"ეს შეურაცხმყოფელია... ირანმა რუსეთის ელჩს განმარტებები მოსთხოვა" - ფოტო, რომელმაც თეირანსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია - კვირის პალიტრა

"ეს შეურაცხმყოფელია... ირანმა რუსეთის ელჩს განმარტებები მოსთხოვა" - ფოტო, რომელმაც თეირანსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია

ყატარის ტელეარხმა "ალ ჯაზირამ" (Al Jazeera) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა მასალა სათაურით - "ფოტო შეურაცხმყოფელია...": ირანმა რუსეთის ელჩს განმარტებები მოსთხოვა", რომელშიც გაშუქებულია თეირანსა და მოსკოვს შორის 11 აგვისტოს მომხდარი დიპლომატიური ინციდენტი.

საქმე ის არის, რომ თეირანში რუსეთის საელჩოს მიერ "ტვიტერში" დადებულმა ფოტოსურათმა ირანის ოფიციალურ წრეებში მწვავე ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ელჩი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, ხოლო პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთს მკაცრი დიპლომატიური პასუხი უნდა გაეცეს.

მაინც რა მოხდა თეირანში, ნოფლე-შატოს ქუჩაზე მდებარე რუსეთის საელჩოში ისეთი, რამაც ირანის დიპლომატიური უწყება და საკანონმდებლო ორგანო გააბრაზა?

როგორც "ალ ჯაზირას" არაბული მაუწყებლობის ვებგვერდზეა აღნიშნული, გუშინწინ, 11 აგვისტოს, რუსეთის ელჩმა ლევან ჯაგარიანმა გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომელშიც მოსკოველი დიპლომატი თავის ბრიტანელ კოლეგასთან - საიმონ შეკლიფთან ერთად არის გადაღებული, სავარძლებში მსხდომნი, საელჩოს შენობის კიბეებზე.

როგორც ჩანს, ფოტოსურათმა ირანის მხარეს ანალოგიური სურათი გაახსენა - თეირანში 1943 წელს ჩატარებული კონფერენციის დროს იმავე საელჩოს იმავე ადგილზე გადაღებულნი არიან საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი, ამერიკელი ფრანკლინ რუზველტი და ბრიტანელი უინსტონ ჩერჩილი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა რუსეთის ელჩის მიერ "ტვიტერში" სურათის დადება უადგილოდ მიიჩნია და ამასთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერი გააკეთა: "მე უკიდურესად უადგილო ფოტოსურათი დავინახე. განა ვინმეს სჭირდება იმის შეხსენება, რომ 2021 წლის აგვისტო - ეს არც 1941 წლის აგვისტოა და არც 1943 წლის დეკემბერი? ირანელმა ხალხმა აჩვენა, მათ შორის - ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკების დროსაც, რომ ირანის ბედი არასოდეს (ხაზგასმულია!) იქნება დამოკიდებული არც უცხოელ სახელმწიფოებისა და არც მათი საელჩოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე".

(აქვე ვიტყვი, რომ 80 წლის წინათ, 1941 წლის აგვისტოში დაიწყო საბჭოთა კავშირ-ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანის მიმართ კოდური სახელით - "თანხმობა", რომლის მიხედვით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (ფრონტის) ჯარებმა დაიკავეს ირანის ჩრდილოეთი ნაწილი - აღმოსავლეთი და დასავლეთი აზერბაიჯანის, არდებილის, გილიანის, ხორასანის პროვინციები, ხოლო ბრიტანეთის ჯარებმა - ირანის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის - ხუზისტანის, ბუშირის, ფარსის და ორმოზგანის პროვინციები. ეს მოხდა ირანის პროგერმანული პოლიტიკის განეიტრალების მიზნით - ს.კ.).

რუსეთის დიპლომატიურ მისიაში განაცხადეს, რომ "ტვიტერში" გამოქვეყნებული ფოტო რამე ანტიირანულ კონტექსტს არ შეიცავს და რომ საელჩოს არ ჰქონდა განზრახული "მეგობარი" ირანელი ხალხის გრძნობების შეურაცხყოფა. ფოტოსურათის ერთადერთი დანიშნულება ის იყო, რომ პატივი მიგებოდა მოკავშირეთა ერთობლივ ძალისხმევას ნაციზმის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის წლებში.

ცნობისათვის: ლევან ჯაგარიანი თბილისში 1957 წელსაა დაბადებული და ქართული ენა მშვენივრად იცის - ს.კ.

მოამზადა სიმონ კილაძემ