"არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს, აბსოლუტურად თავისუფალი ვარ"
არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს, აბსულუტურად თავისუფალი ვარ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მისი თანაპარტიელის, კახაბერ ქემოკლიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ თელავსა და გურჯაანში მათი პარტიული ოფისების გახსნისას "ძალოვანი უწყებების განსაკუთრებული მობილიზება იყო".
როგორც გახარია განმარტავს, მაშინ, როდესაც ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს სახელმწიფო რესურსი იხარჯება.
"არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს. აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. უბრალოდ, აქ სამწუხარო არის ის, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯება ამაში. ვიცი, ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იძლევიან და ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იღებენ. ეს მათთვის უხერხულობას ქმნის. მთავარი გამოწვევა არის ის, რომ სახელმწიფო რესურსია ეს, როდესაც ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს, კოვიდია, პანდემია, კრიმინალთან ბრძოლაა საჭირო, რესურსი იხარჯება, თორემ მითვალთვალონ, მე არ მაქვს პრობლემა",-აღნიშნავს გახარია.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ეუხერხულება აღნიშნული პოზიცია იმის ფონზე, რომ მისი პრემიერობის დროს ჩატარებული არჩევნებისას ჟურნალისტებს უსმენდნენ და ხმამაღალი განცხადებები არ კეთდებოდა, გახარია აღნიშნავს: " არ მეუხერხულება. მე ყოფელთვის მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თუ რამე გადაცდომა, ან შეცდომა იყო, მეღიარებინა. ასეთი შემთხვევები არსებობდა და ვცდილობდით რეაქცია გვქონოდა. თუმცა, განსხვავება არის ის, რომ ამან სისტემური ხასიათი მიიღო",- აღნიშნავს გიორგი გახარია.