"ვულოცავ ჩვენს მეცნიერებს... ახალი ყაზახური ვაქცინა "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ" - რას წერს ყაზახური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ვულოცავ ჩვენს მეცნიერებს... ახალი ყაზახური ვაქცინა "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ" - რას წერს ყაზახური გამოცემა?

როგორც ყაზახეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ასხატ აიმაგანბეტოვი იტყობინება, ბრიტანულმა აკადემიურმა სამედიცინო ჟურნალმა "ლანცეტმა" (The Lancet) დასაბეჭდად მიიღო სტატია, რომელშიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ყაზახური ვაქცინის - QazVac-ის კლინიკური გამოკვლევების პირველი და მეორე ფაზის შედეგებია გადმოცემული. მანამდე პუბლიკაცია გამოქვეყნდა ასევე აკადემიურ სამედიცინო გამოცემის - EclinicalMedicine-ის ვებგვერდზე, ელექტრონული ვერსიის სახით.

"ვულოცავ ჩვენს მეცნიერებს - ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებს პუბლიკაციის გამოქვეყნებას", - დაწერა ასხატ აიმაგანმბეტოვმა "ფეისბუქში". როგორც ინსტიტუტი იტყობინება, ყაზახი მეცნიერების სტატია გამოქვეყნებულია EclinicalMedicine-ის ვებგვერდზე, რომელიც ჟურნალ "ლანცეტის" ჯგუფში შედის. როგორც ცნობილია, ბრიტანული ჟურნალი აქვეყნებს ორიგინალურ გამოკვლევებს მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში, აგრეთვე, უკანასკნელ მიღწევებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისა და კვლევის სფეროში.

დღეს The Lancet მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ სერიოზულ, ტრადიციების მქონე აკადემიურ გამოცემად, რომელიც 1823 წელს არის დაარსებული. "ანტიკოვიდური ვაქცინის შემუშავების სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამის ფარგლებში, ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ, ყახაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის პროტოკოლების მიხედვით, ჩატარებულია გამოცდის პირველი და მეორე ფაზა უსაფრთხოების, იმუნოგენურობის და სხვა პარამეტრების მიხედვით. ცდების შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა ადამიანებისათვის და ორგანიზმში მაღალ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. ამით ინსტიტუტს თავისი წვლილი შეაქვს 21-ე საუკუნის ახალი ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში, აგრეთვე, ძალისხმევას ახმარს ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზებას და ყაზახეთის მეცნიერების განვითარებას", - აღნიშნეს ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

სტატიაში გადმოცემულია ყაზახური ვაქცინის შექმნისა და გამოცდის პროცესი: ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ყახაზეთში კოვიდით პირველი დასნებოვნებული 2020 წლის მარტში გამოვლინდა. დასნებოვნებულის გამოკვლევის შედეგად, ყაზახმა მეცნიერებმა მაშინვე დაიწყეს ვაქცინა QazVac-ის შემუშავება, რომელიც დამზადდა უსაფრთხო ტექნოლოგიით, მოკლული ვირუსისისაგან იმუნოსტიმულატორის დამატებით. 2020 წლის მაისში ჯანმომ ახალი პრეპარატი ვაქცინის კანდიდატად დაარეგისტრირა. დაიწყო ხანგრძლივი კვლევა ლაბორატორიულ ცხოველებზე. ივნისში ყაზახეთის სამკურნალო საშუალებების ეროვნული ცენტრმა კვლევის დადებითი შედეგები აღიარა. ივლისში ვაქცინის შემმუშავებლები საკუთარი ვაქცინით QazVac აიცრნენ. 17 სექტემბერს დაიწყო კლინიკური კვლევების პირველი ფაზა, მასში მონაწილეობა 200-მა მოხალისემ  მიიღო. მათი თვითშეგრძნება და მდგომარეობა საუკეთესოდ შეფასდა. 17 ოქტომბერს დაიწყო კლინიკური კვლევების მეორე ფაზა, რომელშიც, ასევე, 200 მოხალისე მონაწილეობდა. მეორე ფაზის შედეგებით, ვაქცინამ მაღალი იმუნოგენურობა და ეფექტიანობა აჩვენა. 19 დეკემბერს ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ნებართვა გასცა კლინიკური გამოცდის მესამე ფაზის შესახებ, რომელშიც 300 მოხალისე მონაწილეობდა. მათი მდგომარეობა ნორმალურია, რამე ჩივილები არ დაფიქსირებულა, სისხლში აუცილებელი რაოდენობის ანტისხეულები გამოვლინდა.

2021 წლის აპრილში ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ვაქცინა ჟურნალისტებს წარუდგინეს, ხოლო ინსტიტუტის გენდირექტორი კუნსულუ ზაკარია მათ ყაზახური ანტიკოვიდური ვაქცინის უპირატესობებზე ესაუბრა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