"სტრატეგიული ვიზიტები 16-წლიანი კანცლერობის დროს: მერკელსა და პუტინს შორის უკვე ყველაფერია ნათქვამი" - რას წერს გერმანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"სტრატეგიული ვიზიტები 16-წლიანი კანცლერობის დროს: მერკელსა და პუტინს შორის უკვე ყველაფერია ნათქვამი" - რას წერს გერმანული გამოცემა?

გერმანულ გაზეთ "ზიუდდოიჩე ცატუნგ"-ში (Süddeutsche Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში "სტრატეგიული ვიზიტები 16-წლიანი კანცლერობის დროს: მერკელსა და პუტინს შორის უკვე ყველაფერია ნათქვამი" განხილულია გერმანიისა და რუსეთის ლიდერების ურთიერთდამოკიდებულება და მათ მიერ გატარებული პოლიტიკა ერთმანეთის მიმართ (ავტორი - დენიელ ბრესლერი).

ანგელა მერკელმა 16 წლის განმავლობაში, 2005 წლიდან გერმანიის კანცლერის პოსტზე მყოფმა 500 სტრატეგიული ვიზიტი განახორციელა, მათ შორის იგი რუსეთს 19-ჯერ ეწვია, - ნათქვამია სტატიაში, - კანცლერი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი მასზე ყოველთვის ნაწყენი იყო, მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ რაღაცით გაეღიზიანებინა. თავდაპირველად წყენას ფარული ხასიათი ჰქონდა, გარედან შესამჩნევი არ იყო, მოგვიანებით კი აშკარა გახდა. კანცლერობის პირველ წლებში ანგელა მერკელი უფრო ხშირად დადიოდა მოსკოვსა და სოჭში, ვიდრე მმართველობის ბოლო ჟამს. პირველი მეგობრული განწყობები, თუნდაც ზედაპირული, ბოლო წლებში სრულიად გაქრა".

"ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის ურთიერთდამოკიდებულება გერმანია-რუსეთის ურთიერთობის ისტორიის ცალკე თავად შეიძლება ჩავთვალოთ. მსოფლიოში ძალიან ცოტანი იყვნენ ისეთი ლიდერები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ასე კარგად და იმავდროულად ცუდად ესმოდათ ერთმანეთისა, როგორც ანგელა მერკელს და ვლადიმერ პუტინს", - აღნიშნავს ავტორი.

"თანაც მათ შორის ენობრივი ბარიეირი აბსოლუტურად არ არსებობდა: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) ბევრი მოქალაქისაგან განსხვავებით, რომლებთაც ძალდატანებით ასწავლიდნენ რუსულ ენას, ანგელა მერკელი თავისი სურვილით, სიამოვნებით ეუფლებოდა რუსულ ენას და 1970 წელს, ჯილდოს სახით, სკოლის მოსწავლემ მოსკოვიც მოინახულა. მას შემდეგ მომავალი კანცლერი კიდევ მრავალჯერ იყო საბჭოთა კავშირში, იმოგზაურა კიდეც სხვადასხვა რესპუბლიკებშიც. თავის მხრივ ვლადიმერ პუტინიც კარგად საუბრობს გერმანულად - იგი საბჭოთა "კაგებეს" რეზიდენტი იყო დრეზდენში. სწორედ ამ ქალაქში ნახა რუსეთის მომავალმა პრეზიდენტმა, თუ როგორ ინგრეოდა სოციალისტური სისტემა - როცა მოსახლეობამ გდრ-ის კონტრდაზვერვის "შტაზის" შტაბ-ბინაზე შტურმი განახორციელა. იმავდროულად ანგელა მერკელისათვის სოციალისტური გერმანიის გაქრობა - გერმანიის გაერთიანება - ახალი ეპოქის დასაწყისი გახდა. კაცმა რომ თქვას, ორივე ლიდერს ყოფილი გდრ-ის შესახებ ერთმანეთისათვის ბევრი მოგონება აქვთ გასაზიარებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ერთობლივი ხსოვნა არ აერთიანებთ", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

"ამიტომაც, როცა კანცლერი ანგელა მერკელი 2006 წელს მოსკოვში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა, მათ ურთიერთობაში უკვე გაჩნდა იმ ნეგატივის ჩანასახი, რომელმაც მოგვიანებით თავი აშკარად იჩინა. მართალია, ორივე ყველას დასანახავად აცხადებდა, რომ ვიზიტი პროდუქტიული იყო, მაგრამ იმ პირველივე შეხვედრის დროს ანგელა მერკელი ისეთ თემებს შეეხო, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი არ ეთანხმებოდა. მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტი ირონიულად ამბობდა, რომ მერკელთან ერთად მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებაზე ფილოსოფიური დისკუსია გვქონდაო".

"წლების შემდეგ ისევ იგრძნობა მათი წყენა - განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინის მხრიდან. ყველაფერი, რაც კი მერკელმა უბრალო ცარიელი დიპლომატიური ფრაზებით შეიძლება დაიწყოს, პუტინს შეუძლია მას მწვავე, გესლიანი დაბოლოება მისცეს.

ერთხელ, როდესაც ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს შეახსენა, რომ რუსეთის მოქალაქეებს დემონსტრაციის მოწყობის უფლება კონსტიტუციით აქვთო, პრეზიდენტმა პასუხად ჰკითხა - ჰო, მაგრამ განა იგივე უფლება იმ 164 გერმანელს არ აქვს, რომლებიც თქვენ "დიდი რვიანის" სამიტის დროს დააპატიმრეთო? ვლადიმერ პუტინი ყოველთვის მზად იყო კონტრშეტევისათვის - იმ დროსაც კი, როცა გვერდით ჟურნალისტები არ იყვნენ. ორივე, ალბათ, ერთმანეთს უკვე კარგად იცნობენ და იციან, რომ მეგობრობის ზედაპირული გამოხატვის დრო დიდი ხნის წინათ დასრულდა".

2020 წლის იანვარში ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა საუბრის შედეგები მხოლოდ ზოგადად და ორიოდე სიტყვით შეაფასა, როგორც "შინაარსიანი და სასარგებლო". ეს იყო ლიდერების უკანასკნელი შეხვედრა.

ის ფაქტი, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ანგელა მერკელი რუსეთში ჩასვლას ვერ ახერხებს, მას ასეთი სიტუაცია აწყობს კიდეც: კანცლერმა უკვე იმდენი ილაპარაკა ვლადიმერ პუტინთან, სათქმელიც არაფერი აქვს. მით უმეტეს, რომ მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ, როცა რამდენიმე თვეც არ იყო გასული და ალექსი ნავალნი მოწამლეს. მაშინ ანგელა მერკელმა ეს ფაქტი "მკვლელობის მცდელობად" შეაფასა. ამით ვლადიმერ პუტინთან მიმართებით მან ყველაფერი თქვა. როგორც ჩანს, ასეთ ნეგატიურ ფონზე დასრულდება მათი ურთიერთობაც", - ასკვნის "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