"ამას არ შეიძლება­ ეკონომიკური დუღილი დავარქვათ, ეს არის პრობლემების დუღილი ეკონომიკაში" - კვირის პალიტრა

"ამას არ შეიძლება­ ეკონომიკური დუღილი დავარქვათ, ეს არის პრობლემების დუღილი ეკონომიკაში"

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ გვაქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომ მოსახლეობამ ნიჰილისტური დამოკიდებულება შეიცვალა და სამუშაოს დაუბრუნდა, "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება:

- სინამდვილეში ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური გარემოა პანდემიის უუნარო მართვის გამო. სომხეთში პანდემიის ყოველდღიური მაჩვენებელი ათჯერ ნაკლებია, ვიდრე საქართველოში, აზერბაიჯანში - სამჯერ ნაკლები. ყოველდღე 50 კაცი გვეღუპება და ეს საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის კატასტროფაა. თუ ეკონომიკა შარშანდელთან შედარებით მცირედით გამოცოცხლდა, მთავრობის პოლიტიკის კი არა, მეწარმეების თავგანწირული შრომის შედეგია. ამას არ შეიძლება ეკონომიკური დუღილი დავარქვათ. ეს არის პრობლემების დუღილი ეკონომიკაში. როდესაც ხელისუფლება ასეთი უუნაროა, თითოეულმა ჩვენგანმა ერთი ნაბიჯი მაინც უნდა გადადგას. "ლელომ" ახლახან საინფორმაციო კამპანია წამოიწყო. აცრას ვერავის დავაძალებთ, მაგრამ გვსურს მოქალაქეებს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია. უამრავი ზღაპარი ვრცელდება, ადამიანებს თავგზას ურევენ და გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ როგორც საკუთარ თავს, ისე ქვეყანას.

- კარდაკარ დადიხართ? - შევქმენით "ლელოს" ცხელი ხაზი, გვყავს კონსულტანტები... აღმოვაჩინეთ, რომ ხალხში ინფორმაციული შიმშილია. ყველაფერს გავაკეთებთ ამ ვაკუუმის ამოსავსებად.

- ალბათ, თქვენ უკვე აცრილი ხართ. - დიახ, "ასტრაზენეკათი", მაგრამ ყველა რეგულაციას მაინც ზედმიწევნით ვიცავ.

- ასეთ რთულ პირობებში რამდენად მოხერხდება იმ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა? - შეზღუდვების დაწესება ეკონომიკას აუცილებლად დაარტყამს. ჩვენ შეცდომა დავუშვით პანდემიის დასაწყისში, როდესაც რამდენიმე ერთეული შემთხვევის მართვის ნაცვლად სრული ლოკდაუნი გამოვაცხადეთ. აი, სწორედ მაშინ ამოვწურეთ ყველა რესურსი ეკონომიკაში. მერე, როდესაც ეპიდსიტუაცია მართლა გართულდა, ლოკდაუნის დაწესების შესაძლებლობა უკვე აღარ გვქონდა. ჩვენ რომ დროულად, აპრილში შემოგვეტანა ვაქცინა, ახლა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. ახლა საწოლფონდის პრობლემა გვაქვს. მწარე გამოცდილების მიუხედავად, შესაბამისად არ მოვემზადეთ. არადა, წინასწარ ვიცოდით, რომ ზაფხულში ეპიდსიტუაცია გართულდებოდა. აბსოლუტური დისბალანსია ინფიცირების ყოველდღიურ მაჩვენებელსა და საწოლფონდებს შორის. ჩვენს ექიმებს ურთულეს ვითარებაში უწევთ მუშაობა. მთელი დატვირთვა სამედიცინო სექტორზეა. ეს არ არის სწორი.

- ამ რთულ ვითარებაში როგორ აპირებთ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ან მერობის კანდიდატი როდის უნდა წარმოგვიდგინოთ?

- ჩვენ უკვე დავასრულეთ 3500 უბნის დაკომპლექტება საქართველოს მასშტაბით. უახლოეს დღეებში მოსახლეობასთან შეხვედრებსაც დავიწყებთ. რაც შეეხება მერობის კანდიდატს, სამშაბათს პრეზენტაციით წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე.

ხათუნა ბახტურიძე