"ამ ომის დასრულება აუცილებელი იყო, მაგრამ განა ასეთი დაბოლოებით?" - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს
თალიბების მიერ ქაბულის დაკავებისა და მათი განცხადების შემდეგ, რომ ისინი უკვე მთელი ქვეყნის ტერიტორიას აკონტროლებენ, უცხოურ პრესაში მატულობს პუბლიკაციები, რომლებშიც ქვეყნის მომავლის პროგნოზირების მცდელობაა გამოხატული. ანალიტიკურ სტატიებში ძირითადად ორ სცენარია გამოკვეთილი: პირველი - ქვეყნის საკმაოდ უიმედო მომავალი (1996-2001 წლების გამოცდილების გათვალისწინებით, როცა თალიბები ავღანეთის ხელისუფლებაში იყვნენ) და მეორე - ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არაა, ჩვენ რაღაც დიდი ჩანაფიქრის მოწმენი ვართ, რომლის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. გთავაზობთ უცხოური პრესის რამდენიმე პუბლიკაციას, შემოკლებული სახით:
ამერიკული გაზეთის "ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) სარედაქციო სტატიაში სათაურით - "ავღანეთის ტრაგედია" თალიბების მიერ ქაბულის ელვისებური დაკავება "განუზომელ ტრაგედიად" არის შეფასებული. "ეს ტრაგედიაა. იმიტომ, რომ ამერიკული ოცნება - მსოფლიოში "შეუცვლელი ერი" იყოს მშვიდობის განმტკიცების საქმეში, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში, რელიგიურ ტოლერანტობაში, სწორედ რომ მხოლოდ ოცნებად დარჩა", - წერს "ნიუ-იორკ თაიმსი".
"ის, რომ ამერიკელების წასვლის შემდეგ ავღანეთში ხელისუფლებას თალიბები აიღებენ, დიდი ხანია ნათელი იყო", - აღნიშნავს გაზეთი. "ამ ომის დასრულება აუცილებელი იყო, მაგრამ განა ასეთი დაბოლოებით? ეს ხომ ტრაგედიაა იმ ავღანელებისათვის, რომლებმაც დაიჯერეს ამერიკული ოცნებისა, მონაწილეობდნენ თანამედროვე საზოგადოების მშენებლობის მცდელობაში... ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მათზეც, მათ დასაცავად უნდა ეზრუნა".
რასაკვირველია, ეს ყველაფერი მხოლოდ ჯო ბაიდენის ბრალი არ არის, მაგრამ მის ადმინისტრაციას უნდა გამოესწორებინა ის შეცდომები, რომელიც ჯარების გამოყვანის დროს იქნა დაშვებული. რაც უნდა იყოს, აშშ-ის არმია უძლიერეს ლოჯისტიკურ ძალას წარმოადგენს - მას მთები უნდა გადაებრუნებინა და გადაერჩინა ის ადამიანები, რომლებიც ყველაფერს წირავდნენ უკეთესი მომავლისათვის", - ხაზს უსვამს "ნიუ-იორკ თაიმსი".
პრეზიდენტ აშრაფ განის ხელისუფლების სწრაფი დაცემის მიზეზებს შორის გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" - ისევე როგორც მსოფლიოს სხვა გამოცემები - ასახელებს იმას, რომ ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში არნახული კორუფცია იყო გამეფებული, შესაბამისად, მოსახლეობის უმეტესობა ხელისუფლებით უკმაყოფილო იყო. (წყარო)
----------
ფრანგული გაზეთის - "ლე ფიგაროს" (Le Figaro) მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში (სათაურით - "ავღანეთი ხვალის შემდეგ") ქვეყნის არასასიამოვნო პერსპექტივაა გადმოცემული "თალიბანის" ხელისუფლების პირობებში (ავტორი - ჟან-ლუი ტრამბლე).
"როგორი იქნება ავღანეთი ამერიკელების საბოლოოდ წასვლისა და "თალიბანის" დაბრუნების შემდეგ? ვაშინგტონს თალიბების დასჯა სურდა 2001 წლის ტერაქტების გამო, მაგრამ დღეს ისინი უფრო ძლიერები ბრუნდებიან, როგორც არასდროს. როგორია ამერიკელთა ოდისეის შედეგები? ათასობით დაღუპული სამხედრო მოსამსახურე და ქარს გატანებული 1 ტრილიონი დოლარი", - წერს ავტორი, - "გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ პოსტამერიკული ავღანეთი უკვე ნარკოსახელმწიფოდ გადაიქცევა, რომელიც დღესაც კი მსოფლიოში ჰეროინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია", - ხაზს უსვამს გაზეთი.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ამერიკელების წასვლის შემდეგ ცარიელი ადგილი არ დარჩება, მათ ნაწილობრივ თურქეთი ჩაანაცვლებს. "თურქეთს იმედი აქვს, რომ ავღანეთის მთავარ აეროპორტს გააკონტროლებს და ქვეყნიდან არ გაუშვებს ემიგრანტებს, რომლებიც ყოველდღიურად გარბიან. თვით თურქეთში ამჟამად რამდენიმე ათეული ათასი ავღანელი მიგრანტი იმყოფება". ამასთან, პარადოქსულია, რომ არც ჩინეთს და არც ირანს ანუ ამერიკელების კონკურენტებს, ასეთი სიტუაცია - ამერიკის მარცხი ავღანეთში - არ სიამოვნებთ: ჩინეთი, რომელსაც ავღანეთთან 75-კილომეტრიანი საზღვარი აქვს, შიშობს, რომ თალიბები მხარს დაუჭერენ მოსაზღვრე სინძიან-უიღურელ ისლამისტ სეპარატისტებს, ხოლო ირანს, ავღანეთთან 900-კილომეტრიანი საზღვრით, ასი ათასობით ავღანელი ლტოლვილისა და მიგრანტების მიღება არ სურს. რაც შეეხება რუსეთს: კრემლი გრძნობს, რომ ამერიკელების წასვლით ავღანური საფრთხე მის "ახლო საზღვარგარეთს" ანუ შუა აზიას დაემუქრება, იქიდან კი - უშუალოდ თვითონ რუსეთს. ამიტომაც მოსკოვი სასწრაფოდ ამაგრებს თავისი შუააზიელი მოკავშირეების საზღვრებს, აწყობს ერთობლივ წრთვნებს", - აღნიშნავს გაზეთი. (წყარო)
-----------
უკრაინული გამოცემა "გლავრედი" ("ГлавРед") სტატიაში "პოსტ-ამერიკული ავღანეთი: როგორ მოახერხეს თალიბებმა ქაბულის მშვიდობიანად დაკავება" (ავტორი - ილია კუსა, პოლიტოლოგი).
"ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ ავღანეთი დატოვა და ტაჯიკეთში გაიქცა. მას თან გაჰყვა ვიცეპრეზიდენტი ამრულა სალეჰი. "გერათის ლომად" წოდებულ, ცნობილ ისმაილ ხანს პირადმა დაცვამ უმუხთლა - ღამით თავიანთი პატრონი თალიბებს ჩააბარეს.
ავღანეთში არავინ გამოჩნდა ისეთი, რომ აჰმად შახ მასუდივით ანტითალიბურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგებოდა (იგი 1996 წელს მოკლეს). ისე, კაცმა რომ თქვას, ქვეყანაში არც კი იგრძნობოდა თალიბთა შეტევის შეჩერების მცდელობა. ქალაქების დაცვა ძალიან ცუდად იყო ორგანიზებული.
პრეზიდენტი აშრაფ განი ასეთი როლისთვის შეუფერებელი კაცი იყო. იგი ავღანეთში მაინცდამაინც დიდი პატივისცემით არ სარგებლობდა, ცდილობდა, ყველა ხერხით შეენარჩუნებინა ხელისუფლება, რაც რეგიონულ ელიტებთან, მთავრობის წევრებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან კონფლიქტებს იწვევდა. და როცა დადგა "იქს საათი", იგი კანონზომიერად მიატოვეს და პირისპირ დატოვეს "თალიბანთან".
ქაბულში ძალაუფლების მშვიდობიანად ხელში ჩაგდება თალიბებისთვის ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, მათი საერთაშორისო ლეგიტიმიზაციისათვის. ფაქტობრივად, მათ დასავლეთთან მიცემული პირობა შეასრულეს - ქაბულის შტურმი არ განახორციელეს და ქალაქში შეტევის გარეშე შევიდნენ. თუ გამართლდება ის პროგნოზებიც, რომელთა თანახმად, დროებითი მთავრობის მეთაურად თალიბებმა აშშ-ის მოქალაქე აჰმად ალი ჯალილი უნდა დანიშნონო, ეს ძალიან ლამაზი მანევრია, რომელმაც გარეგნულად ხელისუფლების გადაცემის ერთგვარი "დემოკრატიული სახე" უნდა უზრუნველყოს. არის კიდევ ერთი ლიდერი - აბდელ-განი ბარადარი, რომელიც თალიბების პოლიტიკური ფრთის ზომიერი წარმომადგენელია და ამერიკელებთან კონტაქტები აქვს - იგი მოლაპარაკებას აწარმოებდა რუსეთთანაც, ირანთან, ჩინეთთან, პაკისტანთან და თურქეთთან.
აი, ასე, ნელ-ნელა აშკარა ხდება, თუ როგორ ჩატარდა "ქაბულის ოპერაცია", - სიტუაცია მეტ-ნაკლებად მშვიდად გამოიყურება.
ვერ ვიტყვი, რომ ამერიკამ სტრატეგიულ პერსპექტივაში რაღაც წააგო. რასკვირველია, ვაშინგტონმა საკმაოდ ძლიერი რეპუტაციული და იმიჯური დარტყმა მიიღო - ვერ უზრუნველყო ჯარების ნორმალური გამოყვანა და ობიექტურად ვერ შეაფასა "თალიბანის" სამხედრო ძლიერება.... მაგრამ რეალური დანაკარგები, გლობალური მასშტაბით - ეს უკვე ანალიზის საგანია მოგვიანებით, როცა ცნობილი გახდება, თუ ვინ შევა "სხვა გზით" პოსტამერიკულ ავღანეთში და იქ ხანგრძლივად დარჩება.
ჯერჯერობით ყველაზე მოგებიან სასტარტო პოზიციებზე იმყოფებიან ჩინეთი, პაკისტანი და ირანი. ავღანეთის ზღურბლზე დგანან რუსეთიც და თურქეთიც, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასარკვევი თალიბების ახალ ხელისუფლებასთან (თანაც, რუსეთში თალიბების მოძრაობა კანონმდებლობით აკრძალულია).
ინდოეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ამ მხრივ სიტუაცია არცთუ ისე კარგი აქვთ - დიდი რისკები არსებობს უსაფრთხოების საკითხებში. ამის გამო ისინი იძულებულნი იქნებიან, რომელიმე სიმძიმის ცენტრს მიუერთდნენ (ვაშინგტონს, მოსკოვს, პეკინს, თეირანს ან ანკარას), რომლებიც მათთვის თალიბანთან კონტაქტებში უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტები გახდებიან. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძე