"ვეჭვობ, სააკაშვილს პარტიაში გამარჯვებული ლიდერები არ სჭირდება... ის არ დაუშვებს თავისი ლიდერობისთვის საფრთხის შექმნას"
"მერობის კანდიდატად კენჭისყრა აშკარად არ არის მელიას გადაწყვეტილება. ვეჭვობ, სააკაშვილს პარტიაში გამარჯვებული ლიდერები არ სჭირდება. გახსოვთ, პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე რომ დაასახელა? ახლა ნიკა მელიას მერობის კანდიდატის ბრძოლისთვის აცდენს"
"თუ მედიასაშუალებებში რამდენიმე განცხადებას არ ჩავთვლით, დღეს არჩევნებზე არავინ საუბრობს. არც იგრძნობა, რომ თვე-ნახევარში უნდა ჩატარდეს. ეს ძალზე ცუდი ტენდენციაა", - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე და იმედოვნებს, რომ საარჩევნო კამპანია უახლოეს დღეებში მაინც დაიწყება და ანალიტიკოსებსა და ჟურნალისტებს პროცესების შეფასების საშუალება მიეცემათ. მისი შეფასებით, განსაკუთრებით უცნაურ და მთვლემარე სიტუაციაშია ოპოზიცია. რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური პარტიების ინერტულობას, რას ფიქრობენ ან რას გეგმავენ ოპოზიციონერი ლიდერები და რისთვის ემზადება მმართველი გუნდი, ხალხის განწყობასა და არჩევნების შესაძლო შედეგებზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:
- ოპოზიციის ინერტულობაზე ორი ვერსია მაქვს: ან ვერ ჩამოყალიბდა, ან წინასწარ შეეგუა წაგებას. ამბობენ, რომ აქტიური საარჩევნო კამპანია მომავალი კვირიდან დაიწყება. აქამდე რას უყურებდნენ? ჩემი აზრით, ძალიან აგვიანებენ.
მე ახლა ზესტაფონში ვარ. აქ არავინ ლაპარაკობს არჩევნებზე. ხალხი პანდემიასა და ვაქცინაციაზე შეთქმულების თეორიებს ინტერესით განიხილავს. კაციშვილს არ ახსოვს არჩევნები.
ხელისუფლებას უდიდესი ფორა აქვს - ვერტიკალი აწყობილი აქვს, სახელისუფლებო სტრუქტურებს იყენებს (კანონიერად თუ უკანონოდ, სხვა საქმეა), შეხვედრებს ატარებს, დაპირებებს გასცემს და ამ დროს ოპოზიცია რას აკეთებს? ერთადერთი მესიჯი იყო ასეთი: ეს ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნები კი არა, რეფერენდუმია და ხმა იმიტომ კი არ უნდა მოგვცეთ, რომ ეკონომიკას განვავითარებთ ან სხვა რამეში წინსვლა გვექნება, არა, ხმა იმიტომ უნდა მოგვცეთ, რომ 43% ვერ აიღოს "ოცნებამ" და ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნებიო.
- სხვადასხვა ორგანიზაციამ გამოკითხვების შედეგები გამოაქვეყნა, რომლებიც ერთმანეთისგან ძალზე განსხვავებულია. მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაცია "გორბის" კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას "ოცნებას" მისცემდა, "ნაცმოძრაობას" - 27,1%, გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" - 8,7%; NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე განაწილდა: არც ერთი - 51%; "ოცნება" - 18%; არ ვიცი - 10%; უარი პასუხზე - 9%; "ნაცმოძრაობა" - 6%; სხვა პარტიები - 6%.
- დიახ, სამი თუ ოთხი ორგანიზაციის კვლევა გამოქვეყნდა, თავის მხრივ, "ოცნებამ" გამოაქვეყნა შიდა კვლევის შედეგები. მე არასდროს ვაკეთებ აქცენტს, ემთხვევა თუ არა ციფრები ერთმანეთს, რაც მთავარია, ტენდენცია ყველგან ერთნაირია.
