"როცა ყოველდღე ათეულობით თანამემამულეს ვკარგავთ, როგორ შეიძლება ვინმემ შეკითხვა დასვას?! არ ფიქრობენ, რომ შემდეგი შეიძლება მათი ოჯახის წევრი გახდეს?" - კვირის პალიტრა

"როცა ყოველდღე ათეულობით თანამემამულეს ვკარგავთ, როგორ შეიძლება ვინმემ შეკითხვა დასვას?! არ ფიქრობენ, რომ შემდეგი შეიძლება მათი ოჯახის წევრი გახდეს?"

"მესმოდა გარდაცვლილთა ახლობლების ტირილი და ყვირილი. გამწარებული ადამიანები საკუთარ ავტომანქანებს ამტვრევდნენ... რვა დღის განმავლობაში, სანამ კლინიკაში ვიყავი, სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 30 წლის ორსულსა და 20 წლის გოგონას გული გაუჩერდათ, 22 წლის ბიჭი კი თავის ტვინში წარმოქმნილი გართულებებით გარდაიცვალა..."

აცრების ისტორია 1796 წლის 14 მაისიდან იწყება: ამ დღეს ინგლისელმა მეცნიერმა ედუარდ ჯენერიმ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთა 8 წლის ბიჭს, რომელმაც ღრმა სიბერემდე იცოცხლა. ამ ამბავს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა: სამეცნიერო საზოგადოება ჯენერის მეთოდს ეჭვით უყურებდა, პრესაში კი წერდნენ, არ გაუკეთოთ აცრა თქვენს შვილებს, თორემ რქები და ჩლიქები ამოუვათო. არანაკლები აჟიოტაჟი მოჰყვა "კოვიდ 19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას XXI საუკუნეში: ვაქსერები და ანტივაქსერები ერთმანეთს ლანძღავენ, წყევლიან, თუმცა ფაქტი ჯიუტია - მედიცინამ აცრის წყალობით 20-მდე ისეთი დაავადება დაამარცხა, რომლებმაც გასულ საუკუნეებში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა: პოლიომიელიტი, ტეტანუსი, წითელა, ცოფი, წითურა და ა.შ... ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ვაქცინაციაზე პოპულარული ადამიანები:

"არავითარი გვერდითი მოვლენა არ მქონია"

იმედო კახიანი, საქართველოს სახალხო არტისტი: - ჩემი ოჯახი უკვე აცრილია, რადგან ამაზე უკეთეს გამოსავალს ვერ ვხედავ. უკვე ორჯერ ვარ აცრილი "ასტრაზენეკათი". მივედი ქალბატონ მარინა ეზუგბაიასთან, გავიკეთე აცრა, ნახევარი საათი ვიჯექი და შინ დავბრუნდი. არავითარი გვერდითი მოვლენა - სიცხე, სისუსტე ან სხვა სიმპტომი არ მქონია. ვიცი, რომ ზოგიერთს გვერდითი მოვლენები ჰქონდა, ვიცი, რომ "კოვიდი" შეიძლება აცრილ ადამიანსაც შეეყაროს, მაგრამ იოლად გადაიტანს. არ მესმის, უარი რატომ უნდა მეთქვა? ოჯახში პატარა ბავშვები მყავს და მათ ჯანმრთელობას ხომ უნდა მოვუფრთხილდე? ვინც ამტკიცებს, ვაქცინა კარგი არ არისო, მიპასუხოს, მაშინ რა გავაკეთოთ, რა არის ამაზე უკეთესი და დავიჯერებთ. ამიტომ, რასაც ექიმები გვეუბნებიან და მთელი მსოფლიო აკეთებს, ჩვენც ის უნდა გავაკეთოთ. ისევ ყველაფერი რომ ჩაიკეტოს, ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს, შიმშილი და გაჭირვება დაიწყება. თუ გონივრულად მოვიქცევით და ერთმანეთის ლანძღვის ნაცვლად საქმეს მივხედავთ, ყველაფერს ეშველება. როცა მოყვასის სიცოცხლეს უფრთხილდები, როცა ნაბიჯს ამ მიზნით დგამ, ღმერთიც შენთანაა. როგორ შეიძლება ადამიანმა თქვას, ნეტავ ყველა აცრილი ან აუცრელი მოკვდებოდესო?! ყველა გონს უნდა მოვეგოთ და ჩვენს საქციელს უფრო დავუფიქრდეთ.

"შეთქმულების თეორიის მიმდევრებს ვეტყოდი, ფაქტებს დაეყრდნონ?"

