძლოა იმდენად დამძიმდეს. იმედი მაქვს, საზოგადოება ამას გააცნობიერებს და ამაზე ექნება რეაქცია. დარწმუნებული ვარ, რეაქცია იქნება, მაგრამ მთავარია საზოგადოების რეაქცია ძალიან დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.
ამაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ჯერჯერობით არ ჩანს, რომ საზოგადოება სერიოზულად აღიქვამს იმას, რომ კოვიდვითარების მართვაში ხელისუფლებას პრობლემები აქვს. და რადგან ასეა, ჯერ არც ის ჩანს, რომ ეს არჩევნებზე ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმუშავებს.
- არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?
- მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი ქვეყანაში საკმაოდ გაუგებარი ვითარებაა. ხელისუფლება თავის გზას მიჰყვება, მას აქვს მოქმედებისათვის მექანიზმები, ჰყავს სახელისუფლებო ვერტიკალი, აქვს რესურსები როგორც სახელისუფლებო ისე პარტიული და ასე შემდეგ. ხელისუფლება აკეთებს არჩევნებისთვის იმის მაქსიმუმს, რაც შეუძლია. ატარებს შეხვედრებს, იძლევა დაპირებებს, წარადგენს კანდიდატებს და ასე შემდეგ.
არჩევნებისთვის მზადების თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუგებარია რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე. არ ჩანს, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება. ვხედავთ, რომ ოპოზიციის ლიდერები მხოლოდ განცხადებებს აკეთებენ არჩევნებში მონაწილეობაზე. მაგრამ, სად და როგორ, არ ჩანს. არჩევნებამდე თვენახევარი დარჩა და ოპოზიციის არც ერთ გუნდს არც თბილისში და არც რეგიონებში დეპუტატობის კანდიდატები არ დაუსახელებია.
ჯერჯერობით ვიცით, რომ "ნაცმოძრაობა", "ევროპული საქართველო", "გირჩი- მეტი თავისუფლება" და "დროა" შეთანხმდნენ ერთიანი ძალებით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. თუ სწორად მივხდი, მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით მიიღეს საერთო გადაწყვეტილებები. თქვენს, რომ ალბათ კვირას დაასახელებენ კანდიდატებს. კი ბატონო, მაგრამ როდის უნდა მოასწროს ამ ხალხმა საარჩევნო კამპანიების წარმართვა არ ვიცი.
ახლა ვითარება როგორია, აგვისტოში თბილისში მკვდარი პოლიტიკური სეზონია. ვხედავთ, რომ ოპოზიცია ჯერ არც თბილისში აქტიურობს. რაიონებში დილის საათებში არავის სცალია, შუადღისას ისეთი სიცხეა, რომ შეხვედრების დანიშვნას აზრი არ აქვს. რეგიონებსა და სოფლებში ერთი სერიოზული შეხვედრის ჩატარებაც კი პრობლემატურია. ამიტომ ვამბობ, არ ვიცი, როდის უნდა შეძლონ მათ შეხვედრების ორგანიზება.
სხვა საკითხია თუ რა სალაპარაკო შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას ხალხთან შეხვედრებზე. ჯერჯერობით რასაც ვისმენთ ისაა, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს გააყალბებს.
სხვა საკითხია, რამდენად რეალურია მმართველი გუნდის დაპირებები, მაგრამ ვხედავთ, რომ მათ მიერ დაწყებულ შეხვედრებზე ისინი საუბრობენ გზებისა და პარკების მშენებლობაზე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. იმაზე, თუ რამდენი ფული დაიხარჯება ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში.
რასაც ვადევნებთ თვალს, არა ვარ დარწმუნებული, "ქართული ოცნების" შეხვედრებში უბრალო ამომრჩევლები მონაწილეობდნენ, ძირითადად ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლები უფრო არიან, მაგრამ ისინი ამას მაინც აკეთებენ. ოპოზიცია ჯერჯერობით, ამასაც არ აკეთებს.
- თუ სწორად მივხდი, არჩევნებში პასიურობა ეხება არა მარტო "ნაცმოძრაობას", არამედ "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩს", "მოქალაქეებს", ასეა...
- დიახ, ყველას ეხება, მთელ ოპოზიციას. შესაძლოა ცოტა გამონაკლისი იყოს გახარია, მაგრამ იმას სხვა პრობლემა აქვს და ალბათ ამიტომაც არის გამონაკლისი, მისი პარტია ახლადადაფუძნებულია, არჩევნებისთვის ასე აუცილებელ პარტიულ სტრუქტურებს აყალიბებს რეგიონებში და ამიტომაც ჩანს სწორედ რეგიონებში მისი აქტიურობა.
საარჩევნოდ ოპოზიციის პასიურობაში უცნაური ისაა, რომ ოპოზიცია არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმით საუბრობს 2 ოქტომბრის არჩევნებზე. იმედი მაქვს, ამგვარი ვითარება მალე შეიცვლება, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნებამდე დრო საკმაოდ ცოტაა დარჩენილი. გააგრძელეთ კითხვა