"ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის მერობის კანდიდატად ანზორ მელია დაასახელა - ნახეთ, ვინ არიან მერობის კანდიდატები რეგიონებში
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება. ანზორ მელია ნიკა მელიამ წარადგინა.
"დიდი მადლობა მამა, რაც არ უნდა ვთქვა ამ ემოციებს ვერ გამოვხატავ", - განაცხადა მელიამ.
პარტიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატები პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაასახელა.
ნიკა მელიას განცხადებით, "ქართული ოცნება" ქართველ ხალხთან დამარცხდება. მელიას თქმით, "დადგა დრო, აღარ მოვითმინოთ, აღარ შევეგუოთ, უიმედობას, უპერსპექტივობას, რაც დასამარცხებელია".
მისივე თქმით, 2 ოქტომბრის რეფერენდუმი ისტორიული მნიშნველობისაა.
მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს "ქართული ოცნება", რეფერენდუმი იქნება და ამ რეფერენდუმში ის დამარცხდება ქართველ ხალხთან, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ რეგიონების კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე წყდება არც მეტი და არც ნაკლები სამშობლოს მომავლის განმსაზღვრელი საკითხი.
მელიას განცხადებით, ოქტომბრის რეფერენდუმი ისტორილი მნიშნველობისაა.
მან სთხოვა ლიდერებს, ხვალიდან გაიშალონ მთელს საქართველოში, მივიდნენ ყველა ოჯახში, ყველა მოქალაქესთან და აუხსნან, რა წყდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე.
"წარმოგიდგენთ "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატებს, "ნაციონალური მოძრაობის" მოწინავე, მებრძოლ გუნდს წარმოგიდგენთ. გუნდს, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს მერის არჩევნებში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, წარმოგიდგენთ გუნდს, რომელიც იქნება 2 ოქტომბრის რეფერენდუმში "ქართული ოცნების" დამარცხების ავანგარდში. რეფერენდუმის რომელში გამარჯვებაც,ნებისმიერ სხვა გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია, გაცილებით მნიშნველოვანია, ვიდრე ოდესმე ჩვენ წარმოგვედგინა. რეფერენდუმის, რომლის შედეგად "ქართული ოცნება" მეგობრებო, უნდა გავუშვათ სახლში და სამშვიდობოზე გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ, თითოეული ის ადამიანი, რომელსაც მე დღეს წარვადგენ, მხოლოდ მერობის კანდიდატი კი არ არის, ისინი რეფერენდუმის ლიდერები არიან. 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე წყდება არც მეტი და არც ნაკლები ჩვენი სამშობლოს მომავლის განმსაზღვრელი საკითხი. დაკარგავს თუ არა საბოლოოდ ქვეყნის დამაქცევარი, კორუმპირებული, უკვე ღიად პრო-რუსულ ძალებზე დაყრდნობილი "ქართული ოცნება სრულად" ლეგიტიმაციას. სწორედ ეს რეფერენდუმი ტარდება 2 ოქტომბერს.სწორედ ეს უდიდესი მნიშვნელობის საკითხი უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ. ჩვენ, ოღონდ, არა პოლიტიკოსებმა, არამედ ქართველმა ხალხმა. მჯერა, როგორც არასდროს, ოცნების მარცხი ამ რეფერენდუმით გაფორმდება. უფრო მეტიც ევროკავშირთან შეთანხმებიდან გასვლით ქართულმა ოცნებამ რეფერენდუმში მარცხი წინასწარ უკვე აღიარა. ყველასთვის გასაგონად ვამბობ, რაც არ უნდა აკეთოს "ქართულმა ოცნებამ" რეფერენდუმი მაინც შედგება, რადგან ამას ქართველი ხალხი ითხოვს. იმიტომ, რომ ამას ითხოვს სრულად ოპოზიცია. იმიტომ, რომ ამას ითხოვს დასავლური სამყარო. ამას ითხოვს ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავალი. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს ქართული ოცნება, რეფერენდუმი იქნება და ამ რეფერენდუმში ის დამარცხდება ქართველ ხალხთან და არა ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან მის ერთობასთან.
