"პრემიერის განცხადების ინტერპრეტაცია იმგვარად, თითქოს საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორია"
პრემიერის განცხადების ინტერპრეტაცია იმგვარად, თითქოს ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორია, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი "ფეისბუქზე" წერს.
მისივე განმარტებით, მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილის მხრიდან არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მიერ ლაგოდეხში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენისას, ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
"პრემიერის განცხადების ინტერპრეტაცია იმგვარად, თითქოს ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორია. ირაკლი ღარიბაშვილი, ყველა საჯარო გამოსვლისას ყურადღებას ამახვილებს აცრის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე პანდემიის დამარცხების პროცესში და ანალოგიური შინაარსის იყო ლაგოდეხში დღეს გაკეთებული განცხადებაც.
პრემიერ-მინისტრი საუბრობდა სხვა ქვეყნის მაგალითზე, სადაც მსჯელობენ, რომ ვაქცინაცია, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სავალდებულო გახდეს.
რაც შეეხება ვალდებულებას, ჩემი აზრით, აცრა თითოეული ჩვენგანის ადამიანური ვალდებულებაა.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, აცრა გვიცავს სიკვდილისგან!" - წერს ნინო გიორგობიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმა ვაქცინაციაზე ისაუბრა.
"ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს "ფაიზერის" ვაქცინას და ზოგადად, გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა, საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევის მიზნით, საჭირო არის ძალიან მარტივი აცრის ჩატარება", - განაცხადა პრემიერმა.