"მე ზღვაში შორს გასვლის მეშინოდა, სოფიკო კი ნაპირიდან აღარც ჩანდა ხოლმე. ხომ იცით, რაღაცნაირი გიჟი იყო - ყველაფერი ბოლომდე უნდა გაეკეთებინა!" - კვირის პალიტრა

"მე ზღვაში შორს გასვლის მეშინოდა, სოფიკო კი ნაპირიდან აღარც ჩანდა ხოლმე. ხომ იცით, რაღაცნაირი გიჟი იყო - ყველაფერი ბოლომდე უნდა გაეკეთებინა!"

"პირველი შემთხვევაა, რომ ივლისის მეორე ნახევარში თბილისში ვარ. ზღვა ძალიან მიყვარს, ოღონდ ცურვა აღარ მიყვარს, რაღაცა დამემართა, უკან გამოსვლის მეშინია. სამაგიეროდ, აივანზე ჯდომა და მზის ჩასვლის ყურება მანიჭებს დიდ სიამოვნებას..."

ცოტა ხნის წინ ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა. თარიღი პანდემიურად აღნიშნა ქართული სცენის ვარსკვლავმა, თუმცა იყო სიურპრიზები - ასევე პანდემიური. როგორც ჩანს, ვერც ჩვენი ინტერვიუ აუვლის გვერდს ამ თემას.

- ვცდილობ, იშვიათად გამოვიდე სახლიდან და აუცილებლად პირბადით. ორჯერ აცრილი ვარ "ფაიზერით", მაგრამ ყველა რეგულაციას ვიცავ, რესტორნებში არ დავდივარ. რას ნიშნავს, რომ აცრა არ უნდათ? რა დამოკიდებულებაა ეს? ჩემამდე არ დადის, ვერ ვხვდები! ვინც არ იცრება, არ ესმის, რომ ვაქცინა გვიცავს, თუ "კოვიდი" დაემართება, მსუბუქად გადაიტანს და ნამდვილად გადარჩება. ეპიდემიის გამო მთელ მსოფლიოს უჭირს. მინდა, რომ ჩემი ქვეყანა კარგად იყოს. აზერბაიჯანმა და სომხეთმა გვაჯობა, ჩვენ კი არაფრით არ ვიცრებით. რატომ უნდა იყოს ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ? მე წესის ადამიანი ვარ, რასაც მეტყვიან, იმას ვაკეთებ და, სხვათა შორის, არ წამიგია.

- აცრის შემდეგ როგორ გრძნობდით თავს? - გადასარევად გადავიტანე, ვერც კი გავიგე. როგორც ექიმმა მითხრა, ისე მოვიქეცი. აცრის დღეს წამოვწექი, თავი არ დავიტვირთე. ცოტა სისუსტე და ძილისკენ მიდრეკილება მქონდა პირველ დღეს - ეგ იყო და ეგ. ჩემი ნატალიაც აიცრა, ფეხმძიმედაა და აუცილებლად უნდა აცრილიყო. კარგი ორსულობა აქვს, თვე-ნახევარში იმშობიარებს. მანაც კარგად გადაიტანა, ახლა აგარაკზეა. იქ ისეთი ჰაერია, რომ ვაქცინას უდრის... კიკეთს რომ გაივლი, პანტიანია და მერე არის სოფელი წვერი. არც წყალია, არც გზა, არც გაზი, მაგრამ ჭკუას ვკარგავთ, ისე გვიყვარს იქ ყოფნა. ბუნებაა გასაგიჟებელი. ჰაერი, მიკროკლიმატი, გოგირდის წყალი, ირგვლივ მთები... მწვანეში ვართ ჩაფლული.

- ვის ელოდებით? - ბიჭს. ეს იქნება მეექვსე ბიჭი. შვილიშვილები, შვილთაშვილები - ყველა ბიჭი მყავს. მთავარია, ჯანმრთელები იყვნენ. ძალიან მიხარია და ღმერთის მადლობელი ვარ.

- აგარაკზე ნატალიააო. თქვენ სად ხართ ახლა?

- ჯერ თბილისში, მერე წავალ გონიოში. სექტემბერში კონცერტია დაგეგმილი, რომელიც, არ ვიცი, ჩატარდება თუ არა... მე მაინც წავალ გონიოში. მთელი ზაფხულია აქ ვარ. პირველი შემთხვევაა, რომ ივლისის მეორე ნახევარში თბილისში ვარ. ზღვა ძალიან მიყვარს, ოღონდ ცურვა აღარ მიყვარს, რაღაცა დამემართა, უკან გამოსვლის მეშინია. სამაგიეროდ, აივანზე ჯდომა და მზის ჩასვლის ყურება მანიჭებს დიდ სიამოვნებას.

