"რამხელა შეურაცხყოფა იყო, ლტოლვილები სასტუმროდან პანღურით რომ გამოყარეს, წლების წინ... როგორ დამავიწყდება..."
"ტელევიზიით რომ აჩვენებდნენ სოხუმის დაცემის კადრებს, ყველა ტიროდა"
მსახიობმა და მოცეკვავე აბესალომ გოგუამ "დიდების შოუში" გაიხსენა თავისი ცხოვრების 30 წელი, როდესაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართული ცეკვების სოლისტი იყო. მოსაგონარი მართლაც ბევრი აქვს - კარგიც და ცუდიც...
- გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში დავიბადე და გავიზარდე. 1970 წელს დავამთავრე სკოლა და მამაჩემს ვუთხარი, სწავლის გასაგრძელებლად თბილისში მინდა წასვლა და 10 მანეთი მომეცი-მეთქი. მეზობელი, ჩემი ძმის ნათლია, შოთა შენგელია შეესწრო ამ ამბავს. ის 5 შვილის, 5 ვაჟის მამაა. ეს რომ მოისმინა, დამელოდე ცოტა ხნითო, მითხრა. მალე დაბრუნდა და 100 მანეთი მომცა, - აჰა, თუ სწავლა გინდა, წადი და ისწავლეო, ისესხა თურმე...
ჩვენს ქუჩაზე მხოლოდ ქართველები ვცხოვრობდით, კარგი მეზობლობა და ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთანაც და არაქართველებთანაც, მერე ყველაფერი აირია. 2 ძმა და ერთი და მყავს. სამივე მონაწილეობდა ომში. და უფროსი მედდა იყო. შემდეგ ჰყვებოდა, დაჭრილების ყოველ მიყვანაზე შიშით გული მისკდებოდა, ჩემი ძმა, მამიდაშვილი, დეიდაშვილი ან ბიძაშვილი ხომ არ იყო მათ შორისო. ძმები პირველი ბრძოლების დროს წინა ხაზზე იდგნენ. იბრძოდა ჩემი 16 წლის ძმისშვილიც. ღმერთის წყალობით, ყველა ცოცხალია, უდანაკარგოდ გადაიარა ჩვენი ოჯახის თავზე ამ ომმა. იმ პერიოდში საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი და ჩემი ნათესავები, დაახლოებით 20 ადამიანი ჩემთან აფარებდა თავს, 2 პატარა ოთახში. იატაკზე ვიწექით, პურს ტალონებზე ვიღებდი, ღამეს ვათენებდი ხოლმე რიგში. ტელევიზიით რომ აჩვენებდნენ სოხუმის დაცემის კადრებს, ყველა ეკრანს შესჩერებოდა და ტიროდა. ახლა კი დავიწყებას მიეცა ის დღეებიც და კადრებიც. სულ ვფიქრობ, ნეტავ, ხშირად ანახვონ, რომ უფრო მეტი ჟინი ჰქონდეს ქართველს იქ დაბრუნების-მეთქი. სამწუხაროდ, აფხაზეთის მთავრობა ნაკლებად ზრუნავს ლტოლვილებზე. მე არ მეხება ეს, ჩემზე არ ვამბობ, მაგრამ ხომ ვიცი, რაც ხდება. ბევრია ისეთი, ვინც ბინა იყიდა, ღმერთმა მისცეთ, მაგრამ კიდევ რომ ითხოვ საცხოვრებელს და აქირავებ, სწორი საქციელი არა მგონია. ამ დროს, 30 წლის განმავლობაში, ვიღაც ჯერ კიდევ უბინაოდ და უსახლკაროდ რომ არის, ეს არ იცის აფხაზეთის მთავრობამ? გული მტკივა ამის გამო. როგორ დამავიწყდება, წლების წინ სასტუმროდან პანღურით რომ გამოყარეს ლტოლვილები, ეს რამხელა შეურაცხყოფა იყო...
