"ინფიცირებულები ნუ დადიხართ ქუჩა-ქუჩა. დაეტიეთ სახლში! იმ დღეს ვიტირე, რადგან ვხედავ, ექიმები ვეღარ დაგეხმარებით!"
"სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი" - ასე გგონიათ ხომ? ეს ყველას ტკივილი და მწუხარებაა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უმორჩილესად გთხოვთ, ინფიცირებული პაციენტები ნუ დადიხართ ქუჩა-ქუჩა. დაეტიეთ სახლში! უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია მედპერსონალი, ვეღარ შეძლებენ თქვენს დახმარებას. ახლა გულგრილობის დროა? ახლა დროსტარების დროა? რას ფიქრობთ, რას? ყველაფერი ისევ ჩვენს ხელშია... დღეს ვიტირე, უნებლიედ ვიტირე, ვხედავ, რომ ვეღარ შევძლებთ თქვენს დახმარებას! თითოეული თქენთაგანი უძვირფასესია! სიცოცხლემ უნდა აჯობოს ამ ჯოჯოხეთს! გთხოვთ, დაიცავით რეკომენდაციები! გთხოვთ, ატარეთ ნიღაბი! გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაერთეთ ვაქცინაციის პროცესში! უნდა გადავლახოთ ეს უმძიმესი პერიოდი. როგორ? როგორ და უნდა ვიბრძოლოთ და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში. სხვა გამოსავალი არაა!" - ეს ექიმის მაკა ბულეიშვილის ემოციური პოსტია... ადამიანურად თანავუგრძნობ მედპერსონალს - უმძიმეს პერიოდში მოუხდათ საქმიანობა. ადამიანების ჯანმრთელობა მათ ხელშია და უამრავი იხსნეს კიდეც ამ საშინელი ვირუსისგან. თუმცა ყოველი დამძიმებული და გარდაცვლილი პაციენტი მათი ტკივილია. ისინიც ადამიანები არიან...
AMBEBI.GE მაკა ბულეიშვილს დაუკავშირდა:
- ძალიან ემოციური პოსტი გქონდათ. შოკისმომგვრელი მაინც ის ეპიზოდია, სადაც მიმართავთ, დაინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც თურმე, ქუჩაშიც დადიან და უამრავ ადამიანს საფრთხეს უქმნიან...
- კი, ემოციური გამოვიდა, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ, მთელ მედპერსონალს ვგულისხმობ და იმ მძიმე სიტუაციას, რომელშიც ახლა გვიწევს საქმიანობა. როდესაც პაციენტს ოჯახის ექიმი მიმართვას აძლევს, რომ ტესტირებაზე წავიდეს, იმას კი არ ეუბნება, რომ სანამ ტესტს გაიკეთებ, მანამდე მოიარე ყველა ბაზარი, მაღაზია, მეგობრები, ხალხს ხელი ჩამოართვი, მოიკითხე. ან როდესაც უკვე ჩაიტარებ ტესტირებას და შემდგომ გარეთ იარე და სხვა საქმეები მოილიეო. პაციენტების გარკვეული ნაწილი, როდესაც იგებს, რომ დაინფიცირებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც სარგებლობს, მარკეტში შედის... რაც დავწერე, ტყუილად არ დამიწერია... რამდენიმე ასეთი პაციენტი გზაში მეც შემომხვდა, გუშინ რომ დაუდასტურდა კოვიდი და დღეს ქუჩაში დადის... გასაგებია, რომ ესენი შედარებით მსუბუქი პაციენტები არიან, მაგრამ მათ აქვთ კოვიდი და სხვა ადამიანებისთვის სახიფათოები არიან.
- მართლაც, უსიმპტომობა პრობლემას არ ხსნის. თითოეული ინფექციის გამავრცელებელია...
- ამაშია საქმე... წინა პერიოდში ინფიცირებული გარეთ ვერ გამოვიდოდა, დასჯადი იყო და შეგნებაც ჰქონდა, რომ არ უნდა გასულიყო. ახლა ამ ადამიანებს შეეცვალათ მიდგომა. რამდენიმე თვის წინ, კლასიკური კოვიდის დროს, ინფექცია ასეთი გადამდები არ იყო, როგორიც "დელტას" შემთხვევაშია. ამიტომ, თუ რეგულაციები არ დაიცავი, ელვის სისწრაფით ვრცელდება. ორმეტრიანი დისტანციაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არსებობს, რომ არ გადაგედოს.
- ვირუსის გადადება პირბადის გამოყენებისასაც ხდება?
- პირბადე ამ ეტაპისთვის და ყველა ეტაპისთვის არის ერთადერთი ყველაზე გამართლებული საშუალება, რომ ასე თუ ისე, მოხდეს ამ ვირუსის გადაცემის შეკავება. პირბადის შემთხვევაში 95% დაცული ხარ, მაგრამ პირბადე სწორად უნდა ეკეთოთ. თუ ინფიცირებულთან ერთად ერთი საათი დგახარ და ის პირბადე კიდევ ორჯერ ჩამოიწიე, მერე არ გადააგდე, ხელი არ დაიბანე და ყავის დასალევადაც გახვედი, მოიხსენი, ისევ გაიკეთა, რა აზრი აქვს? ნიღბის ცუდად ტარება ეს უპირობოდ გავრცელების საშუალებაა.
- აცრა ლეტალური გამოსავლისგან იცავს, მაგრამ პირბადე მაინც გავრცელების შესაკავებლად უპირობო საშუალებაა. ამ ეტაპზე ის აცრილებსაც სჭირდებათ და აუცრელებსაც, ხომ?
- კი, ჩვენ ვამბობთ, რომ აცრა არის საშუალება, რომელიც სიკვდილისგან იცავს, მაგრამ არა დაინფიცირებისგან. აცრა იმისთვისაა, რომ კოვიდით დაავადებული არ დამძიმდეს და მსუბუქად გადაიტანოს. შესაძლებელია ასეთ პაციენტებს შორის ორჯერ ვაქცინირებულები მოვხდნენ და მათგან ქრონიკული დაავადებების მქონენიც. ასეთი არაერთი მყავს, ამ რაოდენობას მუდმივად ვითვლი. უმრავლესობამ 5-6 დღის შემდეგ დატოვა კლინიკა და არცერთთან არ დამთავრებულა ცუდი შედეგით. მე მხოლოდ ჩემს პრაქტიკულ მონაცემებზე ვსაუბრობ. ჩემთან ვაქცინირებული პაციენტი არ გადარცვლილა. გააგრძელეთ კითხვა