"რად უნდათ ტანკების შემოჯლიგინება, მინიმალურ ფასად შეუძლიათ საფრთხე შეგვიქმნან" - ვინ დგას საქართველოში ანტივაქსერული კამპანიის უკან და როგორ ებრძვის მას სახელმწიფო?
საქართველოში ანტივაქსერული ჯგუფები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც მოსახლეობისთვის "ფაიზერის" ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა. ვაქცინაციის მოწინააღმდეგე აგიტატორებმა სოციალურ ქსელში გაჩაღებული პროპაგანდა საკმარისად არ მიიჩნიეს და ქუჩაში გამოვიდნენ.
ანტივაქსერთა პირველი საპროტესტო აქცია სწორედ იმ დღეს გაიმართა, როცა საქართველომ აშშ-სგან ნახევარი მილიონი დოზა "ფაიზერის" ვაქცინა საჩუქრად მიიღო.
ვინ არიან ანტივაქსერები და საიდან იღებს სათავეს ანტივაქსერული მოძრაობები?
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე საკუთარ ბლოგში - "ვინ არიან და რა ამოძრავებთ ანტივაქსერებს" ანტივაქსერული მოძრაობის პრეისტორიას მოგვითხრობს. ექსპერტი საერთაშორისო სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ანტივაქსეთა გზავნილები საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა. ისინი იმავე ცრუ არგუმენტებით აპელირებდნენ მეთვრამეტე საუკუნეშიც, რასაც დღეს ვისმენთ პირად საუბრებსა თუ სოციალურ ქსელებში.
"ანტივაქსერული მოძრაობა არახალია, პირველი ანტივაქსერები ედუარდ ჯენერის მიერ 1796 წელს ყვავილის ვაქცინის შემუშავების პერიოდიდან გაჩნდნენ. ყვავილი უმძიმესი დაავადება იყო, რომელიც კლავდა ყოველ მესამე ინფიცირებულს და რომელიც სწორედ ვაქცინაციის შედეგად სრულად აღმოიფხვრა მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც ეს ცოტა ხანში მოხდა მეორე უმძიმესი დაავადების – პოლიომიელიტის შემთხვევაში, რაც კაცობრიობის ისტორიაში მედიცინის და ზოგადად მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. ჯენერის პერიოდიდან მოყოლებული, ანტივაქსერები ცდილობდნენ მოგვლენოდნენ "თეთრ რაინდებად", რომლებიც საზოგადოების შიშებს და ეჭვებს გამოხატავდნენ და ავრცელებდნენ, რათა საკუთარი თავები საზოგადოების ინტერესების დამცველ გმირებად წარმოეჩინათ.
ასე, მაგალითად, ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიის მკვლევარს, პოლა ლარსონს "გარდიანის" სტატიაში მოაქვს დოქტორ ალექსანდრე როსის (ექიმის!) იმ დროისთვის პოპულარული პამფლეტი, რომელიც კანადაში ფართოდ გავრცელდა, როდესაც მონრეალში იყო ყვავილის ეპიდემია 1885 წელს: ის არწმუნებდა მკითხველს, რომ ვაქცინაცია არ ახდენს ყვავილის პრევენციას, მაგრამ იწვევს ისეთი "საზიზღარი" დაავადებების გავრცელებას, როგორიც სიფილისია (ათაშანგი) და თვითონ ყვავილიც ასევე აცრის შედეგად ვრცელდება და "უცბად" კლავს ბავშვებს (როსის სხვა თანამოაზრეები ამტკიცებდნენ, რომ ეს აცრა ასევე იწვევს უნაყოფობას)! მეტიც, ის ამტკიცებდა, რომ "მონრეალში რეალურად ყვავილის ეპიდემია არ არის და გვატყუებენ" და რომც იყოს, ყველაზე საუკეთესო საშუალება არის "სუფთა ჰაერი, ჰიგიენის დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი (ალკოჰოლისგან თავის შეკავება)". "მტკიცებულებებად" როსი სთავაზობდა რამდენიმე ინდივიდის აზრს, რომელთა წოდებები იწყებოდა შთამბეჭდავი პრეფიქსებით: "პროფ"; "დოქტორი", "სერ" და ა.შ...
ხომ არ გეცნობათ ეს ყველაფერი? დარწმუნებული ვარ, გეცნობათ და არაერთი მსგავსი არგუმენტი მოგისმენიათ და "პამფლეტი" წაგიკითხავთ კოვიდ-19-ზე და მის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ანტივაქსერული მოძრაობა ამ პამფლეტში ასახულ ნაცად ტაქტიკას და ხერხებს იყენებდა და იყენებს მთელი მისი ისტორიის მანძილზე" - წერს ზოიძე.
ანტივაქსერები და საქართველო
მედიის განვითარების ფონდი კომპანია "ფეისბუქთან" თანამშრომლობით აქტიურად იბრძვის ქართული ანტივაქსერული პროპაგანდის წინააღმდეგ. ორგანიზაცია ინტენსიურად ადევნებს თვალ-ყურს ტრადიციულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვაქცინაციის საწინააღმდეგო გზავნილებს.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი გვეუბნება, რომ "ფაიზერით" ვაქცინაციის გააქტიურების პარალელურად, გაიზარდა ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაკადი. მისი თქმით, 24 ივლისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც აშშ-ს ნაჩუქარი 0.5 მლნ დოზა ვაქცინა საქართველოში ჩამოვიდა, ყალბად სულ მცირე 200 პოსტი მონიშნეს.
"2020 წლიდან არაერთი ყალბი ანგარიში გამოვავლინეთ. მას შემდეგ, რაც "ფაიზერის" ვაქცინა ჩამოვიდა, ჩვენ ვნახეთ დეზინფორმაციის ნაკადის გაზრდა, რაც გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ანტივაქსერულ მოძრაობას აქვს ორგანიზებული სახე. ამას მოწმობს ისიც, რომ მათ მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე ჩანდნენ არამხოლოდ ანტივაქსერები, არამედ ლევან ვასაძის მოძრაობის წარმომადგენლებიც. ისინი აქციის მედიით გაშუქებასაც უზრუნველყოფდნენ. სწორედ ამ ჯგუფებთან არის დაკავშირებული ის ფეისბუქ-ანგარიშები, რომლებიც ინტენსიურად ცდილობენ მანიპულაციური და დეზინფორმაციის შემცველი ცნობები გაავრცელონ სოციალური ქსელების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ჩინური ვაქცინის ჩამოსვლისას ასეთი მძლავრი ანტივაქსერული ტალღა არ ყოფილა", - ეუბნება Ambebi.ge -ს თამარ კინწურაშვილი. გააგრძელეთ კითხვა