"მისი მამა რუსეთში მაღალი თანამდებობის პირი იყო და როდესაც ეს ამბავი შეიტყო, ფოთში ჩავიდა და დაუკავშირდა "იქს" პიროვნებას, რომელთანაც მოლაპარაკება გაიმართა..." - კვირის პალიტრა

"მისი მამა რუსეთში მაღალი თანამდებობის პირი იყო და როდესაც ეს ამბავი შეიტყო, ფოთში ჩავიდა და დაუკავშირდა "იქს" პიროვნებას, რომელთანაც მოლაპარაკება გაიმართა..."

"არაფერი მინდა ამ ქვეყანაზე, ერთადერთი, დედის ნახვა, მისი ჩახუტება, თუნდაც, ერთხელ. ვუყვარდი აღმზრდელს, ცხადია, მაგრამ თითქოს სულ მაკლდა დედობრივი სითბო... ახლა მეც ხომ დედა ვარ და როგორც მე ვექცევი ჩემს შვილებს, ასეთი ურთიერთობა მაკლდა..." - ამბობს ვეკო, რომელიც, მისი აზრით, დედას ხელიდან გამოგლიჯეს; უთხრეს, რომ ჩვილი გარდაიცვალა...

- დიახ, თურმე დედამ იცის, რომ მე ცოცხლებში არ უნდა მეძებოს... დავიბადე 1983 წლის 10 მარტს, ყოველ შემთხვევაში, ასეა მითითებული დაბადების მოწმობაში; დაბადების ადგილად მითითებულია ფოთი... აყვანილი რომ ვიყავი, ეს აღმზრდელი მშობლების გარდაცვალებამდე გავიგე, როცა ქონების გაყოფაზე ალაპარაკდნენ ნათესავები. ერთ-ერთმა მათგანმა სიმართლე წამომაძახა და ამ ამბავმა უბრალოდ მომკლა. მიგატოვა დედამ და მადლიერი უნდა იყო მხოლოდ იმისთვისაც, რომ გაგზარდესო. მადლობა, რა თქმა უნდა, ჩემს აღმზრდელებს, რაც მაქვს და როგორიც ვარ, მათი დამსახურებაა, მაგრამ როცა ქონების გამო წამოაძახებ ამას ადამიანს, ესეც სამარცხვინოა, არა? ყველაფერი გააკეთეს, რომ დედისგან ბოძებული რაც მქონდა, წაერთმიათ; ჩვენი სისხლის არ ხარ და არაფერი გეკუთვნისო. 28-29 წლის ვიყავი მაშინ... იმ დღიდან მოყოლებული სტრესი და ფიქრი იქცა ჩემს თანამგზავრად.

- ამ ყველაფერზე აღმზრდელი მშობლები რას ამბობდნენ?

- მშობლები იმ პერიოდში ავად იყვნენ და მეც თავს ვიკავებდი მათთვის ზედმეტი კითხვის დასმისგან, არ მინდოდა, ენერვიულათ და მდგომარეობა დამძიმებულიყო. კარგა ხანს მომიწია საკუთარ თავთან ჭიდილმა, ვიხრჩობოდი. თანაც, მაშინ დედისთვის არაფრის კითხვას აზრი არ ჰქონდა; ისე ცუდად იყო უკვე, რომც მოენდომებინა, ვერაფერს გაიხსენებდა. აი, მამასთან კი მქონდა სიმართლის გარკვევის მცდელობა. დამიდასტურა, - კი, აყვანილი ხარო, მაგრამ ხომ იცოდა, უსიამოვნება რომ მომივიდა ახლობლებთან იმის გამო, რაც გამიკეთეს და, - ვხედავ, როგორ ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდეს, ამიტომ მეშინია, რომ სულ აიცრუებ გულს ჩვენზე და წახვალო. ვემუდარე, - არ წავალ, რატომ უნდა მიგატოვო, თქვენ ხომ ზრუნავდით ჩემზე, ოღონდ სიმართლის გაგებაც მინდა-მეთქი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ვერც ვატანდი ძალას, რადგან ინსულტი ჰქონდა გადატანილი. ჩემი ყოველი ფრთხილი მცდელობა მთავრდებოდა ნერვიულობით, ტირილით... მამას ძალიან ვეცოდებოდი, მაგრამ მაინც არაფერი მითხრა და ამ ამბიდან მალევე გარდაიცვალა ორივე მშობელი, თან წაიღეს ჩემი საიდუმლო.

