"დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, აუცილებელია, ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს"
დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, აუცილებელია, ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს - ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა, მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ერთობაშია.
"დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც ემუქრება მოსახლეობას, მაშასადამე სახელმწიფოს, რომელმაც ჩვენი 6278 მოქალაქე უკვე იმსხვერპლა. ნუთუ ეს ამ მცირერიცხოვანი ერისთვის არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს?
დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებია, თუნდაც, არ იყოს საომარ ველზე. ჩვენ ნამდვილ ბრძოლაში ვიმყოფებით ამ ბრძოლაში, როგორც 900 წლის წინ, უნდა ვიყოთ წინდახედულნი, გამბედავნი და ერთად შეკრულნი. სამწუხაროა, რომ ეს საკითხიც კი გახდა ნიშნის მოგების, პოლიტიზირების, ერის დაპირისპირების საგანი. სრულიად მიუღებელია, რომ გარედან, კომფორტში მყოფი ზოგი ვითომ პოლიტიკოსი ბედავს და ცილსწამებს, შეურაცხყოფას აყენებს იმ მედიცინის სამყაროს თავდადებულ პიროვენებებს, რომლებმაც გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, წელიწადნახევარზე მეტია მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას. დღეს ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი პროფესიონალები. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა. აქაც, როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაშე, მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის. ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა. მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც, აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების არჩევანის და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა. დღესაც დგას, თუმცა, დღეს, კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება. ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი. ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა, მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ. ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებლები“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.
"ინტერპრესნიუსი"