"თუ არ ვიცრებით, გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასვლა, თქვენი ან დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის"
"იქ, სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებები გვაქვს, მოსახლეობის აცრა ისეთი ვაქცინით უნდა მოხდეს, რომელთა დოზებს შორის არის მაქსიმალურად მოკლე ინტერვალი, ამ შემთხვევაში ასეთი გვაქვს "სინოვაკის" ვაქცინა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, მოკლე დროში მოსახლეობის დიდი რაოდენობის აცრა, არის ეპიდემიის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ძალა.
"ზოგადად სტრატეგია ინფექციის შეკავების, განსხვავებით შარშანდელი წლისგან წელს რამოდენიმე მთავარ მიმართულებაზე დაიყვანება, ერთ-ერთი იარაღია ვაქცინა, ამიტომ ვაქცინაციის ინტენსიფიცირება და სწრაფად მოკლე დროში მოსახლეობის დიდი რაოდენობის აცრა არის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ძალა. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინებს პირველ და მეორე დოზას შორის შუალედი აქვთ სხვადასხვა, ამიტომ დღეს ერთ-ერთი რეკომენდაცია გვაქვს ასეთი - იქ სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებები გვაქვს სწრაფად მოხდეს მოსახლეობის აცრა მაქსიმალურად მოკლევადიანი ვაქცინით, ამ შემთხვევაში "სინოვაკის" მარაგი არის, რათა ქვეყანაში სწრაფად მივიღოთ საკმარისი იმუნური ფენა", - განაცხადა გამყრელიძემ.
სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციით საკოორდინაციო საბჭოს უკვე მიმართა და ამ თემაზე საბჭო კიდევ იმსჯელებს.
"სანამ არ ავცილდებით 10%-ს, მანამდე ჯერჯერობით დავუშვებთ, რომ ერთჯერადად აცრილი ადამიანიც დაშვებული იყოს დახურულ ტიპის შენობაში ყოველგვარი სხვა დამატებითი ღონისძიების გარეშე. ან თუ ის აცრილი არ არის, ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გაკეთებული და უარყოფითი PCR ტესტი ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი. ეს საკითხი დღეს ჩვენ დავაყენეთ და საბჭო ამაზე კიდევ იმსჯელებს.
ამავე დროს ხაზი მინდა გავუსვა 24-საათიანი და 72-საათიანი PCR და ანტიგენი აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ წუთისთვის 184 ამცრელი სამედიცინო პუნქტი გვაქვს 354 ბრიგადით, ამიტომ მოსახლეობას უმორჩილესად ვთხოვ, აქტიურად მიმართონ ყველა დაწესებულებას და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, - მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით კიდევ არაერთი ამცრელი სამედიცინო ცენტრი გაიხსნება.
"დღეს ძალიან კარგი და დიდი ამცრელი ცენტრი მცხეთაში გაიხსნა. ხვალ სერიოზული ამცრელი ცენტრი მუშაობას დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსში. ის რომელიც 10 ბრიგადით არის დაკომპლექტებული. ასეთივე ამცრელი ცენტრები გაჩნდება რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან, საუნივერსიტეტო სივრცეში. ასეთი იქნება ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის უნივერსიტეტთან და სხვა ადგილებშიც, რათა ადამიანებმა ყოველგვარი წინასწარი ჩაწერის გარეშე შეძლონ მისვლა და აცრის გაკეთება. დღევანდელი მონაცემებით, დღეს ვაქცინირებული ადამიანების 15% წინასწარი დაჯავშნის გარეშე აიცრა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმთ, მესამე დღეა, რაც "ფაიზერის" მეორე დოზის სარეგისტრაციო ბმული გაიხსნა და ჯამში, როგორც პირველ, ისე მეორე დოზაზე, 170 000-მდე ადამიანი არის ჩაწერილი. მისი ცნობით, აღნიშნული ჯავშანი "ფაიზერის" ვაქცინაზე 15 სექტემბრამდე იქნება გახსნილი. მან აღნიშნა, რომ ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.