"კახა კალაძეს უფლება არ აქვს დარეგისტრირდეს როგორც მერობის კანდიდატი"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თბილისის მერობის კანდიდატ, კახა კალაძესთან მიმართებით სასამართლოს პრევენციული აღიარებითი სარჩელით მიმართავს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, კალაძემ გლდანში 36 ოჯახს 1 ლარად საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, რაც საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ამომრჩევლის მოსყიდვაა.
თამარ კორძაიას შეფასებით, კახა კალაძეს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის გამო, მერობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება არ აქვს, რადგან მან "განხორციელებული ქმედებით არათანაბარ პირობებში ჩააყენა პოლიტიკური ოპონენტები".
"2021 წლის 2 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნა და საარჩევნო კანონმდებლობის განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდა, რომელიც კრძალავს ამომრჩევლის მოსყიდვას და განმარტავს, თუ რა მიიჩნევა ამომრჩევლის მოსყიდვად. 2021 წლის 11 აგვისტოს თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილია ოფიციალურად 2021 წელს, გლდანში 36 ოჯახს, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, რაც საარჩევნო კოდექსის 47-ე და და 49-ე მუხლების შესაბამისად, არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ოპონენტები გვეტყვიან, რომ კახა კალაძის მიერ ქონების გადაცემა მრავალი წელია მიმდინარეობს და ამჯერადაც მიმდინარე პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისიება იყო. უნდა აღვნიშნოთ, რომ მერიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, არც ერთხელ მსგავი ფაქტი არ მომხდარა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. 11 აგვისტოს ქონების გადაცემა ადასტურებს იმას, რომ "ქართული ოცნება" და მისი კანდიდატი დავარდნილი რეიტინგის პირობებში, კანონის მოთხოვნების დარღვევას არ ერიდებიან. აქვე გაცნობებთ, რომ კახა კალაძე ჯერ არ არის რეგისტრირებული, როგორც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, რადგან ეს ვადა 2 სექტემბერს იწურება. აქედან გამომდინარე, ჩვენ სასამართლოში წარვადგენთ პრევენციულ აღიარებით სარჩელს, რათა სასამართლომ დაადგინოს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო კახა კალაძეს არ აქვს უფლება დარეგისტრირდეს როგორც მერობის კანდიდატი, რადგან მან უკვე განხორციელებული ქმედებით არათანაბარ პირობებში ჩააყენა პოლიტიკური ოპონენტები", - აღნიშნა კორძაიამ.