არჩევანი კი ნამდვილად თქვენზეა, გინდა რომ სიღარიბე და გაჭირვება კვლავ იზრდებოდეს და სამუშაო ადგილები იკარგებოდეს? - მაშინ შემოხაზე 41, ხოლო თუ გინდა სიღარიბის დამარცხება და უკეთესი ცხოვრება, შემოხაზე ოპოზიცია, გინდა ხელისუფლება , რომელიც მარტო დაგტოვებს კოვიდპანდემიის პირისპირ და გულგრილად შეხედავს ყველა შენს პრობლემას? - მაშინ შემოხაზეთ 41, ხოლო თუ გინდა, მზრუნველი, კომპეტენტური ხელისუფლება, უნდა შემოვხაზოთ ოპოზიცია. გვინდა თბილისში, დღისით მზისით, მეგობრებო, დედებო, შვილებო, ევროკავშირის დროშებს წვავდნენ, ადამიანებს კლავდნენ და ასახიჩრებდნენ? - მაშინ შემოხაზეთ 41, მაგრამ თუ გინდათ პროდასავლური ხელისუფლება, რომელიც ადამიანის ღირსებას და სიცოცხლეს პატივს სცემს და იცავს, შემოხაზეთ ოპოზიცია. გინდა მილიონებს ინაწილებდეს მმართველი კლანი, ხალხისთვის ყველაფერი, ყოველდღე ძვირდებოდეს, ხოლო შემოსავალი მცირდებოდეს? - მაშინ შემოვხაზოთ 41, ხოლო თუ გვინდა არაკორუმპირებული, ქვეყნის განვითარებაზე მიმართული ხელისუფლება შემოვხაზოთ და მხარი დავუჭიროთ ოპოზიციას. გვინდა, ახალგაზრდებს პერსპექტივების უქონლობის და ჩვენს მშობლებს სასოწარკვეთის გამო ქვეყნიდან გაქცევა უწევდეს? - ეს თუ გვინდა,ა რ დავფიქრდეთ, უყოყმანოდ შემოვზახოთ 41, ხოლო თუ გვინდა, რომ ჩვენ შვილებს, აქ , ამ ქვეყანაში შეეძლოთ ღირსეული განათლების მიღება, დასაქმება, ხოლო ჩვენს მშობლებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ, მაშინ ხმა მივცეთ ოპოზიციას.
დადგა დრო, აღარ მოვითმინოთ, აღარ შევეგუოთ, აღარ შევეგუოთ, უიმედობას, უპერსპექტივობას რაც ჩვენი დასამარცხელებელია, ამ რეფერენდუმზეა დასამარცხებელი. ყველამ ერთად უნდა გავაგებინოთ, ძირგამომპალ რეჟიმს, რომ დადგა დრო ისინი ჩამოშორდნენ ქვეყნის მართვას, დადგა დრო შეწყვიტონ ქვეყნის ძარცვა. დადგა დრო, ქვეყანამ შეწყვიტოს რუსეთისკენ დიდი სისწრაფით სვლა და ჩვენი წინაპრების, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების არჩეულ დასავლურ გზას კვლავ უნდა დავადგეთ ყველანი ერთად. ამიტომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმი ისტორიული მნიშვნელობისაა. მე ვთხოვ, ჩვენი რეფერენდუმის ლიდერებს ხვალიდან გაიშალონ მთელს საქართველოში, მივიდნენ ყველა ოჯახში, ყველა მოქალაქესთან და აუხსნან, რა წყდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე. ამიტომ ყველანი 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, ყველანი გამონაკლისის გარეშე და არც ერთი ხმა "ქართულ ოცნებას", ყველანი 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე!
განა მართლაც არ დადგა დრო გავიმარჯვოთ რეფერენდუმში და ერთად დავუბრუნოთ მომავალი ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს?", - აღნიშნა მელიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატები რეგიონებში არიან:
ქუთაისი - ხატია დეკანოიძე
მცხეთა - ზაალ უდუმაშვილი
რუსთავი - დავით კირკიტაძე
თელავი - გიორგი ბოტკოველი
მარტვილი - თემურ ჯანაშია
ბათუმი - გიორგი კირთაძე
ქობულეთი - ბონდო თედორაძე
ხელვაჩაური - მიშა ბოლქვაძე
ქედა - რამინ ბერიძე
შუახევი - როინ ზოიძე
ხულო - გოგიტა სოლომონიძე
ვანი - ბადრი მებურიშვილი
ზესტაფონი - ბაქარ ხიდაკაძე
სამტრედია - მამუკა ბიბილეიშვილი
ადიგენი - მარეხი დათაშვილი
ასპინძა - გიორგი გიორგაძე
საგარეჯო - დავით ჯავახიშვილი
ახმეტა - ზურაბ ოტიაშვილი
გურჯაანი - სერგი კაკალაშვილი
დედოფლისწყარო - თამაზ კოჭლამაზაშვილი
სიღნაღი - ზაზა პაპუაშვილი
დმანისი - გიორგი ტატუაშვილი
თეთრიწყარო - ვანო მაღალაშვილი
გორი - ვასილ მახარაშვილი
ხაშური - იოსებ ბუაძე
კასპი - ნუგზარ ნონიაშვილი
ქარელი - ნიკოლოზ ახალკაცი
ხობი - ბესო შენგელია
ზუგდიდი - ანზორ მელია
"ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციაში განმარტავენ, რატომ არ დასახელდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ფოთის მერობის კანდიდატად.
როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის "ფოთის ორგანიზაციაში აცხადებენ, საკითხი ჯერ კიდევ განიხილება და კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.
,,გადაწყვეტილი იყო ბოკუჩავას კანდიდატურა და მერე უცებ შეიცვალა რაღაც და არ ვიცი, რა შეიცვალა, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს ყველაფერი. ახლა ისეთი პერიოდია, რომ შეიძლება წუთიდან წუთზე რაღაცები შეიცვალოს. ნიკა მელიას მამა თუ დათანხმდებოდა ამაზე, ესეც არ ვიცოდით. ორ საათში მოხდა შეთანხმებაც და ყველაფერი. ამ ეტაპისთვის არვინ არ განიხილება ფოთში. მარტო ფოთი კი არა სამეგრელოდან მხოლოდ ზუგდიდის ხობის და მარტვილის კანდიდატები დასახელდა. საბოლოო გადაწყვეტილება რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით