"ხშირად იმასაც კი ვფიქრობ, რომ სწორედ მან გამაძლებინა და გადამატანინა ბევრი რამ. "ვეფხისტყაოსანი" ჩემთვის ყველაფერია" - კვირის პალიტრა

"ხშირად იმასაც კი ვფიქრობ, რომ სწორედ მან გამაძლებინა და გადამატანინა ბევრი რამ. "ვეფხისტყაოსანი" ჩემთვის ყველაფერია"

"ჩემი მოსწავლეებიდან 50-მდე გერმანისტია. ხშირად მითქვამს, რომ ისინი რუსთაველით მიმყავდა გოეთემდე"

77 წლის ანრო ცირეკიძემ "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად ჯერ კიდევ სტუდენტობისას ისწავლა. თვლის, რომ მხოლოდ ტექსტის დაზეპირება კი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, გააზრებულად წაიკითხო და მასში ყოველთვის ახალ-ახალი მარგალიტები აღმოაჩინო. ქალბატონი ანრო ლექსებსაც წერს და რამდენიმე წიგნიც გამოსცა, თუმცა თავს პოეტს არ უწოდებს. მარტოსული ვარ და ჩემი ლექსებიც ისეთივე დარდიანია, როგორიც ჩემი ცხოვრებაო, - მითხრა საუბრისას.

- ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში დავიბადე და გავიზარდე. დედა მელექსე იყო. თვითონაც ძალიან უყვარდა კითხვა და მეც შემაყვარა, განსაკუთრებით - პოეზია. ამან განაპირობა ჩემი მომავალი პროფესიაც. ქუთაისის ალექსანდრე წულუკიძის (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ინსტიტუტში ჩავაბარე, გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

- "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნეთა კონკურსში 6-ჯერ გაიმარჯვეთ. რატომ გადაწყვიტეთ, მთელი პოემა ზეპირად გესწავლათ? - 1966 წელს საკავშირო მასშტაბით ჩატარდა შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილე. ერთი წლით ადრე საიუბილეო სამზადისთან დაკავშირებით გამართულ ბიუროს სხდომაზე საქალაქო კომიტეტის პირველი პირი გამოვიდა ინიციატივით, რომ ტყიბულში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ჩატარებულიყო "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნეთა კონკურსიც. სკეპტიკოსებთან დიდი შეხლა-შემოხლის მიუხედავად, მაინც ასე გადაწყდა. ამხელა პოემას ვინ ისწავლისო, ამბობდნენ, ეეჭვებოდათ, რომ ვინმე შეძლებდა. სწორედ ამ კონკურსმა მომცა სტიმული. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, გაზეთ "ტყიბულის" გვერდებზე იბეჭდებოდა პოემა. მახსოვს, კონკურსში 18 კაცი მონაწილეობდა, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები. სამი დღე ტყიბული რუსთაველით სუნთქავდა. გავიმარჯვე და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- რამდენ ხანში ისწავლეთ პოემა? - ექვს თვეში. დღეში 7-8 სტროფს ვსწავლობდი. ამას ფენომენალური ნიჭი არ სჭირდება. უნდა იყო მიზანსწრაფული და შრომისმოყვარე, უნდა გქონდეს ნებისყოფა და, პოეზია გიყვარდეს. ზეპირად თქმას ექვსი საათი ვუნდები. თუ სწრაფად ვკითხულობ, ოთხ საათშიც შემიძლია. პირველ კონკურსში რომ გავიმარჯვე, 22 წლის ვიყავი, მეოთხე კურსის სტუდენტი. ამის შემდეგ კიდევ ხუთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ყველგან პირველ ადგილზე გავედი. რუსთაველი ყოველთვის ჩემთანაა. ხშირად იმასაც კი ვფიქრობ, რომ სწორედ მან გამაძლებინა და გადამატანინა ბევრი რამ. "ვეფხისტყაოსანი" ჩემთვის ყველაფერია: შიმშილის დროს - პური, წყურვილის დროს - წყალი, სიცივის დროს - სითბო, ლხინში - აღმაფრენა და "ჭირსა შიგან გამაგრება". ხშირად მეკითხებიან, როგორ არ გავიწყდებაო? 55 წელი გავიდა მას მერე, რაც ვისწავლე, მაგრამ არ დამვიწყებია. სოფელში უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ სადაც უნდა ვიყო - ბოსტანსა თუ სამზარეულოში, ის ყოველთვის ჩემს გონებაშია... მეტყვიან ხოლმე, შენ რაღაცნაირად, სხვანაირად კითხულობო. ალბათ, მე მთლიანად შევიგრძნობ და ამიტომ. ერთხანს, გერმანულთან ერთად, ქართულსაც ვასწავლიდი.

40 წელი ვიმუშავე ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირის სკოლაში და ბავშვები მეტყოდნენ ხოლმე, მასწავლებელო, თქვენ რომ კითხულობთ, მაშინ ყველაფერს ვიგებთ და ჩვენ თვითონ რომ ვკითხულობთ - ვერაფერსო. მომწონს ახლანდელი თაობა და მეგობრული ურთიერთობა მოსწავლე-მასწავლებელს შორის, რა თქმა უნდა, ზომიერების შესაბამისად. "არა ვარგა უსაზომოო", ასე გვეუბნება რუსთაველი. მკაცრი მასწავლებელი ვიყავი, მაგრამ - სამართლიანი, ასეთი სახელი მქონდა.

ჩემი მოსწავლეებიდან 50-მდე გერმანისტია. ხშირად მითქვამს, რომ ისინი რუსთაველით მიმყავდა გოეთემდე.

- თქვენი ცხოვრების მთავარი აფორიზმი... - "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი". ხშირად მეკითხებიან, რა მოგცა "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად სწავლამო? კომპიუტერიზაციის ეპოქაში არ მიკვირს ეს შეკითხვა. ამ დროს თამაზ ჭილაძის სიტყვებს ვიშველიებ ხოლმე: "ადამიანი, რომელიც ზეპირად სწავლობდა ამ პოემას, არა მარტო საკუთარ მახსოვრობას წვრთნიდა, არამედ იმ უჩვეულო სიხარულსაც განიცდიდა, ცხოვრებისათვის აუცილებელი რამის შეძენას და პოვნას რომ მოსდევს. მას უხაროდა, რომ შეძლო ამ სიმღერის გათავისება, შენახვა და ტარება, ამ ძვირფასი ტვირთით უკვე ძნელი აღარ იყო ცხოვრება". ისეთ სიამოვნებას ვგრძნობდი სწავლის პროცესში, რომ ახლაც კი მენატრება ის პერიოდი.

- ამჟამად ორპირში, მასწავლებელთა სახლში ვცხოვრობო, მითხარით...

- დიახ. მეუღლე წლებია, გარდამეცვალა. 27 წელი ორპირის სკოლის დირექტორი იყო. პოეზიამ დაგვაახლოვა, ორივე ვწერდით ლექსებს. სამი კრებული მაქვს, თუმცა პოეტად არ მივიჩნევ თავს. პოეტი და მელექსე სხვადასხვაა. პოეტი იყო ანა კალანდაძე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც გამოვეცი წიგნი "რაზომცა ნათობს სინათლე", ორივეს ლექსებია თავმოყრილი. ჩემს ლექსებს სევდა ახლავს. "სულს რომ მეცალეს სული სწყურია,/ გული ტკივილს რომ ვერავის უმხელს,/ სიკვდილმისჯილზე უბედურია/ მისჯილ სიცოცხლის ვინც ათრევს უღელს", - ვწერ ერთ ლექსში და დღეს ზუსტად ასე ვარ, მარტოსული... მხოლოდ დისშვილები მყავს, სხვა არავინ. ერთ ლექსსაც წაგიკითხავთ: "შენ შემეკითხე, რატომ ცხოვრობ ასე უბრალოდ,/ მე გიპასუხე, ამაზედაც გმადლობ, უფალო/. მადლობელი ვარ, ოცნება რომ ზეცად გამირბის/, რომ მაქვს უნარი აცრემლების, დარდის და ფიქრის./ მადლობელი ვარ, სუნთქვას რომ ვგრძნობ მადლიან მიწის/ და სხვათა ტკივილს, ვით საკუთარს, ისე განვიცდი./ მადლობელი ვარ, აქამომდე მატარე რაცკი,/ მარადიული სიყვარულის რომ დამაქვს განძი"... სადაც არის, 80 წლის გავხდები. ბევრ რამეს გადააფასებს და გასწავლის დრო და ახლა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ: ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გვაკლია ადამიანებს, ერთმანეთის სიყვარული და თანაგრძნობაა, გულწრფელი და თბილი ურთიერთობა.

ნინო ჯავახიშვილი