არის ერთი საინტერესო მომენტი - თბილისში, ძირითადად, ორი კანდიდატი განიხილება და ჩანს, დიდი ალბათობით, არჩევნები პირველივე ტურში "ოცნების" კანდიდატის გამარჯვებით დასრულდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამაზე ოპოზიციის განწყობა მეტყველებს.
ოპოზიციონერი ლიდერები თითქოს მოდუნებულ-მოთენთილი არიან, აღარაფრის ხალისი აღარ აქვთ.
- ამას, ალბათ, ახსნა აქვს. მმართველი გუნდის ლიდერები უკვე ხშირად ლაპარაკობენ სააკაშვილისა და მელიას დაპირისპირებაზე. მამუკა მდინარაძემ ისიც კი თქვა, თუ მელია სააკაშვილს გაემიჯნება, მასზე 3%-ით მეტ მხარდაჭერას მიიღებსო. - მელია მართლაც არ ჰგავს მელიას, მაგრამ მდინარაძის ვერსია არადამაჯერებლად მეჩვენება. დიახ, გავბედავ და ვიტყვი - ნიკა მელია წინასწარ წაგებულ თამაშს თამაშობს. მერობის კანდიდატად კენჭისყრა აშკარად არ არის მისი გადაწყვეტილება. ვეჭვობ, სააკაშვილს პარტიაში გამარჯვებული ლიდერები არ სჭირდება. გახსოვთ, პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე რომ დაასახელა? ახლა ნიკა მელიას მერობის კანდიდატის ბრძოლისთვის აცდენს.
თუ "ნაცმოძრაობას" მართლა სურს სერიოზული წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, მელიას, რომელიც მხოლოდ "ნაცმოძრაობაში" კი არა, მთელ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე რეიტინგული ფიგურაა, თბილისზე არ მიაბამდა. ეს პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილებაა და ამასთან, გაუმართლებელიც, რა თქმა უნდა, თუ ამ გადაწყვეტილების უკან სხვა ზრახვები არ იმალება.
მეც ვფიქრობ, სააკაშვილსა და მელიას შორის უთანხმოებაა, მაგრამ გადაჭარბებად მიმაჩნია იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა მან სააკაშვილზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს.
- რას თამაშობს სააკაშვილი? რისთვის სჭირდება დამარცხებული ლიდერები?
- როდესაც პირველი პირი ხდება, ისეთი ტიპის ადამიანი, როგორიც სააკაშვილია, მეორე, მესამე და მეოთხე პირი არ არსებობს, არის მეთერთმეტე და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ, ვინ იყო "ნაცმოძრაობის" დროს ქვეყანაში მეორე კაცი?
- კი, ვანო მერაბიშვილი. - მერაბიშვილი, რომელსაც ასი წელი არ ექნებოდა პრეტენზია პრეზიდენტობაზე. ისეთი მეორე კაცი რომ არ იყო ქვეყანაში, რომელიც შეიძლებოდა ლიდერი გამხდარიყო, იმიტომ არის დღემდე "ნაცმოძრაობის" შეუცვლელი ლიდერი სააკაშვილი.
სააკაშვილი არ დაუშვებს თავისი ლიდერობისთვის საფრთხის შექმნას. ასეთივეა ივანიშვილი, ასეთივე იყო შევარდნაძე. ამ ტიპის ლიდერები სხვა ლიდერებს ახლოს ვერ იტანენ.
- "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებზე რას იტყვით? მაგალითად, რატომ აღარსად ჩანან არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე? - იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ მათი წინ წამოწევა მომგებიანი არ არის. თალაკვაძის რა მოგახსენოთ, მაგრამ კობახიძეს სხვა ფუნქცია აქვს გუნდში. ის წინა ხაზზე მაშინ გამოჰყავთ, როდესაც ოპოზიციის გამოწვევა და გაღიზიანება სურთ.
