"თუ 2 ოქტომბერს "ქართული ოცნება" დამარცხდება, რაშიც დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში, ქვეყანა ხელახალ არჩევნებზე გავა"
"თუ 2 ოქტომბერს "ქართული ოცნება" დამარცხდება, რაშიც დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში, ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და ქვეყანას გაუჩნდება შანსი, რაღაც შეიცვალოს",-ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.
მან "გირჩი-მეტი თავისუფლების" მხრიდან 4 მაჟორიტარულ ოლქში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა.
"2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. 2 ოქტომბერს იქნება ტესტი ამ ხელისუფლებისთვის, ეს არის ლეგიტიმაციის ტესტი. თუ 2 ოქტომბერს "ქართული ოცნება" დამარცხდება, რაშიც დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში, ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და ქვეყანას გაუჩნდება შანსი, რაღაც შეიცვალოს. ჩვენ აქ ვინც ვდგავართ ადამიანები, ვისაც ერთი მხრივ ზუსტად გვესმის, როგორი ქვეყანა გვინდა და რა არის ამ ქვეყანაში შესაცვლელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ბევრი განსხვავებაა, არის საკითხები, სადაც ჩვენი ხედვები ცალსახად ერთია. ეს ხედვები ეხება იმას, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეს ქვეყანა იმისთვის, რომ წინსვლის შანსი გაჩნდეს. გარდა ამისა, ამ ქვეყნის მომავალი გადის იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთთან თანამშრომლობა შევძლოთ სხვადასხვა თემებზე, ისევე როგორც თანამშრომლობა შევძლოთ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე. დღეს, რასაც ახლა აქ ვაკეთებთ, ესეც თანამშრომლობისა და კონსენსუსის ერთგვარი გამოვლინებაა.
წარმოგიდგენთ "გირჩი-მეტი თავისუფლების" მხრიდან 4 მაჟორიტარულ ოლქში ჩვენს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებს: მთაწმინდაზე იქნება თენგო კირთაძე, საბურთალოზე-ბორის ყურუა, დიდუბეში- ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევში-ბადრი გრიგალაშვილი. ასევე "გირჩი მეტი თავისუფლების" მხრიდან არის ვიცე-მერობის კანდიდატი, ცოტნე კობერიძე. ამ ადამიანებს სრულად ესმით, რა არჩევნები არის 2 ოქტომბერს, რა ბრძოლაში შევდივართ. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ ამ ოლქში გავიმარჯვოთ",-განაცხადა ჯაფარიძემ.