- ვიცი, რომ თქვენ და სოფიკო ჭიაურელი გონიოში მეზობლები იყავით. - კი, ბუბაც იქაა. მე ზღვაში შორს გასვლის მეშინოდა, სოფიკო კი ისე შორს გადიოდა, ნაპირიდან აღარც ჩანდა. ხომ იცით, რაღაცნაირი გიჟი იყო - ყველაფერი ბოლომდე უნდა გაეკეთებინა! არაჩვეულებრივად ცურავდა. ცურვაში მას როგორ შევედრები... ცურვაში კი არა, სოფიკოს ვერაფერში შევედრები. ის ყველაფერში განსაკუთრებული იყო, ყველაფერში ნიჭიერი: ქარგავდა, კერავდა, არაჩვეულებრივად ამზადებდა... ფენომენი იყო, თან გადასარევი ხასიათის, არავისი შურდა. მე არ მახსოვს, ვინმე ეძაგებინოს. ოღონდ ჯიუტი იყო და ამ სიჯიუტემ იმოქმედა მის ცხოვრებაზე. არავის უჯერებდა, თვითონ უნდა გადაეწყვიტა საქმე. ფიბრომა ჰქონდა და გაეზარდა. სანამ თვითონ არ მიხვდა და ვეღარ გაიარა, მანამდე არ მივიდა ექიმთან. როცა მივიდა, უკვე გვიანი იყო. ეს რთული მოგონებაა ჩემთვის, ვერ ვეგუები, რომ აღარაა... მის ფილმებს რომ ვუყურებ, მგონია, ისევ ჩვენთანაა და არსად წასულა...

- განსაკუთრებულად რომელ ფილმში გიყვართ? - ძალიან მომწონს "ვერის უბნის მელოდიებში". საუკეთესოა. ვუყურებ და მგონია, რომ დავრეკავ და დამირეკავს... როგორ შეიძლება სოფიკოსნაირი ადამიანი ასე ადრე მიდიოდეს ამ ქვეყნიდან.

- ამ ფილმში თქვენ მღერით... - კი, ფილმისთვის ყველა სიმღერა მე ჩამაწერინა გიორგი შენგელაიამ. ამის გამო მისი მადლობელი ვარ. თავდაპირველად გიორგი უფრო ჩემი ახლობელი იყო, ვიდრე სოფიკო. სოფიკო შორიდან მომწონდა, მერე კი ჩემი რძალი გახდა და გამახარა. გიორგი და სოფიკო რომ გაშორდნენ, გიორგი ყველას დაგვემდურა - ქალის მხარე გვეჭირა ყველა მეგობარს. გიორგი ნიჭიერი, განათლებული, ლამაზი კაცი იყო, მაგრამ მძიმე იყო, ალბათ... ვერავინ ახსნის, რა ხდება ცოლ-ქმარს შორის. ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო, ბედს ვერ შეცვლი... ოჯახი ძალიან დიდი სიმდიდრეა. ხდება, რასაკვირველია, როგორც ჩემს შემთხვევაში, როცა ვერ ინარჩუნებ... ჩემი ქმარი ვაჟკაცი კაცი იყო, ფეხზე ამაყად იდგა, შესანიშნავი შესახედავი, კარგი ოჯახიშვილი და ვერ გაუძლო ჩემს ამდენ სიარულს სხვადასხვა ქალაქში. ოთხი ბიჭი, ხუთი, ექვსი, შვიდი, მერე მოემატა და 11-ბიჭიანი გახდა ანსამბლი, მე ვიყავი ერთი გოგო. გაგიჟდა კაცი, მაგრამ არ ამბობდა, მე კიდევ ვერ ვხვდებოდი - რატომ მეჩხუბება, კაცო, კარგად ვიქცევი-მეთქი... ჩამომაკითხავდა ხოლმე გასტროლებზე, მაგრამ სულ ნერვებმოშლილი იყო და მერე მივხვდი, თურმე ეჭვიანობდა, თუმცა მე ამას არ მეუბნებოდა - როგორ მაკადრებდა?! არადა, გული ეგლიჯებოდა, სულ ცუდ გუნებაზე იყო. ბოლოს თქვა, ასე აღარ შემიძლიაო! ადგა და წავიდა. გამათავისუფლა მეც და საკუთარი თავიც. მე მას არავითარ შემთხვევაში არ გავცილდებოდი, მაგრამ რაც გვეწერა, ის მოხდა... დედაჩემს ძალიან უყვარდა მერაბი...

- ამის შემდეგ გქონდათ ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან, მის ოჯახთან? - მერე ის სხვა ქალბატონზე დაქორწინდა, მაგრამ კმაყოფილი ვიყავი, ისე უყვარდათ მერაბი იმ ქალსაც და მის შვილებსაც... თუმცა რაც ვითმინე, ეტყობა, დაილექა და ჩვენს სანახავად რომ მოდიოდა, არ მსიამოვნებდა. ჩხუბი არ შემიძლია, არასდროს არავისთან მიჩხუბია, ვერ ვუძლებ, ამიტომ ვცდილობ, არავის ვაწყენინო. მე თუ მაწყენინეს, მოთმენის უნარი მაქვს გამომუშავებული და რამდენჯერაც მოვითმინე, იმდენი მოვიგე. გულში ჩადებაც არ ვიცი.

