"მათი ერთადერთი­ მიზანი არჩევნების შემდეგ არეულობის მოწყობაა" - კვირის პალიტრა

"მათი ერთადერთი­ მიზანი არჩევნების შემდეგ არეულობის მოწყობაა"

"ნახეთ, რა ირონიული სიტუაციაა - უკვე რამდენი ხანია ჩხუბობენ, რიგგარეშე არჩევნები გვინდაო. 2 ოქტომბერს არჩევნებია, ისინი კი ჩუმად სხედან..."

"ქართული ოცნების" მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ამომრჩეველთა ხმების 46,3%-ს მიიღებს, "ნაციონალური მოძრაობა" - 23,3%-ს, "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 5,3%-ს. როგორც "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მოსალოდნელია, რომ თბილისში არჩევნებს ათივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მოიგებენ. "ასევე წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს: "ქართული ოცნება" - 46,3%, "ნაციონალური მოძრაობა" - 23,3%, "გირჩი - მეტი თავისუფლება" 5,3%, "საქართველოსთვის" - 5,2%, "მოქალაქეები" - 3,3%, "სტრატეგია აღმაშენებელი" - 2,3%, "ლელო" - 2,3%, "პატრიოტთა ალიანსი" - 2,1%, "ევროპული საქართველო" - 1,4%, "გირჩი" - 1,4%, ლეიბორისტული პარტია - 0,9%, "ერთიანი საქართველო" - 0,8%, სხვა პარტიები - 5,6%. პაპუაშვილი ირწმუნება, რომ უკანასკნელ პერიოდში "ოცნების" რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. მისი ვარაუდით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებენ. პაპუაშვილის განმარტებით, თბილისის საკრებულოს არჩევნები "ოცნების" შიდა კვლევის შედეგით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პროპორციული წესით ასე განაწილდება: "ოცნება" 22 მანდატი, "ნაცმოძრაობა" - 11, "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 3, "საქართველოსთვის" - 2, "მოქალაქეები" - 2. "კვლევის თანახმად, კახა კალაძის გუნდი საკრებულოში ძლიერი და სტაბილური უმრავლესობით, კერძოდ, 50 წევრიდან 32 წევრით იქნება წარმოდგენილი", - აღნიშნავს პაპუაშვილი.

- პარალელურად კვლევების შედეგები გამოაქვეყნეს IღI-მ და NDI-მ. მათ კვლევებზე კითხვის ნიშნები გვაქვს, მაგრამ ყველა კვლევა ადასტურებს ჩვენს უპირატესობას. ოპოზიციურ პარტიებს შორის დაწინაურებულ "ნაცმოძრაობასაც" კი ორჯერ, ზოგიერთი კვლევით, სამჯერაც ვუსწრებთ. ეს გვაძლევს იმედს, რომ 2020 წლის შედეგებს გავაუმჯობესებთ.

- იმ შემთხვევაშიც, თუ ისედაც რთული ეპიდვითარება უფრო დამძიმდა?

- ეპიდვითარება მთელ მსოფლიოში რთულია, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაციის პროცესი გაცილებით წინ არის წასული. ჩვენ ნამდვილად ვართ რთული გამოწვევის წინაშე, მაგრამ პანდემიის დასაწყისში შეძენილი გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ინფექციის გავრცელებას საზღვრებში მოვაქცევთ.

- სპეციალისტების აზრით, რეგულაციები ზაფხულის დამდეგს რომ არ მოგეხსნათ, დღეს ასეთ რთულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდით. ექსპერტთა ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ეპიდემიასთან ბრძოლა პოლიტიკის მძევალი გახდა. - მე თუ მკითხავთ, ჩვენი ცხოვრება იქცა ეპიდემიის მძევლად. ყველამ ვიცით, თუ ლოკდაუნს გამოვაცხადებთ, ვირუსის გავრცელება შენელდება. ოპონენტები გვსაყვედურობენ, ქვეყანა მაშინ ჩაკეტეთ, როდესაც ყოველდღიური შემთხვევები ერთეულებს არ აღემატებოდაო. მაშინ არავინ იცოდა, რა ტიპის ვირუსთან გვქონდა საქმე. ახლა გვაქვს ვაქცინა და მკაცრი ლოკდაუნი საჭირო აღარ არის. მართვის სწორი ტაქტიკა რომ ავირჩიეთ, ამაზე ის მეტყველებს, რომ ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა გვაქვს, 12%-ზე მეტია ნახევარი წლის ზრდა.