- არავინ გამოჩნდა სანათესავოში ისეთი, ვინც რაიმეს გიამბობდა?

- მშობლების გარდაცვალების შემდეგ, უფრო მოვაგროვე ახლობლებისგან ინფორმაცია და როგორც ვხვდები, ჩემი დაბადების წელი ნამდვილად არაა შეცვლილი. ერთ-ერთმა ძალიან ახლო ნათესავმა ასეთი რამ მიამბო (რომელსაც ყველაზე სარწმუნოდ მივიჩნევ გარკვეული გარემოებების გამო და შეგროვებული ინფორმაციის შეჯერებიდან გამომდინარე):

მამა სავარაუდოდ იყო ფოთელი და მივლინებით უწევდა წასვლა რუსეთში. იქ გაიცნო ქალი, რომელსაც თავი შეაყვარა... რაღაც პერიოდის შემდეგ, ეს გოგო ჩამოდის საქართველოში, სავარაუდოდ უკვე ორსული და როცა ეს კაცი გაიგებს ამის შესახებ, მომენტალურად ქრება. ორსული გოგო რჩება მარტო, მისთვის უცნობ ქალაქში, სადაც დახმარებას ვერავის სთხოვს. ვინ იცის, იმ პერიოდში როგორი სტრესი და ნერვიულობა გადაიტანა. ამიტომ უკავშირდება თავის მშობლებს, რუსეთში. სავარაუდოდ, მისი მამა მაღალი თანამდებობის პირი იყო და როდესაც ეს ამბავი შეიტყო, ფოთში ჩამოვიდა. ალბათ, არ ვიყავი მათი ოჯახისთვის სასურველი და დაუკავშირდა ვიღაც "იქს" პიროვნებას, რომელთანაც მოლაპარაკება გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მშობიარობის შემდეგ მისი შვილისთვის ეთქვათ, რომ მე მკვდარი დავიბადე, ან დაბადებისთანავე გარდავიცვალე, ეგ უკვე არ ვიცი. ეს ჩემი ნათესავი მიმტკიცებს, - ასე მახსოვს, რომ დედის მხარე აქტიურობდა ამ საქმეშიო.

აღმზრდელი დედის მხრიდან ბიძა იყო თანამდებობის პირი და ისეთ სტრუქტურაში მუშაობდა, ყველაფერზე ადვილად მიუწვდებოდა ხელი, განსაკუთრებით საბუთების გაყალბებაზე. ეს ადამიანიც ჩაერთო საქმეში...

მოკლედ, დავიბადე და დედას ეუბნებიან, რომ გარდავიცავალე. 100 პროცენტით ვერ ვამბობ, მაგრამ იმ დროს ჩემი აღმზრდელი მშობლებიც იმყოფებოდნენ სამშობიაროში და თან ახლდათ ნათესავი, რომელიც თურმე ყოველთვის ცრემლის ღვრით იხენებდა (მისმა შვილმა მიამბო): როდესაც ახალნამშობიარევი გოგო გამოიყვანეს, ისე ტიროდა და ნერვიულობდა, ლამის გული გამიხდა ცუდადო. ევედრებოდა თურმე ყველას, ბავშვი მაჩვენეთო, მაგრამ ექიმები არ გატყდნენ. ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, როცა დედა გამოწერეს, მამამისმა ის რუსეთში წაიყვანა...

