"ციხეში სამჯერ შესულ-გამოსული ხალხი ვიცი, ოჯახური სქემები აქვთ. ხშირად ცოლი, შვილია ჩართულია ამ საქმეში. იმ კაცს რა უნდა ელაპარაკო, ვინც შვილს ამაში გარევს?!"
"ეს ნარკობაზარი უნდა მოისპოს!"
სამწუხაროდ, წლებია, ფონიჭალაში ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვის პრობლემა სახელმწიფომ ვერ მოაგვარა. ყველამ კარგად იცის ის დასახლებაც, სადაც წამალი თავისუფლად იყიდება და ამ ტერიტორიას პატარა კოლუმბიას თავად მოსახლეობა უწოდებს. აქ შესვლისთანავე თვალში საცემია მათი უზარმაზარი, მარმარილოთი მოპირკეთებული, დიდი გალავნებით გარშემორტყმული სახლები. აქ ყველამ კარგად იცის, წამლის "ბარიგა" ვინ არის, იციან ისიც, რომ ამდენი დაკავების მიუხედავად, ქვემო ფონიჭალაში წამალი თავისუფლად იყიდება, მაგრამ ამ თემაზე საუბარს ყოველთვის ერიდებიან.
"მწვანილის გაყიდვით ამდენ ფულს რომ ვერ იშოვი, თქმაც არ უნდა"
ფონიჭალის მცხოვრები: - აქ, ძირითადად, აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, ქართველი ბევრი არ ვართ. მწვანილის გაყიდვით ამდენ ფულს რომ ვერ იშოვი, თქმაც არ უნდა. დაათვალიერეთ სახლები და მიხვდებით, ვინ რითი სუნთქავს. ყველაზე მეტად ის მადარდებს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ნარკომანი გახდა და ეს ერის ტრაგედიაა. პოლიცია ხშირად ოჯახის რამდენიმე წევრს ერთად აკავებს, მაგრამ ამით პრობლემა არ გვარდება. უნდა ნახოთ აზერბაიჯანელი ქალების წივილ-კივილი, როგორ წინააღმდეგობას უწევენ სპეცრაზმელებს და როგორ ცდილობენ, ოჯახის წევრი არ გაატანონ - ქუჩაში ფორთხავენ, გზაზე წვებიან, პოლიციის მანქანებს არ ატარებენ, ყვირიან, წამალი ჩაგვიდესო. სასჯელიც მკაცრი არ არის, რამდენიმე წელში გარეთ გამოდიან, არადა, ისე მკაცრად უნდა დასაჯო, რომ მეორემ იგივე არ ჩაიდინოს. პატიოსნად რომ შრომობენ, ისეთი აზერბაიჯანელიც ბევრი ცხოვრობს აქ და მათ სახლებს ეს ეტყობა.
"ასეთებს ყოველდღე იჭერენ, მაგრამ სხვა ამ საქმეს მაინც არ ეშვება - ცდუნება დიდია და რისკავენ"
გასულ კვირას შსს-მ მორიგი სპეცოპერაციის დეტალები გაახმაურა - კომპლექსური ღონისძიებების შედეგად თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 20 პირი დააკავეს. მათ შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა... ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ადრე პროკურატურაში მუშაობდა და კარგად იცნობს ამ პრობლემას.
