"ავღანეთში 20-წლიანი მისიისას ბევრი შეცდომა დაიშვა - გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის მხარდაჭერას" - კვირის პალიტრა

"ავღანეთში 20-წლიანი მისიისას ბევრი შეცდომა დაიშვა - გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის მხარდაჭერას"

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, არ სურს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს გადააბაროს ავღანეთში ომის დასრულების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

"მე ახლა ამერიკის მეოთხე პრეზიდენტი ვარ, რომელიც ავღანეთში ომს უძღვება. მე არ გადავცემ ამ პასუხისმგებლობას მეხუთე პრეზიდენტს. მე არ შევიყვან შეცდომაში ამერიკელ ხალხს იმის მტკიცებით, რომ ავღანეთში კიდევ ცოტა ხნით ყოფნა რამეს შეცვლის. ვიცი ჩემს გადაწყვეტილებას გააკრიტიკებენ, მაგრამ მირჩევნია მთელი ეს კრიტიკა მივიღო, ვიდრე გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთ პრეზიდენტს გადავაბარო", - განაცხადა ბაიდენმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

აქვე, ამერიკის ლიდერმა აღიარა, რომ ავღანეთში 20-წლიანი მისიისას ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა.

"ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელი, ავღანეთში ჩვენს მისიას ბევრი არასწორი ნაბიჯი ჰქონდა - ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული გასული 20 წლის განმავლობაში", - განაცხადა ბაიდენმა.მისი თქმით ავღანელი ხალხის მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება. "ჩვენ გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი დიპლომატიით, ჩვენი საერთაშორისო გავლენით და ჩვენი ჰუმანიტარული დახმარებით. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დიპლომატიისკენ სწრაფვას და ძალადობისა და არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად ძალისხმევას. ჩვენ გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის, ქალებისა და გოგონების ძირითად უფლებებზე საუბარს. მე ნათლად ვთქვი: ადამიანის უფლებები უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრი და არა პერიფერია. მაგრამ ამის გასაკეთებლად გზა არ არის დაუსრულებელი სამხედრო განლაგება", - დასძინა ჯო ბაიდენმა.