თურმე, იქვე, სამშობიაროშივე ისე გაფორმდა საბუთები, რომ ჩემი აღმზრდელი დედ-მამა ჩაწერეს ბიოლოგიურ მშობლებად.

ბიოლოგიური დედა დაახლოებით 19-20 წლის ყოფილა მაშინ, ძალიან ლამაზი გოგო. ვინც ეს მიამბო, მან მამაჩემზე არაფერი იცის, ამ კაცზე არაფერი მსმენიაო. ვფიქრობ, მას საქართველოში უკვე ჰყავდა ოჯახი. ჰოდა, როცა საყვარელი ქალის ფეხმძიმობის შესახებ გაიგო, შეეშინდა და ოჯახი რომ შეენარჩუნებინა, ამიტომ გაქრა...

- ახლა რას აპირებ? - ვეძებ რაიმე კვალს, რა თქმა უნდა, ჩემი სახსრებით, გაკითხვებით. ახლა ჯგუფის "ვეძებ" ადმინისტრატორებმა მითხრეს, რომ ასათიანის 9 ნომერში მივიდე, იქნებ იქ ნახო რაიმე ხელმოსაჭიდიო, მაგრამ ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, თან ბუნებრივ კვებაზე და ვერ ვახერხებ თბილისში ჩასვლას, პატარებს ვერ ვტოვებ... ერთმა ადამიანმა მირჩია, იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვე საბუთებიო. ასეც მოვიქეცი. ოპერატორმა მკითხა, რასთან დაკავშირებით ითხოვთ კონკრეტულ საბუთსო? ვუთხარი, რომ ნაშვილები ვარ. - ეს პირადი ინფორმაცია რომ გავცეთ, ორივე მხარის - აღმზრდელი და ბიოლოგიური მშობლების დასტურია საჭიროო. გადავირიე, - აღმზრდელები გარდაცვლილები არიან და თან, რომ ვიცოდე ბიოლოგიური მშობლების ვინაობა, აქ მოვიდოდი-მეთქი? - ნუ კანონი ასეთიაო. ამ საუბრის შემდეგ არც მქონდა დიდი მოლოდინი და ასეც მოხდა, იუსტიციიდან გამოთხოვილ დაბადების აქტის ჩანაწერში სრული აბსურდი წერია, თურმე, ნამდვილად აღმზრდელების შვილი ვარ.

ფოთის არქივშიც მივედი. მითხრეს, ჩვენთან მსგავსი საბუთები არ ინახება, მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობის ისტორიას გვიგზავნიან, მაგრამ ისიც მხოლოდ 15 წელი ინახება, თან 1992 წელს არქივში ხანძარი იყო და ვერაფერს იპოვი, სამწუხაროდო... იმედგაცრუებული ვარ, ვერაფერს ვიგებ ჩემს წარმომავლობაზე და ლამის გავგიჟდე. ამ ტყუილით როდემდე ვიცხოვრო? შვილებზეც ვეღარ ვფიქრობ მგონი ისე ხშირად, როგორც ამ თემაზე (ტირის).

- სახლში ინახება ხოლმე საბუთები, რომლითაც რაღაც კვალზე გადიან. თქვენს აღმზრდელებს არაფერი ჰქონდათ შენახული? - დაახლოებით პირველ კლასში ვიყავი, როცა ვიპოვე რვეული, ლამაზი სტიკერებით გაფორმებული (პოლიკლინიკის აცრების ჩანაწერი რატომღაც სახლში ჰქონდათ შენახული) და დედამ რომ ნახა, ხელში მეჭირა, შეცბა, სასწრაფოდ გამომართვა და გადამალა, ვეღარ ვპოულობ. სხვა არანაირი საბუთი არ მომხვედრია თვალში, მაგრამ ფაქტია, ბავშვობაში ყოველთვის სადღაც ვიქექებოდი, ცნობისმოყვარე ვიყავი და როცა საბუთებს ვკიდებდი ხელს, დედა სულ მიბრაზდებოდა, აგრესიულიც კი ხდებოდა, - რას ეძებო?..