- მესმის, რთულია ის, რისი გადატანაც მოგიხდათ... თქვენს პროფესიას დავუბრუნდეთ, მსახიობობის სურვილი რატომ გაგიჩნდათ?
- პატარა რომ ვიყავი, ცეკვაზე დავდიოდი. 10 მანეთი იყო თვეში გადასახდელი, მაგრამ სოფელში ის 10 მანეთიც ჭირდა. მოხდა ისე, რომ მშობლები ერთი პერიოდი ვერ მიხდიდნენ გადასახადს. გავიპარებოდი ხოლმე, ეზოში დავდგებოდი და ფანჯრიდან ვუყურებდი გაკვეთილს. მასწავლებელმა რომ შეამჩნია, მითხრა, - არ მინდა ფული, ისე იარეო. ბიძაჩემი, გურამ გოგუა საესტრადო ანსამბლის, "აფსნი 67-ის" წევრი იყო. ერთხელ ჩოხა მაჩუქა და ამ ჩოხამ სულ მომწამლა. თავიდან თეატრალურში ვაბარებდი, მაგრამ ვერ მოვხვდი. მესამე ტურში ჩავიჭერი და როცა შემეკითხნენ, ვინ მოგამზადაო, უცებ ვერაფერი მოვიფიქრე და იპოლიტე ხვიჩიამ-მეთქი (იცინის). საბოლოოდ, თეატრალურ სტუდიაში ჩავაბარე, შემდეგ საესტრადო განყოფილების ფაკულტეტიც დავამთავრე. 1975-78 წლები იყო, ჯარიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და სტუდქალაქში არ მიღებდნენ. ჯარიდან ჩამოსულებს პრივილეგია ჰქონდათ, მე კი ქუჩაში მტოვებდნენ და გავბრაზდი. მინისტრთან მიდითო, ასე მიპასუხეს. მომეცით მისამართი, სად უნდა მივიდე-მეთქი. მაშინ ოთარ თაქთაქიშვილი გახლდათ კულტურის მინისტრი. მართლაც, მივედი და საცხოვრებელი არ მაქვს-მეთქი, ვუთხარი. რა ვქნა, არ არის თავისუფალი ოთახები და სახლში წაგიყვან, თუ გინდაო. - კი ბატონო, მაშინ მისამართი ჩამაწერინეთ-მეთქი. ალბათ იფიქრა, ეს მართლა გამომყვება სახლშიო, სადღაც გადარეკა და მომცეს ერთი კარგი ოთახი სტუდქალაქში.
- ოპერას როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება?
- განაწილებით მუსკომედიის თეატრში მოვხვდი, მაგრამ ოპერისა და ბალეტის თეატრში, ბალეტმაისტერმა, ცხონებულმა გიორგი ალექსიძემ მიმიწვია. პირველი როლი ოპერაში "მედეა" მერგო. დაინახეს, როგორ ვმუშაობდი და მალე თეატრის ქართული ცეკვების სოლისტი გავხდი. ვახტანგ გუნაშვილის მეწყვილე ვიყავი, ფრიდონ სულაბერიძესთან და იამზე დოლაბერიძესთან ერთადაც მიცეკვია, ასეთ ბუმბერაზ მოცეკვავეებთან.
- თქვენი ორივე შვილი თქვენს გზას გაჰყვა, რაც ალბათ განსაკუთრებულად გახარებთ.