ქეთი გაბისიანი, კომპოზიტორი: - მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ფიქრობს, რომ ვაქცინის გაკეთება აუცილებელია. "კოვიდს" სხვანაირად ვერ მოვერევით, ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა. მართალია, ეს პროცესი ცუდად დაიწყო, ახალციხეში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა და ძალიან ცუდი რამ მოხდა, მაგრამ ეს ერთი შემთხვევა იყო, მეორე მხარეს კი, რამდენიმე ათასი ვირუსის მსხვერპლია. საბედნიეროდ, მეც აცრილი ვარ, ჩემი ყველა ახლობელიც აიცრა და ღვთის წყალობით, ყველა კარგად მყავს. დასაბამიდან დღემდე რა ვირუსიც ყოფილა, ყველას წამალი არის ანტივირუსი. სხვა გამოსავალი არ არსებობს - ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. როცა ამდენი შტამი შემოდის, ყველა ასაკობრივი კატეგორია წაიშალა და ვირუსი თოთო ბავშვებით დაწყებული ასაკოვან ადამიანებამდე არავის ინდობს, რატომ არის ეს ეჭვის საგანი?! საშიში ვაქცინა კი არ არის, საშიში აუცრელობაა. მე "სინოფარმით" ავიცერი და ისეთი განცდა მაქვს, რომ სიცოცხლის გარანტია მაქვს. მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით გავაკეთე დასკვნა. შეთქმულების თეორიის მიმდევრებს კი ვეტყვი: არ ჯობია ნამდვილ ციფრებს და ფაქტებს დავეყრდნოთ? თუ არ სჯერათ, ციფრებს მაინც გადახედონ. ყველაზე საწყენია, რომ ზოგიერთი ამას ღმერთის სახელით ამართლებს, ამასობაში კი ნახევარი მსოფლიო ამოწყდა!

"ექიმების რესურსი უსაზღვრო არ არის"

გია ბაღაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი: - "კოვიდი" მთელმა ჩემმა ოჯახმა გადაიტანა. ჩემი მშობლები ორი კვირა მკურნალობდნენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. საბედნიეროდ, გამოჯანმრთელდნენ. მათთან ერთად კლინიკაში იწვნენ: დათო როსტომაშვილი, მერაბ სიჭინავა, მამუკა ონაშვილი, ამჟამად ბესო ბერულაშვილიც მკურნალობს. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს საამაყო ექიმებს, რომლებიც 24-საათის განმავლობაში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იბრძვიან თითოეული პაციენტის გადასარჩენად. მათი თავდადება ჩემი თვალით ვნახე, თუმცა ისინიც ადამიანები არიან და მათი რესურსი უსაზღვრო არ არის. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკის თუ სამედიცინო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებმაც ვერ გაუძლეს პაციენტთა მოზღვავებულ ნაკადს. სწორედ ამიტომ ჩვენი ვალია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და რეკომენდაციები მაქსიმალურად შევასრულოთ. საბედნიეროდ, დღეს უკვე ხელმისაწვდომია ვაქცინა. მე უკვე აცრილი ვარ "სინოფარმით", მალე ჩემი მშობლებიც აიცრებიან. ვირუსმა უამრავი კარგი ადამიანი იმსხვერპლა. შორს რომ არ წავიდე, ჩემთვის ორ უახლოეს ადამიანს, ორ დიდ ქართველს - თემურ წიკლაურს და ანზორ ერქომაიშვილს გავიხსენებ: თემურის ავადმყოფობის დროს ვაქცინა ჯერ არ არსებობდა, ხოლო ბატონი ანზორი უკვე ჩაწერილი იყო აცრაზე და საუბედუროდ, ერთი კვირით ადრე დაინფიცირდა. ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება და მხოლოდ ის მაიმედებს, რომ ვაქცინაციის ტემპი იზრდება. ასე თუ გავაგრძელებთ, ვირუსს დავამარცხებთ.

"როცა ყოველდღე ათეულობით თანამემამულეს ვკარგავთ, როგორ შეიძლება ვინმემ შეკითხვა დასვას?!"

ირინა ონაშვილი, ტელეწამყვანი, მოდელი: - საბედნიეროდ, ვირუსი არ შემხვედრია, მაგრამ როგორც კი ვაქცინის გაკეთების საშუალება მომეცა, მაშინვე ავიცერი. არანაირი გართულება არ მქონია, მაგრამ ამასაც შეგუებული ვიყავი, რადგან გვერდითი მოვლენები ბავშვებსაც აქვთ, როცა გეგმურ აცრებს ვუკეთებთ. ყველას მოვუწოდებ, აიცრან, რადგან ეს ერთადერთი გზაა - გზა სიცოცხლისა და გადარჩენისკენ. ანტივაქსერებს თავიანთი არგუმენტები აქვთ, მაგრამ ხომ არსებობს სტატისტიკა, როგორ გადაიტანეს "კოვიდი" აცრილმა და აუცრელმა, რამდენად განსხვავდებოდა მათი ფილტვების მდგომარეობა? როცა ყოველდღე ათეულობით თანამემამულეს ვკარგავთ, როგორ შეიძლება ვინმემ ეჭვი გამოთქვას და შეკითხვა დასვას?! ნუთუ არ ფიქრობენ, რომ შემდეგი შეიძლება მათი ოჯახის წევრი გახდეს? საბედნიეროდ, ვაქცინა გვაქვს და მის გაკეთებაზე ჭოჭმანი არ შეიძლება!

ხათუნა ჩიგოგიძე