"პირველ რიგში საელჩოს წარმომადგენლების ევაკუაცია ხდება, იქნება ეს ამერიკელი, ბრიტანელი თუ სხვა" - რას ჰყვება ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე - კვირის პალიტრა

"პირველ რიგში საელჩოს წარმომადგენლების ევაკუაცია ხდება, იქნება ეს ამერიკელი, ბრიტანელი თუ სხვა" - რას ჰყვება ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე

მოძრაობა "თალიბანმა" დღეს ავღანეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა მიმართულებით რეისები აკრძალა. ამის შესახებ Sky News Arabia იუწყება.

ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით კი, "თალიბანის" რაზმები ქაბულის აეროპორტს მიუახლოვდნენ, თალიბთა ცალკეული ჯგუფები უკვე შენობაში იმყოფებიან. შენობაში და მის მიმდებარედ შეკრებილი ადამიანების დასაშლელად, მათ ჰაერში ავტომატური იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, აეროპორტი სამოქალაქო პირთათვის 21 აგვისტოს გაიხსნება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაუქმდა ყველა კომერციული რეისები ქაბულის აეროპორტიდან, ხოლო ტრანზიტულ თვითმფრინავებს რეკომენდაცია მიეცათ, შეეცვალათ მარშრუტი ავღანეთის საჰაეროს სივრცის გვერდის ავლით.

ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ავღანეთის ტერიტორიაზე რჩებიან და ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ამის შესახებ "რუსთავი 2-თან" ავღანეთში მყოფმა ზაურ ჯაყელიძემ განაცხადა.

ზაურ ჯაყელიძე ავღანეთში, ნატო-ს სპეციალურ ბაზაზე იმყოფება, სადაც ამ დროისთვის სიმშვიდეა.

"უახლოეს ბაზაზე გადავადგილდებით, ეს იქნება ყატარი, ქუვეითი ან თუნდაც ერაყი და ამის შემდეგ უკვე ჩვენი კომპანიები გვყიდულობენ ბილეთებს და მოვდივართ სახლში. ეს დღეს ვერ მოხერხდება სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში საელჩოს წარმომადგენლების ევაკუაცია ხდება, იქნება ეს ამერიკელი, ბრიტანელი თუ სხვა. ამის შემდეგ ხდება ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინც მუშაობდა ამერიკისთვის, ბრიტანეთისთვის, დანიისთვის და ა.შ. და ალბათ, შემდეგ ჩვენ ვიქნებით", - განაცხადა ზაურ ჯაყელიძემ "რუსთავი 2-თან".