"ჩემი ფეხი იქ რა თქმა უნდა, არ იქნება, უბრალოდ, სასაცილოა მეც მეძახიან სასამართლოში"
პოლიტიკური პარტია "დროას" დამფუძნებლის, ოპოზიციის ნაწილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით წარმოებულ საქმეზე სხდომა დაინიშნა, მისვლას არ აპირებს.
როგორც ხოშტარიამ განაცხადა, მას თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ 15 სექტემბერს მისი პროცესი დაინიშნა. პოლიტიკოსის თქმით, როგორც მას უთხრეს, საქმე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პროტესტს შეეხება.
"უბრალოდ, სასაცილოა და სასაცილოსთან ერთად, ცინიკურია რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს, ხელისუფლება ბედავს და ამ პროტესტისთვის დევნის არა იმ მოძლადეებს, რომლებმაც იძალადეს ხალხზე, არამედ აქტივისტებს და ამ შემთხვევაში, მეც მეძახიან სასამართლოში. მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებ არც სასამართლოში გამოცხადებას, არც ამ ცრუ ფარსში მონაწილეობის მიღებას, პირიქით, ეს გვმატებს იმ ენერგიას, რომ მსგავსი სასამართლო პროცესები აღარასდროს არ გაიმართოს ამ ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში, რომ მოძალადეს ჰქონდეს თავისი ადგილი და აზრის გამოხატვა მუდმივად იყოს დაცული. ამიტომ ეს მოსამართლე თუ ვინც იქნება, შეუძლიათ ეს პროცესი ატარონ, ჩემი ფეხი იქ რა თქმა უნდა, არ იქნება.
წარმოდგენა არ მაქვს, არ მინახავს არანაირი უწყება, ვიღაც დამიკავშირდა, მითხრა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღის პროტესტის გამო, რაღაცას მედავებიან, უბრალოდ არ მაინტერესებს, არც ერთი ჯარიმა არ გადამიხდია, ივანიშვილის გვირაბშიც რაღაც რომ დავწერე, ამაზეც დამაჯარიმეს, კანცელარიის შეღებვაზეც დამაჯარიმეს. არ მაინტერესებს, რადგან ეს არც სასამართლო პროცესია, არც სამართლებრივი პროცესია, ამორალურია სრულიად და სწორედ ამიტომ უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები.
ადმინისტრაციული საქმეა, რაღაც საბჭოთა უბედური კოდექსით, რომელიც პოლიციას ყველაფრის კეთების უფლებას აძლევს, უამრავი აქტივისტია, ვინც იდევნება, ჯარიმდება ამ რაღაც აბსურდული პროცესის გამო. მე უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ საერთოდ არ ვაპირებ ფეხის მიდგმას",- განაცხადა ხოშტარიამ.
"ინტერპრესნიუსი"