"თუ გვექნება ტრადიცია, რომ პარლამენტში სხვადასხვანაირი გემოვნების ადამიანები შედიან, ყველა ერთნაირად ცუდი არ იქნება, იქნება სხვადასხვანაირად ცუდი" - კვირის პალიტრა

"თუ გვექნება ტრადიცია, რომ პარლამენტში სხვადასხვანაირი გემოვნების ადამიანები შედიან, ყველა ერთნაირად ცუდი არ იქნება, იქნება სხვადასხვანაირად ცუდი"

თუ გვექნება ტრადიცია, რომ პარლამენტში სხვადასხვანაირი გემოვნების ადამიანები შედიან, ყველა ერთნაირად ცუდი არ იქნება, იქნება სხვადასხვანაირად ცუდი, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით განაცხადა, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იმართება.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, საარჩევნო ბარიერის დაწევა არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსები "ანგელოზები ან უკეთესები გახდებიან", თუმცა ეს არჩევანის შესაძლებლობას გაზრდის.

"რაც უფრო დიდია ბარიერი, ეს ნიშნავს, რომ ნაკლებია არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, რეალური არჩევანი ყოველთვის იყო ნაკლები. როდესაც იყო კომუნისტური პარტია, იყო მხოლოდ კომუნისტური პარტია, ახლაც რომ არ შეცვლილიყო ეს ვითარება და 5%-იანი ბარიერი დარჩენილიყო, იქნებოდა ორი პოლიტიკური პარტია. ვერ გეტყვით, რომ ბარიერის დაწევამ უცბად შეცვალა ქვეყანა და პოლიტიკოსები ანგელოზები ან უკეთესები გავხდით, მაგრამ აქ ორი პარტიის ნაცვლად ექვსი პარტიის წარმომადგენელი ზის. შესაძლოა თქვენ გეჩვენებოდეთ, რომ ეს ადამიანები ყველანი ერთნაირები არიან, მაგრამ თუ გვექნება ტრადიცია, რომ პარლამენტში სხვადასხვანაირი გემოვნების ადამიანები შედიან, ყველა ერთნაირად ცუდი არ იქნება, იქნება სხვადასხვანაირად ცუდი. საბოლოო ჯამში, ეს კონკურენცია, რომელიც იბადება პარტიებს შორის, ოდესღაც შექმნის კარგ და სამართლიან წესრიგს.

თუ გინდოდა პოლიტიკური ცხოვრების დაწყება, აუცილებლად უნდა მისულიყავი რომელიმე დიდ პარტიასთან, მის წესებს მორგებოდი, მისნაირი გამხდარიყავი და ისე შესულიყავი პოლიტიკაში, რაც კლავს მრავალფეროვნებას, რომელიც ქვეყანაში არის საჭირო", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება. ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს. რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის კვორუმის გაზრდის საკითხს, გენერალური პროკურორის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩევის შესაძლებლობა მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტს შეეძლება. თუკი პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, ასეთ შემთხვევაში, მას სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებენ. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება.

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში 91 დეპუტატის ხელმოწერით დაინიცირდა. პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ლელოს" წარმომადგენლები.