"გახარიას სუსის მანქანები რომ უთვალთვალებენ, ამან ერთი ისტორია გამახსენა" - კვირის პალიტრა

"გახარიას სუსის მანქანები რომ უთვალთვალებენ, ამან ერთი ისტორია გამახსენა"

ექსპერტი გია ხუხაშვილი გიორგი გახარიას მიმართ სუსის შესაძლო თვალთავლს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"გახარიას სუსის მანქანები რომ უთვალთვალებენ, ამან ერთი ისტორია გამახსენა ციკლიდან “სისტემა უცვლელია” 2007 წლის ნოემბერში, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების საქმის ფიგურანტი გავხდი გაუგებარი სტატუსით, სამი მანქანა დამყვებოდა მუდმივად - წინ, უკან და გვერდზე. 24 საათიან რეჟიმში ალყაში ვიყავი მოქცეული. სხვენით რომ არ გადავსულიყავი, ყოველდღე ახალ ბოქლომს ადებდნენ.

ცივი ზამთარი იყო…

ახალ წელს მანქანებში გაყინულები მდარაჯობდნენ.

შეგვეცოდა მე და ჩემს მეუღლეს. ძღვენი გავუმზადეთ საჭმლით და ტკბილეულით.

მეუღლემ ჩაუტანა…

ძალიან შერცხვათ, მაგრამ აიღეს.

ბოდიში მოუხადეს - “ჩვენც არ ვიცით, რატომ გითვალთვალებთ, მაგრამ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებთ და რა ვქნათო…”

მეუღლემ უპასუხა - "არ იდარდოთ, უკვე შეგეჩვიეთო…"- წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" ოფიაციალურ გვერდზე. (წყარო)

"არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს, აბსოლუტურად თავისუფალი ვარ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ყოფილმა-პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მისი თანაპარტიელის, კახაბერ ქემოკლიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ თელავსა და გურჯაანში მათი პარტიული ოფისების გახსნისას „ძალოვანი უწყებების განსაკუთრებული მობილიზება იყო“.

როგორც გახარია განმარტავს, მაშინ, როდესაც ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს სახელმწიფო რესურსი იხარჯება.

"არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს. აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. უბრალოდ, აქ სამწუხარო არის ის, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯება ამაში. ვიცი, ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იძლევიან და ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იღებენ. ეს მათთვის უხერხულობას ქმნის. მთავარი გამოწვევა არის ის, რომ სახელმწიფო რესურსია ეს, როდესაც ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს, კოვიდია, პანდემია, კრიმინალთან ბრძოლაა საჭირო, რესურსი იხარჯება, თორემ მითვალთვალონ, მე არ მაქვს პრობლემა",-განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.