"თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის მოეწყობა და საწოლთა უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი"
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის მოეწყობა და საწოლთა უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საველე ჰოსპიტალი ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში იყოს გამოყენებული და პაციენტების მართვა ჰოსპიტალურ სექტორში დარჩეს. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში საველე ჰოსპიტლის შექმნის რესურსი თბილისის გარდა სხვა რეგიონებშიც გამოინახება.
,,საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. გამართულია ყველა ინვენტარი, მოწყობილობა და გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება ამ საწოლებს, რომ მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი 5 ტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით. ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, მაგრამ ექიმთა მეტ წილს მიღებული აქვს განათლება მაშინ, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით. რაც შეეხება იმ ექიმებს, რომლებსაც გააჩნიათ სამხედრო წოდება, გეგმას არ წარმოადგენს, რომ ისინი იყვნენ გამოყვანილები და განაგრძონ საველე ჰოსპიტალებში მუშაობა. სხვა ექიმთა ჯგუფი მიიღებს პაციენტებს ამ სივრცეებში, რომლებსაც აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია და პაციენტებს გაუწევენ შესაბამის მომსახურებას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელთაც აქვთ კარგი გამოცდილება მოხალისეების და მუდმივი თანამშრომლების კუთხით, მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას, რომელიც მათ ესაჭიროებათ.
ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რომ საველე ჰოსპიტალი იყოს ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებული, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც პაციენტების, ასევე ექიმებიდან გამომდინარე კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტალების გამოყენება. ეს არის ყველაზე უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო უკვე მზად არის. 48 საათის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორმა შეძლო მობილიზება გაეკეთებინა საკმაოდ რთული ინფრასტრუქტურის და დარწმუნებული ვართ, რომ ისევე როგორც თბილისში, სხვა რეგიონებშიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ამის რესურსს გამოვნახავთ", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
როგორც ცნობილია, დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტლის მოწყობა მიმდინარეობს.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრაციის გარეშე აცრის პუნქტები ამოქმედდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზეც უპასუხა და აღნიშნა, რომ მთავრობა, ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების შემოღებას არ გეგმავს.
ეკატერინე ტიკარაძე - "ტოცილიზუმაბის" შემოტანა გრძელდება - ზოგიერთმა კლინიკამ გარკვეული მარაგი შეიძინა, რომელიც იმ მომენტისთვის არ ესაჭიროებოდა, შევეცდებით მოვახდინოთ პრეპარატის თანაბარი გადანაწილება
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, "ტოცილიზუმაბის" ფასი დასტაბილურებულია და კლინიკებს აქვთ საშუალება, პრეპარატი შეიძინონ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო შეეცდება, რომ აღნიშნული პრეპარატი კლინიკებში თანაბარი რაოდენობით გადანაწილდეს.
"ტოცილიზუმაბთან" დაკავშირებით ყველა ფარმაკოლოგიურ კომპანიას აქვს დავალებული და ასევე, თვითონ მთავარ მომწოდებელს. ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა და ჩვენ გვაქვს დასტაბილურებული ფასი ამ პრეპარატთან მიმართებით. კლინიკებს აქვთ საშუალება, რომ ეს პრეპარატი არაგაზრდილი ფასით შეიძინონ, რაც არაერთხელ დაფიქსირდა, როგორც პრობლემა.
ასევე დაფიქსირდა პრობლემა, რომ კლინიკები ავალებდნენ პაციენტის პატრონებს პრეპარატის შეზღუდვას, ეს ყოვლად მიუღებელია. კლინიკების ვალდებულებაა, ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა იმ პრეპარატით, რომელიც პაციენტების საუკეთესო ინტერესებს და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხო გამოსავალს ემსახურება.
დღეს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პრეპარატის შემოტანა გრძელდება. ზოგიერთმა კლინიკამ გარკვეული მარაგი შეიძინა, რომელიც იმ მომენტისთვის მას არ ესაჭიროებოდა. ჩვენ შევეცდებით ამ პროცესშიც მივიღოთ მონაწილეობა და მოვახდინოთ პრეპარატის თანაბარი გადანაწილება",-განაცხადა ტიკარაძემ.
ჩვენი მოლოდინი არის, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიღებს საკმაოდ დადებით დინამიკას. ორი კვირის შემდეგ ჩვენი მოლოდინი არის ეპიდვითარების 80%-ით გაუმჯობესება, - მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ სატრანსპორტო შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილება დროული და სწორი იყო.
ტიკარაძემ ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი საბჭოზე განხილული არ ყოფილა, თუმცა, მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ამ მოთხოვნასაც დააყენებენ.
"გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს გამოცდილება არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე თუ რა ეფექტის მომტანი არის სატრანსპორტო შეზღუდვები. ჩვენი მოლოდინი არის, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიღებს საკმაოდ დადებით დინამიკას ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაში. ორი კვირის შემდეგ ჩვენი მოლოდინი არის 80%-ით გაუმჯობესება ეპიდვითარების. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს იყო დროული, საკმარისი და სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო.
რაც შეეხება საქალაქთაშორისოს, განხილულიც კი არ ყოფილა საბჭოზე, აქედან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში დავაყენებთ ამ მოთხოვნას, თუმცა დღესდღეობით ვთვლით, რომ ეს გადაადგილება განხორციელდეს, ვინაიდან ვიცით რა ტურისტული მოძრაობა არსებობს და რა შეიძლება იყოს ნაკადების მიმართვიანობა სხვადასხვა რეგიონში. აქედან გამომდინარე მთავარ ამოცანას წარმოადგენს კონკრეტულად იმ რეგიონში, სადაც მოხვდება ტურისტის მიგრაცია, ჩვენ დავხვდეთ შესაბამისი მზაობით" , - განაცხადა ტიკარაძემ.
"ინტერპრესნიუსი"