"ოცნების" დაწერილი 3,3% ნაკლები მგონია იმასთან შედარებით, რასაც რეალურად ავიღებთ" - კვირის პალიტრა

"ოცნების" დაწერილი 3,3% ნაკლები მგონია იმასთან შედარებით, რასაც რეალურად ავიღებთ"

"ვფიქრობთ, თვითმმართველობის ადგილობრივ არჩევნებში საუკეთესო შედეგს მიიღებს", - ამბობს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი. შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" შიდა კვლევების მიხედვით, პარტია "მოქალაქეებს" 3,3%-იანი მხარდაჭერა ერგოთ. როგორ აპირებენ "მოქალაქეები" ამომრჩევლის გულის მოგებას და რას ფიქრობენ ოპონენტებზე, ლევან იოსელიანი გვესაუბრება:

- ვფიქრობთ, ალეკო ელისაშვილს, ჩვენს გუნდს, თბილისში დიდი მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, "ოცნების" დაწერილი 3,3% ნაკლები მგონია იმასთან შედარებით, რასაც რეალურად ავიღებთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ ყველასგან განსხვავებული, ორიგინალური საარჩევნო კამპანია, რომელიც შინაარსობრივად და ვიზუალურად მთლიანად თბილისზე იქნება ორიენტირებული. მიგვაჩნია, რომ ბრძოლა ყველაფრისთვის ან არაფრისთვის უნდა დასრულდეს და დისკურსი გადავიდეს თბილისელების რეალურ პრობლემებზე. ჩვენ ბანერებზე გამოვაკარით ის საჭიროებები, რაც თბილისის მოსახლეობას აწუხებს და რისი მოგვარებაც მოუწევს მერობის ერთ ან მეორე კანდიდატს. გასაწმენდი მტკვარი, უკონტროლო შენობები, გასამაგრებელი სახლები... ჩვენი მთავარი ამოცანაა პოლიტიკური პარტიები დავაბრუნოთ დიალოგის რეჟიმში თბილისისა და თბილისელების შესახებ. თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გამოავლინოს უკეთესი მეურნე, უკეთესი მენეჯერი. ბანერები უკვე გამოკრულია და უფრო გავაქტიურდებით. თუმცა გადავწყვიტეთ, რომ საარჩევნო კამპანიას ნაკლები დრო დავუთმოთ და ჩვენთვის განკუთვნილი სატელევიზიო რგოლებიდან მოქალაქეებს აცრისკენ მოვუწოდოთ. თუ აცრა არ გაიკეთეს, არჩევნებიც უკან დაგვრჩება და სხვა ყველაფერიც.

- თავად თუ გაიკეთეთ ვაქცინა და რამდენად გაქვთ იმედი, რომ ახლახან დაწესებული რეგულაციები ეპიდსიტუაციას 80%-ით გააუმჯობესებს, როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გვეუბნება?

- აცრა მეც გავიკეთე, ალეკომაც და პარტიის ყველა იმ წევრმა, ვინც საარჩევნო კამპანიაშია ჩართული. რაც შეეხება რეგულაციებს, ვფიქრობ, ცოტა ადრე უნდა დაეწესებინათ. მეტიც, ზოგიერთი რეგულაცია, მაგალითად, პირბადის ტარება, არ უნდა მოეხსნათ. ზაფხულის დასაწყისში პირბადის ტარების ვალდებულება მაინც რომ დაეტოვებინათ, დღეს უკეთესი სიტუაცია გვექნებოდა. ლოკდაუნის მომხრე არა ვარ. ეს მსოფლიოში აღარსად განიხილება, რადგან მსოფლიომ უკვე ისწავლა "კოვიდ-19"-ის მართვა და რეგულაციებით ცხოვრება. ჩვენც უნდა მოვახერხოთ და ეკონომიკასაც მივცეთ განვითარების საშუალება. პანდემიის მართვის სადავეებიც არ უნდა გაგვექცეს. ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მაგრამ თავს ვერაფერს აბამს, ან ტოტალურ ჩაკეტვაზე მიდის და ეკონომიკას კლავს, ან ყველაფერს ხსნის და პანდემიასაც ვეღარ მართავს. საბოლოოდ ძალიან ცუდ შედეგს ვიღებთ როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე ინფექციის გავრცელების მხრივ.

ხათუნა ბახტურიძე