"წვერიც ამომივა და გავიზრდები კიდეც" - როგორ მოხვდა "პოლიტიკურ გაუგებრობაში" 24 წლის ცოტნე კობერიძე? - კვირის პალიტრა

"წვერიც ამომივა და გავიზრდები კიდეც" - როგორ მოხვდა "პოლიტიკურ გაუგებრობაში" 24 წლის ცოტნე კობერიძე?

"გირჩი - მეტი თავისუფლების" 24 წლის ვიცე-მერობის კანდიდატის პოლიტიკურ განაცხადს საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა - ზოგმა დიდი გაოცება გამოთქვა მისი ასაკის გამო, ზოგმაც ეს ჯაფარას მორიგ ეპატაჟად მიიჩნია, თუმცა, როგორც ცოტნე კობერიძე ამბობს, თავად მისი ასაკის განკითხვა არ გაჰკვირვებია. მას ის უფრო აღელვებს, რა შეფასებები და კრიტიკა მოჰყვება მის ნათქვამსა, თუ - ნაბიჯებს.

"სხვა როლში მიწევს ყოფნა. ახლა უფრო მეტად ის საფიქრალი მაქვს,როგორ ვაწარმოოთ კამპანია დანარჩენ სამ პარტნიორთან ერთად და მეორეს მხრივ, არ დავკარგოთ ჩვენი "გირჩის" იდენტობა და ამომრჩეველთან სასაუბრო ენა" - ამბობს და გვიყვება, როგორ მოხვდა "პოლიტიკურ გაუგებრობაში" ყველაზე ახალგაზრდა ვიცე-მერობის კანდიდატი.

- რომ გითხრათ, ბავშვობიდან ვიცე-მერობაზე მქონდა ამბიცია-თქო, მოგატყუებთ. აქამდე კამპანიაში არც ყოფილა ჩართული ვიცე-მერობის კანდიდატი, "გირჩს" ეს კვოტა შეთანხმებიდან გამომდინარე ჰქონდა მიღებული და პარტიას უნდა გადაეწყვიტა. ზურა ჯაფარიძე რომ დამდგარიყო კანდიდატად, მე რა თქმა უნდა, არ ჩავერთვებოდი პრაიმერისში და კონკურენტად არ დავუდგებოდი. ამ შეთანხმებაში "გირჩი“უნდა მონაწილეობდეს საკუთარი იდენტობით და არ არის მხოლოდ ვიცე-მერის არჩევნები ხვალ ასფალტს ვინ დააგებს, არამედ ეს ზოგადად, ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის ცვლილებას ეხება. ამ კუთხით მქონდა ამბიცია, ჩემს წევრებში მომეპოვებინა ეს ლეგიტიმაცია პრაიმერისის მხრივ. მე რომ პირდაპირ ვინმეს ავერჩიე, ცხადია, დღეს ასეთი თავდაჯერებული არ ვიქნებოდი, მაგრამ როცა პარტიამ მომანიჭა ლეგიტიმაცია, თავდაჯერებულობაც მომემატა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა ამისთვის პარტიას, ეს მნიშვნელოვანი პროცესი იყო. ჩვენი პარტიის წევრები არა მარტო მხარდამჭერები, პოლიტიკის მკეთებლები და გადაწყვეტილების მიმღებნი არიან. რომ არ დაგიმალოთ, მეგონა, რომ მოვიგებდი. სხვათა შორის, არც ისეთი დიდი უპირატესობით მომიგია, ძლიერი კანდიდატები იყვნენ.

- ცოტნე, როგორ მოხვდით "გირჩში" და მანამდე რას საქმიანობდით? - ბავშვობიდან მიყვარდა პოლიტიკა, ძირითადად, "მოამბეს" ვუყურებდი. ჩავაბარე ილიაუნიში პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტზე და დავინტერესდი მინიმალისტური სახელმწიფოს იდეით, კლასიკური ლიბერალიზმით. ამასობაში ვნახე, რომ პოლიტიკაში ასეთი ფიგურა იყო ზურაბ ჯაფარიძე, მოხიბლული ვიყავი მისი გამოსვლებით. „გირჩი“ როცა შეიქმნა, პირველივე პრეზენტაციაზე მივედი. ჩემს მეგობართან ერთად, ჩემს უბანში -მუხიანში დავჯექი პარკში და ვისაუბრეთ იმაზე, პარტიაში ხომ არ მივსულიყავით, მინდოდა, ამ საქმეში ბოლომდე ჩამეხედა. თავიდან პარტიას ვეხმარებოდი სხვადასხვა საქმეებში, მერე, 2016 წლის არჩევნების დროს, ვიყავი „გირჩის“ კოორდინატორი მთაწმინდაზე.

დიდი გამოცდილება იყო, როცა უცხო ადამიანების კარზე ვაკაკუნებდი და მოგების გადასახადის შემცირებაზე ვესაუბრებოდი. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური, რასაც მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. აგვისტო იყო, ძალიან ცხელოდა, მაგრამ მთელი მთაწმინდა მოვიარე. ამის შემდეგ, "გირჩის" პირველ - დათესვის აქტში მივიღე მონაწილეობა. ძალიანაც ვინერვიულე, მეგონა, დამიჭერდნენ, მაგრამ გადავრჩი. ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში. არაფერი დასამალი არ მაქვს, ამ ეტაპზე გავეშვი, რადგან ბევრი საუბარი და ეთერები მიწევს, მოწევა ხელს შემიშლიდა, თორემ, ზოგადად, მოვიხმარდი. უბრალოდ, მაქვს თვითკონტროლის კარგი უნარი - რა წამშიც რაღაც ჩემთვის ხელისშემშლელი ხდება, იმას ვემშვიდობები. მერე ვწერდი ბლოგებს, ძირითადად, ეკონომიკური ხასიათის სტატიებს. ამით გაიგეს პირველად პარტიაში ჩემი აზრი მიმდინარე პროცესებზე და მაშინ შემამჩნია ჯაფარამ.

- ჯაფარას საყვარელი სფერო და "სუსტი წერტილიც" ეკონომიკაა და ცხადია, არ დარჩებოდა შეუმჩნეველი...

- ალბათ... შემდეგ ჯაფარამ პროდიუსერს უთხრა, ცოტნემაც ისაუბროს ეთერში ჩვენი სახელითო და აღმოჩნდა, რომ ის ეთერი იყო "კავკასიაზე", კულტურის ყოფილ მინისტრ ნიკა რურუასთან დებატები კულტურის სამინისტროს გაუქმებაზე. ესეც დიდი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ადამიანები, ვისაც იმხანად ტელევიზორში ვუყურებდი, ძალიან, ძალიან კომპეტენტურები მეგონა და უცებ, აღმოჩნდა, მასთან მომიწია დებატები. პროდიუსერმა რომ დამინახა, ეს ბავშვი ვინ არისო, - თქვა და გაეღიმა იხილეთ სრულად