"მითიურ ალერგიებს იშველიებენ. არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ის ექიმები, ვინც ჩაწერენ, რომ..." - კვირის პალიტრა

"მითიურ ალერგიებს იშველიებენ. არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ის ექიმები, ვინც ჩაწერენ, რომ..."

"არსებული ვაქცინაციის ტემპით კმაყოფილი ვართ. ეს არის 25 000-26 000 ყოველდღიური აცრა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სისტემას უკვე შეუძლია გაატაროს 30 000-ზე მეტი.

"სამწუხაროდ, 15 რიცხვის შემდეგ ვაქცინაზე ჯავშნების რიცხვი ოდნავ მცირდება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ახალი დიდი სივრცეები და ჯავშნის გარეშე აქცის მსურველთა რაოდენობა ამას შეავსებს. თუ ჩვენ ამ ტემპით განვაგრძნობთ სვლას, იმედი მაქვს, რომ სექტემბერში ჩვენ პირველ იმუნურ ფენას შევქმნით, რათა სიკვდილიანობა საგრძნობლად შევამციროთ", - აღნიშნა იმნაძემ.

პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია პატიმრების ვაქცინაციის მოცვით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ დღევანდელ ვებინარზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს ეხებათ, როგორც პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ასევე პატიმრებს.

"შემიძლია ვთქვა, რომ ამ სისტემაში ყველაზე მეტი აცრილია. ექიმებს შეიძლება შევადაროთ, დღეს ექიმების 64%-ზე მეტია აცრილი და პენიტენციურ სისტემაში დაახლოებით ერთნაირია მოცვა. საუბარია, როგორც თანამშრომლებზე, ასევე პატიმრებზე. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციაში, ჯარში ძალიან კარგია მოცვა. სამწუხაროდ, სხვა სისტემებზე ვერ მოგახსენებთ. ექიმებში საკმაოდ მაღალია მოცვა, მაგრამ გამიხარდებოდა ეს მაჩვენებელი 100% რომ იყოს. იგივეს ვერ ვიტყვი ჩემს კოლეგებზე, ექთნებზე, სადაც საკმაოდ დაბალია მოცვა, განსაკუთრებით დამხმარე სამედიცინო პერსონალზე, რომელშიც კიდევ უფრო დაბალია მოცვა", - განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების ცალკეული შემთხვევები, მაგრამ "სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია", რადგან ვაქცინაციის ტემპიც გააქტიურებულია.

პაატა იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას, ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მისცა, ჩანაწერი გააკეთებინოს, რა მიზეზით ეუბნება უარს.

როგორც მან ვებინარზე განაცხადა, არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ის ექიმები, ვინც ჩაწერენ, რომ მოქალაქეს აცრაზე უარს ბავშვობაში გადატანილი "ჭინჭრის ციების" გამო ეუბნებიან. აღნიშნულით ის გამოეხმაურა შემთხვევას, როდესაც მოქალაქეებს აცრაზე უარს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, ალერგიის გამო ეუბნებიან.

"ჩემთვის ნამდვილად ძალიან მძიმე კითხვაა. იცით, დიდი ხანია, აღარ ვარ კლინიცისტი, მე ამას ვუდგები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრიდან, თუ ვაქცინას არ უწერია კონკრეტული უკუჩვენება ინსტრუქციაში, ყველა დანარჩენი ადამიანისთვის, ეს ვაქცინა აბსოლუტურად მისაღებია. არ არსებობს უკუჩვენება, რასაც ჰქვია ალერგია. ბიძინა კულუმბეგოვმა თითქმის ყველა ექიმს ჩაუტარა ტრენინგი და კიდევ რაღაც მითიურ ალერგიებს იშველიებენ.

მინდა, მოსახლეობას მივამართო, ექიმმა ჩაუწეროს პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით. მოითხოვეთ, რომ ექიმმა ეს ჩანაწერი გააკეთოს. დამერწმუნეთ, რომ შემდეგ ამას აღარ იტყვიან. ამით თავის არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ისინი, ვინც ჩაწერენ, რომ ბავშვობაში ჰქონდა "ჭინჭრის ციება", ამიტომ ეუბნებიან უარს აცრაზე",- აღნიშნავს იმნაძე.