- იცვლება ხელისუფლება, იცვლებიან მინისტრები, მაგრამ ეს პრობლემა ვერა და ვერ მოგვარდა. გაიძახიან, გავამკაცროთ კანონიო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს! თუ გინდა დახვრეტა შემოიღონ, არაფერი შეიცვლება. მთავარია პრევენცია, დღეს კი არანაირი პრევენცია არ ხდება. რამდენი უნდა დაიჭირო? ფონიჭალა პრობლემის ნაწილია. მათ პირადი კონტაქტებით შემოტანის გზები აქვთ. ეთნოფაქტორითაც არის ეს განპირობებული... ეს არის დიდი სიმდიდრის ძალიან სწრაფად დაგროვების საშუალება. 30 წელია კრიმინალთან ბრძოლის სწორ გეზს ვერ ვხედავ. ნარკოტიკებთან ბრძოლის სპეციალური სამსახურები გვაქვს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. სტატისტიკა ნახეთ - რამდენია ისეთი, ერთხელ კი არა, სამ-ოთხჯერ რომ აქვს მოხდილი სასჯელი ნარკოტიკული დანაშაულისთვის, მაგრამ იმავეს სჩადის. ადრეული ასაკიდან უნდა ასწავლო ბავშვებს, რომ დანაშაული არის სირცხვილი... ამ საქმიანობას აკლია ოპერატიულობაც. ოპერმუშაკები ფიქრობენ, საქმე უნდა გავხსნათ დანაშაულის ჩადენის შემდეგო და არავის აინტერესებს, რომ მთავარია, დანაშაული არ მოხდეს. მართალია, ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი მკაცრია, მაგრამ ნარკოდამოკიდებული ადამიანის ფსიქიკა სხვაგვარად არის მოწყობილი. დამოკიდებულება ისეთი ძლიერია, რომ მაინც რისკავენ. იჭერენ, ციხეში უშვებენ, ხედავენ, ოჯახები როგორ ენგრევათ, შვილები მათ გარეშე როგორ იზრდებიან, მაგრამ გამოდიან და იმავეს აკეთებენ... ნარკორეალიზატორებიც ნარკომომხმარებლებივით არიან ამაზე დამოკიდებული. ასეთებს ყოველდღე იჭერენ, მაგრამ სხვა ამ საქმეს მაინც არ ეშვება, რადგან ცდუნება დიდია და რისკავენ. მარტო მათი სახლები ნახეთ! ფიზიკური შრომით ამხელა ქონებას ხომ ვერ დააგროვებ?! მწვანილში ამდენი ფულია? შს სამინისტრომ უნდა გაააქტიუროს მუშაობა, მთავარია პრევენციისთვის იმუშაონ, ამას კი ფინანსები სჭირდება. სახელმწიფო ათას სისულელეში ხარჯავს ფულს, არადა, ჯობია, ამ საქმეს მიხედონ, რომ როგორმე მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ახალგაზრდები 13-14 წლიდან ნარკოდამოკიდებული არიან. ეს ბაზარი უნდა მოისპოს!
- რატომ ვერ ახერხებს ამას სახელმწიფო? ამბობენ, ძალოვანები ამუშავებენ "ბარიგებსო". შეიძლება ნარკორეალიზატორებიც ამით არიან გათამამებული... - ადრე ამ სისტემაში ვმუშობდი და კარგად ვიცნობ. მაშინ მართლაც იყო პრეცედენტები, რომ ვინც ამ დანაშაულს ებრძოდა, თვითონ ლობირებდა და კურირებდა ამ ბიზნესს. ეს იყო სისტემატიზებული ბაზარი. რაღა ნავთობი და რაღა - ეს! მახსოვს, ამერიკის სპეციალური ბიუროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩამოვიდა, ლექციას გვიტარებდა და ასეთ ამბავს მოგვიყვა: ვაშინგტონში თურმე ჩანერგეს აგენტი. ერთ-ერთი ბოსი დაუახლოვდა და ბოლოს უთხრა, ფული გამაცოცხლებინეო. ამან დაურეკა ბიუროს, რა ვქნა, დავეთანხმოო? რამდენი უნდა გააცოცხლოს, ჰკითხეო. იმან უთხრა, კვირაში 10 მილიონი დოლარი, მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ ცოცხლები ვიქნებითო. წარმოგიდგენიათ, რა თანხებზეა ლაპარაკი? ცხადია, ცდუნება დიდია! ჩვენთან არაერთი სამართალდამცველი დააკავეს მათთან კავშირის გამო.
- პოლიცია თითქოს გეგმას ასრულებს, თვეში ერთხელ ატარებს სპეცოპერაციას... - თუ არ ჩაატარა საკონტროლო შესყიდვა, თუ არ ჩანერგა აგენტი და ფაქტზე არ დაიჭირა, შედეგს ვერ მიიღებს. გამოვლენა ძალიან რთულია. შეიძლება სამი თვე ერთ კონკრეტულ პირზე იმუშაო, მაგრამ ფაქტზე ვერ დაიჭირო. ისინიც კარგად არიან გაწაფული. საქართველოში რა ბიზნესი უნდა გქონდეს, რომ ამხელა ფული იშოვო?! ძალიან იოლად მდიდრდებიან. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რომ ვერ დაგიჭირეს, ეჩვევი, გგონია, რომ ჭკვიანი ხარ და უკან აღარ იხევ. ფონიჭალის გარდა ნარკოტიკის შემოტანის სხვა უამრავი გზაა. მანქანები ლამის ნაწილებად დაშალონ და ისე შემოუშვან. სად აღარ დებენ წამალს! ეს კატასტროფაა, ურთულესი პრობლემაა. ნახეთ, რამდენი რეგისტრირებული ნარკომანია, რამდენია ჩართული პროგრამაში. აAსაკიც ძალიან გაახალგაზრდავდა.
- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?
