"მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ, რომ აიცრათ"
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუკის" პირად გვერდზე საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს და ჰყვება, თვითონ რა გზა გამოიარა კორონავირუსთან ბრძოლაში.
"ქვეყანა ერთი დიდი სიკვდილის ქრონიკად იქცა. ყოველდღიურად, უფრო კი დღეში რამდენჯერმე, მორიგ სულისშემძვრელ ისტორიას ვკითხულობ "კოვიდით" გარდაცვლილ ადამიანებზე. ერთ-ერთი ასეთი ისტორია ჩემიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მე გადავრჩი, მაგრამ უკვე ექვსი ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ამ ვერაგ ვირუსს! არც სიკვდილს და არც გადარჩენას ლოგიკა არ აქვს, ვერავინ გეტყვით წინასწარ, როგორ დასრულდება თქვენი კოვიდისტორია: ვერც ექიმები, ვერც მეცნიერები, მით უმეტეს, ვერც პოლიტიკოსები ან ცნობილი ადამიანები ტელევიზორიდან.…მხოლოდ თქვენ თავად წყვეტთ, როგორი იქნება თქვენი ხვედრი "კოვიდით" ინფიცირების შემდეგ.
რამდენიმე კვირაა, ვცდილობ, რაღაც დავწერო ვაქცინაციაზე, მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ, რომ აიცრათ. არავის მისცეთ თქვენი სიცოცხლით თამაშის უფლება. დიახ, სიცოცხლით! ვერაფერს ვწერდი. აცრა რომ უალტერნატივოა, ისეთი მარტივი და ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის, რომ არ ვიცი, როგორ უნდა მოგიწოდოთ, როგორ მოგმართოთ... ახლა, როდესაც კოვიდინფიცირებიდან 6 თვის შემდეგაც მის გვერდით მოვლენებს ვებრძვი, ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ და ყოველღამე იმაზე ოცნებით ვიძინებ, რომ ხვალინდელი დღე იქნებ ოდნავ მაინც უკეთესი იყოს. ყველას, ვინც ჭოჭმანობთ, გული გეთანაღრებათ, აცრის გეშინიათ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ნუ გაწირავთ საკუთარ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის. ნუ დაიმშვიდებთ თავს იმით, რომ ჯანმრთელი ხართ და ვერ მოგერევათ. ჩემზე ჯანმრთელი ადამიანი ცოტა მეგულება ამ ქვეყანაზე. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი მედგარი ხასიათი და სიძლიერე ადვილად მოერევა ვირუსს. აქაც ძალიან კონკურენტუნარიანი ვიყავი. *მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ უნდა აირჩიოთ სიცოცხლე! აცრაზე თანხმობა სწორედ სიცოცხლის არჩევაა".
"ახლა დროს ტარების დროა?"
მაკა ბულეიშვილი, ჯანდაცვის სპეციალისტი: "სხვისი ჭირი, ღობის ჩხირი" - ასე გგონიათ, ხომ? უმორჩილესად გთხოვთ, ინფიცირებული პაციენტები ნუ დადიხართ ქუჩა-ქუჩა. დაეტიეთ სახლში! უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია მედპერსონალი, ვეღარ შეძლებენ თქვენს დახმარებას. ახლა გულგრილობის დროა? ახლა დროს ტარების დროა?! დღეს უნებლიეთ ვიტირე. ვხედავ, რომ ვეღარ შევძლებთ თქვენს დახმარებას! თითოეული თქვენგანი უძვირფასესია! სიცოცხლემ უნდა აჯობოს ამ ჯოჯოხეთს! გთხოვთ, დაიცავით რეკომენდაციები! გთხოვთ, ატარეთ ნიღაბი! გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაერთეთ ვაქციაციის პროცესში! სხვა გამოსავალი არ არის!"