- ჯარიმებზე ამნისტიის გამოცხადებამ პრობლემები შექმნა. მოქალაქეების ნაწილს ჰგონია, რომ ჯარიმები ისევ ჩამოეწერება და რეგულაციების შესრულებით თავს აღარ იწუხებს. - როდესაც ჯარიმების ამნისტიაზე მიდგა საქმე, მაღალი თანხებით დაჯარიმებული დაახლოებით 250 000 მოქალაქე მაინც არღვევდა რეგულაციებს. ჯარიმა რომ დაბალი ყოფილიყო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა. ზოგი არც ახლა იშლის, რამდენიმე ობიექტი დაილუქა იმის გამო, რომ ქორწილებსა და წვეულებებს მართავდნენ. მოქალაქეებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ, თავის მხრივ სახელმწიფომაც უნდა მოახდინოს რეაგირება.

- პირადი მაგალითებზე რას იტყვით? - ჩვენ შევეცადეთ მოქალაქეებისთვის პირადი მაგალითი გვეჩვენებინა, როგორც კი ვაქცინა შემოვიდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, სპიკერმა, მე, ოპოზიციონერებმა, მინისტრებმა ყველამ გავიკეთეთ აცრა.

- მაგრამ პრემიერი მსოფლიო ჩემპიონის პატივსაცემად გამართულ წვეულებას ესწრებოდა. - ახლახან სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწესდა რეგულაციები წვეულებებზე. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებამდე ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინა... ალბათ, გახსოვთ, რესტორატორები და ბიზნესმენები როგორ ითხოვდნენ რეგულაციების შემსუბუქებას. როგორც კი სიტუაციამ საშუალება მოგვცა, მაშინვე შევამსუბუქეთ. სამწუხაროდ, ახლანდელმა რეალობამ ისევ რეგულაციების დაწესება გვაიძულა.

- სად არის ლოგიკა, როდესაც შეზღუდვები უწესდება საბავშვო გასართობ ცენტრებს, კაზინოები კი ძველებურად მუშაობენ? - გადაწყვეტილებებს ვიღებთ დარგის ექსპერტების რეკომენდაციებით... ბავშვთა ცენტრები იმის გამო დაიხურა, რომ დელტა-შტამი განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის სახიფათო. მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება, როდესაც ბავშვებს ვერ ვცრით. ბიზნესის გამო ჩვენი შვილების სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შევუქმნით.

- სათამაშო სახლებზე რას იტყვით? - ამაზე ექსპერტებმა უნდა გაგვიზიარონ აზრი. თუ სიტუაციას პოსტფაქტუმ შევაფასებთ, ყველა მიღებული ზომა მოცემულ სიტუაციაში ეფექტიანი იყო...

- ანალიტიკოსების აზრით, წელს უჩვეულოდ დუნე წინასაარჩევნო გარემოა. ხელისუფლება ოპოზიციის მთვლემარე პოზიციაში ყოფნით ხომ არ სარგებლობს? - გეთანხმებით, ოპოზიცია თვლემს, მაგრამ ჩვენ თითქმის ყოველდღე ვაკეთებთ ახალ-ახალ წარდგენას, საარჩევნო კამპანიაში პირადად პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე არიან ჩართული. რეგიონშიც ვმართავთ შეხვედრებს, კახა კალაძე ძალიან აქტიურობს თბილისში. რაც შეეხება ოპოზიციის საეჭვო სიჩუმეს, მე ორ მიზეზს ვხედავ: ერთი - ვერ პოულობენ კანდიდატებს. ქვეყნის მართვაზე აქვთ პრეტენზია და მერობის თუ მაჟორიტარობის კანდიდატებს ვერ პოულობენ. მეორე - ოპოზიციას, განსაკუთრებით "ნაცმოძრაობას", ადგილობრივი თვითმმართველობა არ აინტერესებს, ამომრჩევლისთვის პროგრამების შეთავაზების სურვილი არა აქვს, ერთადერთი მიზანი არჩევნების შემდეგ არეულობის მოწყობაა. ისევ ძველ წრეზე სიარული და ქვეყნის ჯანჯღარი სურთ. ნახეთ, რა ირონიული სიტუაციაა - უკვე რამდენი ხანია ჩხუბობენ, რიგგარეშე არჩევნები გვინდაო. 2 ოქტომბერს არჩევნებია, ისინი კი ჩუმად სხედან. ოპოზიცია რიგგარეშე კი არა, მორიგი არჩევნებისთვისაც არ არის მზად. სინამდვილეში მათ რიგგარეშე არჩევნები კი არა, სიტუაციის იმდაგვარად არევა სურთ, რომ ხელისუფლებაში რევოლუციით მოსვლის საშუალება მიეცეთ. იმედი ტყუილად ნუ ექნებათ, ამის საშუალებას არ მივცემთ.

ხათუნა ბახტურიძე