ორი შვილის დედა ვარ და ზოგი ხომ ამბობს, მუცლიდან არავის უყვარს თავისი შვილიო და ჩემს შემთხვევაში ასე ნამდვილად არ იყო. მუცლად მყოფებზეც კი შეყვარებული ვიყავი და წარმომიდგენია, ქალმა, რომელმაც მატარა 9 თვე, რამდენი სტრესი გადაიტანა იმის გამო, რომ მკვდარი ვეგონე და ვინ იცის, იქნებ ამას დღემდე განიცდის...

იმედია გამოჩნდება ისეთი მადლიანი ადამიანი, რომელიც წერტილს დაუსვამს ჩემს ტანჯვას, გაბედავს სიმართლის თქმას თუნდაც მამაზე, რომ მერე როგორმე, დედა ვიპოვო, რომელიც ახლა 60 წლამდე იქნება. ძალიან მინდა, ცოცხალი იყოს (ტირის). ფოთი პატარა ქალაქია, აქ ყველა ყველას იცნობს და ვინ იცის, შესაძლოა ეს სტატიაც კი დამეხმაროს სიმართლის გაგებაში...

- იცით იმ სამშობიაროს მისამართი, სადაც დაიბადეთ? - კი და ერთხელ ერთ-ერთ ექიმთანაც მივედი, რომელიც იმ წლებში მუშაობდა სამშობიაროში, სადაც მე გავჩნდი. სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილია ის ქალი, კოვიდმა შეიწირა. მითხრა, - კი, ხდებოდა ასეთი რაღაცები, მაგრამ კონკრეტული ფაქტები არ ვიცი, ვერაფერს გეტყვიო... ზოგიერთს ასეთი გენიელური კითხვაც კი უჩნდება: ამდენი წლის მერე რატომ ეძებსო? იციან, რაც გააკეთეს და სხვა რა უნდა თქვან? იმ ექიმების გულში ჩამახედა წამით მაინც, ვინც მსგავს საქმეებში იყო გარეული. ნუთუ, საერთოდ არ განიცდიან? ამდენი წლის მერე მაინც რომ თქვან სიმართლე და ცოდვის ტვირთი მოიშორონ მხრებიდან, რა მოხდება?..

- ხომ არ გინდა ბიოლოგიურ მამას მიმართო ჩვენი მეშვეობით? - თუ ამ ამბის წაკითხვის შემდეგ მამა ამოიცნობს საკუთარ თავს და თუ ის ოდნავ მაინც მიიტანს გულთან ჩემს ტკივილს, ვთხოვ, დამიკავშირდეს. მე ვეძებ დედას, ძალიან ვწვალობ და მიჭირს. ვპირდები, ანონიმურად დარჩება მისი სახელი. ყველა საიდუმლოს შევუნახავ, მისი ოჯახის ვერც ერთი წევრი ვერაფერს გაიგებს და ამის შემდეგ, თუ ენდომება, საერთოდ გავწყვეტ მასთან ურთიერთობას, არასდროს შევაწუხებ, მის ტელეფონის ნომერს არ ავკრებ. ოღონდ გამანდოს, რა მოხდა. მეც ხომ მისი სისხლის და ხორცის ნაწილი ვარ და იმ დედის პოვნაში მაინც დამეხმაროს, რომელსაც სული აუწვეს, როცა ჩემი გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, სხვას არაფერს ვთხოვ.

დაბოლოს, ვინც წლების წინ გიშვილეს, ვინც ჩემს დღეში, დასტრესილები ხართ თქვენი წარსულის გამო, ყველას წარმატებას და ამ ტკივილის მოსარჩენად საჭირო მალამოს პოვნას გისურვებთ!..

P.S. თუ ვინმეს რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ ვეკოს ბიოლოგიურ მშობლებზე, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 5(58) 25.60.81. გაძლევთ ანონიმურობის გარანტიას.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)