- დაოჯახებაზე აღარ გიფიქრიათ? - რა დროს დაოჯახება იყო, სულ გასტროლებზე ვიყავი! ღირსეულ და შეძლებულ მამაკაცზე რომ გავთხოვილიყავი, არ გამიშვებდა... კიდევ კარგი, რომ არც მიფიქრია დაოჯახებაზე. იმდენი ერთგული მსმენელი მყავდა, ასევე ჩემი შვილები, შვილიშვილები და მეგობრები, რომ მარტოობა არც მიგრძნია. საყვარელ საქმეს რომ აკეთებ და ადგილს დაიმკვიდრებ, კარგად ხარ და ეს ბედნიერებაა. ყველაზე საშინელება ის არის, რომ ბევრი ჩემი მეგობარი აღარ არის ცოცხალი. ეს ისეთი დანაკარგია. მათ გარეშე უინტერესო გახდა ცხოვრება... ორი-სამი მეგობარი დამრჩა. მიდიან და მიდიან საუკეთესო პიროვნებები. კორონამ ხომ ყველა გაგვაღარიბა!.. ამიტომ არის საჭირო, ყველა გონს მოეგოს და აიცრას. იცით, რამდენ ჩემს ნაცნობს დაემართა კორონა?! მაგრამ აცრილები რომ იყვნენ, ძალიან იოლად გადაიტანეს. ვაიმე, დედა, რა ვქნა! 5000-ს გადასცდა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა!..

- დაბადების დღეზე მიამბეთ... - არ გადამიხდია, მაგრამ ისეთი სიურპრიზი მომიწყვეს! თეატრალური კოსტიუმებით, ცუმპარუმპათი, ამწეთი, ყვავილებით, ბუშტებით და დაბადების დღის სიმღერით მომილოცეს. ჩემი სახლის ირგვლივ ბევრი კორპუსია, ყველა აივნებიდან იყურებოდა და ისე შემრცხვა... ვყვიროდი, გმადლობთ-მეთქი. ეს ყურადღება ძალიან გულისამაჩუყებელი და სასიამოვნოა. ყველაზე დიდი საჩუქარი ის არის, რომ ქუჩაში მეფერებიან, მილოცავენ, სიყვარულს მიხსნიან. მადლობა ამ სიყვარულისთვის.

- ცხოვრებამ რა გასწავლათ?

- მასწავლა, რომ უნდა იყო კეთილმოსურნე, შენი საქმის ერთგული, მომთმენი, ყველას კარგი უნდა უსურვო. კიდევ მთავარია, ობიექტური იყო. თუ ობიექტური არა ხარ, დაღუპული ხარ...

"ისინი ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იყვნენ"

ნანი ბრეგვაძის ოფიციალურ ინსტაგრამგვერდზე ისტორიულ ფოტოს ნახავთ, რომელსაც საინტერესო ტექსტი ერთვის. ფოტოზე მომღერალი განუყრელ მეგობართან, მსახიობ სოფიკო ჭიაურელთან ერთად არის გადაღებული. "1936 წელს რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია იღებდა ფილმს "ნარინჯის ველი". ეს არის ორი მთავარი გმირის - ნანისა და გიორგის სიყვარულის რომანტიკული ამბავი. ერთ-ერთ როლზე რეჟისორმა ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ბრეგვაძე მიიწვია. გადაღებებზე გიორგი მეუღლესთან, ოლგა მიქელაძესთან ერთად გაემართა. ფილმში გიორგისთან ერთად ორ შესანიშნავ მსახიობს - ვერიკო ანჯაფარიძესა და ნატო ვაჩნაძეს იღებდნენ. სამივე ქალბატონი ფეხმძიმედ გახლდათ. ერთ დღეს ნიკოლოზ შენგელიამ თქვა: "ვინც გოგონას გააჩენს, ნანი დაარქვას და თუ ბიჭი დაიბადება - გიორგი". პირველი ოლგა მიქელაძისა და გიორგი ბრეგვაძის ქალიშვილი დაიბადა და მას ნანი დაარქვეს. მეორე ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ვაჟი გაჩნდა, გიორგი, მესამე კი ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის ქალიშვილი - სოფიკო დაიბადა. ბედმა ეს ბავშვებიც დააკავშირა. მრავალი წლის შემდეგ სოფიკო ჭიაურელი გიორგი შენგელაიას გაჰყვა ცოლად, ნანისთან კი მთელი ცხოვრება მეგობრობდა.

ფილმებში ნანის ყოველთვის სოფიკო ჭიაურელი ახმოვანებდა, სოფიკოს სამღერას კი ნანი მღეროდა. სოფიკო ვერ მღეროდა, ნანის კი ძლიერი ქართული აქცენტის რცხვენოდა, ამიტომ ისინი გადაღებებზე ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ისინი ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იყვნენ".