- უნდა შეიმუშაოს კონკრეტული ანტინარკოტიკული პოლიტიკა. განათლების სისტემიდან უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება. უნდა ჩაერთონ ფსიქოლოგები. ერთხელ რომ წაგიცდება ხელი, შენი საქმე დამთავრებულია, ამიტომ ახალი თაობის აღზრდით უნდა დავიწყოთ და ჩავაგონოთ, რომ ეს დამღუპველია. ნარკოტიკების მოხმარება ხშირად ტრავმირებული ქვეცნობიერის შედეგია. ოჯახებში ხშირია კონფლიქტი. ოჯახური ძალადობისთვის უამრავი ადამიანი იხდის სასჯელს და ასეთ ოჯახებში გაზრდილი ბავშვი გასაქცევს ეძებს. ბევრი მათგანი ხდება ნარკომანი. სააკაშვილი ტრაბახობდა, დანაშაული აღმოიფხვრაო. ეს დროებითი მოვლენა იყო. არავის არანაირი დანაშაული არ აღმოუფხვრია. მათაც მშვენივრად მოირგეს ეს საქმე, ოღონდ უფრო ზედა ეშელონებიდან იმართებოდა. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ბევრი შემთხვევა მქონდა, როცა პოულობდნენ გამსაღებელს, მაგრამ აძლევდნენ გარანტიას, რომ არ დაიჭერდნენ, სამაგიეროდ, ის გამსაღებელი 15-20 კაცს აჭერინებდა და წილსაც უხდიდა პოლიციას. შევარდნაძის დროს წვრილფეხა "ჩალიჩობდა", სააკაშვილის დროს კი ზემოთ მოიგდეს ეს ბიზნესი, მთელი ფული ზემოთ წავიდა. დღეს უფრო ლიბერალური მიდგომაა, არასრულწლოვნების კოდექსი ლიბერალურია და ეს კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, არასრულწლოვნებს ხშირად რთავენ ამ საქმეში. სამუდამოს არავის უსჯიან, 16-17 წელს აძლევენ, მაგრამ 5-6 წელში ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებულები სხვადასხვა გზით გარეთ გამოდიან. ციხეში სამჯერ შესულ-გამოსული ხალხი ვიცი, ოჯახური სქემები აქვთ. ხშირად ცოლი, შვილია ჩართულია ამ საქმეში. იმ კაცს რა უნდა ელაპარაკო, ვინც შვილს ამაში გარევს?!
- შემოტანის გზებზე რას იტყვით? - ეს მსოფლიო ნარკოტრეფიკია. როგორც კი ამერიკული შენაერთები გამოვლენ ავღანეთიდან, იქ უნდა ნახოთ, რა მოხდება! ავღანეთი ნარკოტიკების მექაა. "თალიბანი" აკონტროლებს ამ ტერიტორიას და წარმოიდგინეთ, მათთვის რამხელა ფულის წყაროა, თან ოპიუმი მოდის! იყო მცდელობა, ოპიუმის პლანტაციები ამოეძირკვათ და ზაფრანის თესლს თესავდნენ, მაგრამ არ გამოვიდა. ერთი დიდი ნარკოტიკული კერა აღმოიფხვრება და მეორე ჩნდება. ავღანეთის ფაქტორის გამო უფრო გართულდება სიტუაცია. ნარკოტიკების გამსაღებლებთანაც ხშირად მიწევდა ურთიერთობა და მომხმარებლებთანაც. სუბოტექსიც არანაკლები პრობლემაა. ევროპიდან შემოაქვთ და ფანტაზია დიდია - ათასნაირ სამალავს აწყობენ. იყო შემთხვევები, როცა ყლაპავდნენ, მაგრამ ახლა ამის სკანირება შეიძლება. ყოფილა შემთხვევა, როცა გადაყლაპული ნარკოტიკი კუჭში გახსნიათ. ავტომობილებით, ავტობუსებით შემოაქვთ და თუ კონკრეტული ინფორმაცია არ გაქვს, რთული გასაკონტროლებელია. პოლიცია, ძირითადად, ინფორმაციაზე მუშაობს, ელოდება შემომტანს და საზღვარზე აკავებს. არის შემთხვევები, როცა ადამიანი შიშისგან თვითონვე ამჟღავნებს თავს. საქართველოში არსებობს ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული წყარო და მათთან შეუპოვარი ბრძოლაა საჭირო. სერიოზული გამოწვევაა ინტერნეტით გავრცელება და კლუბური ნარკომანიაც, რომლის ძირითადი წყარო ევროპის ქვეყნებია. ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და ძალიან დიდია მოხმარების ბაზარი. ეს ჩვენთვის მომაკვდინებელი პრობლემაა.