- ამბობთ, "ოცნებას" წინასაარჩევნოდ დიდი კარტ-ბლანში და სწორი სტრატეგიაც აქვსო, თუმცა მაშინ, როდესაც 19 აპრილის ხელშეკრულების ანულირება მოახდინეს, თქვით, მმართველ გუნდს შეეშინდა, რომ არჩევნებში 43%-იან მხარდაჭერას ვერ მიიღებსო. - მათი შიში განპირობებული იყო გახარიას ფაქტორით. როდესაც 43%-იანი დათქმა გააკეთეს, მაშინ გახარია მათი გუნდის ლიდერი იყო. მისმა წასვლამ, შემდეგ პარტიის შექმნამ და რეიტინგმა მმართველი გუნდის ლიდერები დააფიქრა. შესაბამისად, თავი დაიზღვიეს. არჩევნებში რომ მართლა ვერ აეღოთ 43% და მაშინ ეთქვათ, გამოვდივართ შეთანხმებიდანო, ეს უკვე ნამდვილად იქნებოდა მათი გუნდის დასასრული.
"ოცნებამ" თავიც დაიზღვია და ოპოზიციაც მშრალზე დატოვა. რას ვგულისხმობ? ოპოზიციის ერთადერთი საარჩევნო სასაუბრო თემა იყო ვადამდელი არჩევნები. ახლა ოპოზიციას ისღა დარჩა სალაპარაკო, "ოცნებას" მაინც ვაიძულებთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და ამაში დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარებიანო.
გასაგებია, რომ მმართველი გუნდი დასავლეთმა მკვეთრად გააკრიტიკა, მაგრამ ქართველი ხალხი უკვე კარგად ხვდება, რომ დასავლელი პარტნიორები კრიტიკის იქით არაფერზე არ არიან წამსვლელი. შეიძლება ითქვას, დღეს ოპოზიციას ნიადაგი აქვს გამოცლილი. სხვათა შორის, არა მგონია, "ნაცმოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" გარდა, რიგგარეშე არჩევნები ვინმეს აწყობდეს. "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "მოქალაქეები" უკვე ხვდებიან, რომ განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში შეიძლება ვეღარც მოხვდნენ პარლამენტში. "ნაციონალებს" სულ არ აწყობთ არჩევნები, რევოლუციაზე უჭირავთ თვალი, "ევროპულ საქართველოს" კი დასაკარგი არაფერი აქვს, გუნდში დღეს დარჩენილი ლიდერებიდან არც ერთი არ არის პარლამენტში.
- ელენე ხოშტარიას "დროას" შანსს როგორ შეაფასებთ?
- მე თუ მკითხავთ, ხოშტარიამ "ნაცმოძრაობაში" შემოვლითი გზით დაბრუნება გადაწყვიტა. "ევროპული საქართველო" ჩაიძირა. იქ არანაირი პერსპექტივა აღარ არის და წამოვიდა. სად უნდა წასულიყო? პირდაპირ "ნაცმოძრაობაში" დაბრუნება მხარდამჭერების თვალში ცუდად გამოჩნდებოდა. ამიტომ გააკეთა პარტია და ახლა ბლოკს გააკეთებს. პარტიაში იქნება ელენე ხოშტარია და არავინ სხვა...…მისი პარტია, ალბათ, 1%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს, თუმცა ბლოკში რაღაც შედეგს მიიღებს. ოპოზიციის საერთო ჯამში ერთი კი არა, ნახევარი პროცენტიც ხეირია.
ხოშტარიას პარტიას, ისევე როგორც სხვა პატარა პარტიებს, არანაირი პერსპექტივა არა აქვთ.
- ესე იგი, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ისევ ორ ძალას შორის დაპირისპირებას ვიხილავთ. - ასეა. მე ძალიან მაინტერესებს, ვინ გადაწყვიტა პოლიტიკურ ველზე "ნაცმოძრაობის" სპარინგპარტნიორად დატოვება.
- რა ვერსია გაქვთ? - არ ვიცი... ივანიშვილს საკმარისი ფული აქვს იმისთვის, რომ გონიერი ადამიანები დაიქირაოს.
ხათუნა ბახტურიძე