"თალიბანი" ქაბულის გარდა ყველა ძირითად ქალაქს აკონტროლებს - რა ხდება ავღანეთში?
რადიკალური დაჯგუფება "თალიბანი" ქაბულის გარდა ავღანეთის ყველა ძირითად ქალაქს აკონტროლებს.
BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის 34 პროვინციული ცენტრიდან 23 უკვე "თალიბანის“ ხელშია.
დიდი ქალაქებიდან კი ქაბული ერთადერთია, რომელსაც ავღანეთის მთავრობა აკონტროლებს.
BBC-ის ცნობით, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი ჯალალაბადი რამდენიმე საათის წინ აიღო, რომელზე კონტროლის მოსაპოვებლადაც დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. არსებული საფრთხის გამო აშშ-მა ქაბულში არსებული საელჩოდან პერსონალის ევაკუაცია დაიწყო. ამ დროისათვის ავღანეთი 5 000-ზე მეტმა ამერიკელმა ჯარისკაცმაც დატოვა. აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთს საბოლოოდ 11 სექტემბერს დატოვებენ.
"ინტერპრესნიუსი"