- ქალ-ვაჟი მყავს - ნინო და გაბრიელი. ნინო, პატარა რომ იყო, მხატვრულ ტანვარჯიშზე დადიოდა, წარმატებებიც ჰქონდა და ვურჩიე, სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდა. მაინც ბალეტის ინტერესმა გადაწონა და შესარჩევ კონკურსზე ერთად წავედით. მაკა მახარაძე იყო კომისიის თავმჯდომარე. უკითხავს, რა გვარი ხარო და მაშინ მიმხვდარა, რომ ჩემი შვილი იყო. გამოვიდა და მისაყვედურა, რატომ არ მითხარიო? ჩაწყობით აქ მოხვედრა არ ღირს და თუ აქვს მონაცემები, ისედაც აიყვანთ-მეთქი, ვუპასუხე. ეს ერთი შვილი რატომ გყავს, ცუდად მოქცეულხარო, სიცილით მითხრა. ბიჭიც მყავს-მეთქი, მაშინ ისიც მოიყვანეო. ასე დაიწყეს ვარჯიში ჩემმა შვილებმა და ორივემ გაამართლა - ბიჭი თეატრის სოლისტი გახდა, გოგო წამყვანი სოლისტი. საქართველოში თუ ნინო ანანიაშვილმა რამე სპექტაკლი დადგა, პრიმა ბალერინა გახლდათ ჩემი გოგო. ერთ წელს ამერიკაში რომ იყვნენ გასტროლებზე, იქიდან ჩამოიტანეს გაზეთები, სადაც კრიტიკოსები წერდნენ, რომ ნინო გოგუა ბოლო 10 წელი ჯორჯ ბალანჩინის ბალეტების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შემსრულებელი იყო.
- ნინო და გაბრიელი ამჟამად კვლავ თეატრში არიან?
- არა, წლების წინ ჩემი გოგო შვეიცარიაში მიიწვიეს. 2 წელი იყო იქ, მერე ტრავმა მიიღო და ჩამოვიდა. ნინო ანანიაშვილმა შესთავაზა დაბრუნება. მაგრამ არასწორად ჩატარებული ოპერაციის გამო იცოდა, ისევ იმ პოზიციას ვერ დაუბრუნდებოდა, წამყვანი სოლისტის ამპლუაში. ამიტომ გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტის თეატრში მუშაობს რეპეტიტორად. ვაჟი ინგლისში ცხოვრობს, რძალიც ბალერინაა და იქ თავიანთი სტუდია აქვთ. მეამაყება, რომ ჩემმა შვილებმაც დადეს ერთი აგური ხელოვნებაში, ეს საამაყოა ჩემთვის. სხვათა შორის, 55 წლის ვიყავი, როდესაც ოპერაში "ქეთო და კოტე" მე და ჩემმა ვაჟმა ერთად ვიცეკვეთ "მთიულური".
- ყველაზე დასამახსოვრებელი რა იყო თქვენთვის იმ 30-წლიანი მსახიობობიდან?
- ჩემს ხასიათს რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა, ეს იყო ზაქარია ფალიაშვილის "დაისი". 30 წელი ვცეკვავდი, მანამდე, ვიდრე არ გამომიშვეს. მქონდა ვახტანგ ჭაბუკიანთან მუშაობის ბედნიერებაც "გორდაში". ვუთხარი, რაღაც ილეთს დავამატებ-მეთქი. მაჩვენეო, მითხრა რუსულად, მოეწონა და დამთანხმდა.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- სატრანსპორტო კომპანიაში ვმუშაობ, დამხმარე მუშა ვარ. უსაქმურობა არ შემიძლია, იქ კი ბევრია საქმე. თუ კაცი მოინდომებს, ამ ქვეყანაშიც მოიძებნება სამუშაო.
- "დიდების შოუში" გამოჩენის შემდეგ თუ შეიცვალა რამე?
- 12 წლის შემდეგ პირველად ამ შოუში ვიცეკვე, რადგან წლების წინ ტრავმა მივიღე და ვეღარ ვცეკვავდი. პიროვნულად არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ზოგმა ახლა გამიცნო. უი, შენ ვინ ყოფილხარ, 30 წელი თეატრში გაგიტარებია, თურმე რა კარგად ცეკვავო, უკვირთ ნაცნობებს. ამ შოუმ ჩემთვის პატარა ფანჯარა გახსნა იმისთვის, რათა უფრო მეტ ადამიანს გაეგო, ვინ ვარ და როგორ მიყვარს ჩემი პროფესია.
ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"