"ავღანეთში მისია არ იყო ისეთი წარმატებული, როგორც ვიმედოვნებდით"
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ავღანეთში საერთაშორისო მისია ისეთი წარმატებული არ აღმოჩნდა, როგორც იმედოვნებდნენ. როგორც მან ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ-ის ხელმძღვანელობით ნატოს ოპერაციამ დაგეგმილზე ნაკლებს მიაღწია. "მისიამ მოახერხა შეეჩერებინა ალ-ქაიდა 2001 წლის შემდგომ აშშ-ზე თავდასხმების განმეორებისგან, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი, რაც მოხდა არ იყო ისე წარმატებული და ის მიღწევები არ ჰქონია, როგორც ვგეგმავდით“, - განაცხადა მერკელმა.
მან ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს "უკიდურესად მწარე, დრამატული და საშინელი“ უწოდა.
"ეს მოვლენები დრამატულია ავღანელებისთვის. მაგრამ ასევე მწარეა გერმანიისა და სხვა მოკავშირე ქვეყნებისთვის“, - განაცხადა მერკელმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ იზიარებს იმ ტკივილს, რაც მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებმა განიცადეს, რამდენადაც "ახლა ეს ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს ამაო იყო“.
მერკელის თქმით, ის არ ელოდა, რომ "თალიბანი" ასე სწრაფად და წარმატებით დაამყარებდა კონტროლს. "ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ მოვლენები“, - აღნიშნა მან.
კანცლერის აზრით, ოცწლიანი ოპერაციიდან გაკვეთილი უნდა იქნას მიღებული. "ვფიქრობ, ასეთ მისიებში უფრო პატარა მიზნების დასახვა უნდა მოხდეს“, - დასძინა მერკელმა.
"ინტერპრესნიუსი"