"ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე აშენდეს ახალი ქალაქი, ოფისებით, ბანკებით, კაზინოებით" - კვირის პალიტრა

"ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე აშენდეს ახალი ქალაქი, ოფისებით, ბანკებით, კაზინოებით"

"ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის, ზაზა დიასამიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.

"მინდა ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიზიაროთ - ამ ისტორიულ, ულამაზეს ადგილზე ვიმყოფებით, ცნობილ გონიოს ციხეში. აქვე ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასევე უნიკალური ადგილი - გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელიც არის დაახლოებით 300 ჰექტარი, უფრო მეტიც. ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი, თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად, ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ საუკეთესო კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროშია სპეციალზებული და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ამ მხარეში და რეგიონში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"თვითმმართველობის არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ვინაიდან, ახლა ვირჩევთ თვითმმართველი ორგანოს მერს, რომელიც მოემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს"

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ხალხზე ზრუნვა, მათი რეალური პრობლემების გადაჭრა ადგილზე დროულად და ეფექტიანად.

"მივესალმები ხელვაჩაურს და ჩვენს ულამაზეს აჭარას. მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, პირველ რიგში, მობრძანებისთვის. ჩვენი დიდი ოჯახის, "ქართული ოცნების" თითოეულ წევრს მადლობას ვუხდი ერთგულებისთვის და თქვენი ბრძოლისთვის. სწორედ ჩვენი ბრძოლის და ერთგულების ფასად, ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ 7 ღირსეულ და ძლიერ გამარჯვებას 7 არჩევნებში. ჩვენ ახლა ვემზადებით ასევე დამაჯერებელი, ძლიერი გამარჯვებისთვის, რიგით მე-8 არჩევნებში. თვითმმართველობის არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ვინაიდან, ახლა ვირჩევთ თვითმმართველი ორგანოს მერს, რომელიც მოემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი მერების მთავარი საზრუნავი და ჩვენი ყველას საზრუნავი არის, უნდა იყოს და ასე იქნება ყოველთვის, ჩვენს ხალხზე ზრუნვა, მათი რეალური პრობლემების გადაჭრა, გადაწყვეტა, მოგვარება ადგილზე დროულად და ეფექტიანად, ისე, რომ არც ერთი მოქალაქე ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის, არ დარჩეს ზრუნვის და ყურადღების გარეშე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და ეს უნდა იყოს მთავარი დავალება და მთავარი მოტივაცია თითოეული მერის, მმართველის, ყველა იმ ადამიანის, ვინც არის ჩართული დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებაში. ბოლო 8 წლის განმავლობაში, ძალიან მოკლედ უნდა შევაჯამოთ ახლა, რომ ძალიან ბევრი პროგრესი მოიტანა "ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგალითად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს დღევანდელი დღე.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში დამკვიდრდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც განაპირობა ის განვითარება, წინსვლა და პროგრესი, რომელიც თითოეულ რეგიონს, თითოეულ ქალაქს და მუნიციპალიტეტში შემოვიდა. ძალიან მოკლედ შეიძლება ჩამოვთვალოთ ყველა ის მიღწევა, რომელიც, მაგალითად ხელვაჩაურის რაიონში, ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ერთად განვახორციელეთ, იქნებოდა ეს გზების რეაბილიტაცია, გაზგაყვანილობა, სკოლების, ბაღების რეაბილიტაცია, მშენებლობა, ამბულატორიების მშენებლობა და მათი აღჭურვა. ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგალითად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს დღევანდელი დღე, უკეთესი გახდეს ჩვენი ხვალინდელი დღე, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უკეთესად შეეძლოთ გადაადგილება, მომსახურების მიღება და ა.შ. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ დღევანდელი დღე იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე იყო გუშინდელი დღე და რა თქმა უნდა, ხვალინდელი დღე უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ განჭვრეტადობა, ანუ სტაბილურობის განცდა. პროგნოზირებადი გარემო უნდა გავხადოთ ყველგან, ყველა ქალაქი, ყველა სოფელი, ყველა რეგიონი, უნდა იყოს სტაბილური, უნდა იყოს განვითარება ყველა რეგიონში, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენი მოქალაქე უნდა გეგმავდეს ხვალინდელ დღეს, უნდა იცოდეს მან, რა უნდა გააკეთოს დღეს და როგორ დაგეგმოს საკუთარი მომავალი ხვალინდელ დღეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.