ჟოზეფ ბორელი:"ევროკავშირი უნდა ესაუბროს "თალიბანს", რადგან მათ "მოიგეს ომი ავღანეთში" - კვირის პალიტრა

ჟოზეფ ბორელი:"ევროკავშირი უნდა ესაუბროს "თალიბანს", რადგან მათ "მოიგეს ომი ავღანეთში"

ევროკავშირი უნდა ესაუბროს "თალიბანს", რადგან მათ "მოიგეს ომი ავღანეთში", - აცხადებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.

"თალიბანმა მოიგო ომი, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს მათთან საუბარი", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს, მათი მმართველობის ოფიციალურად აღიარებას.

ბორელის თქმით, "ეს დიალოგი ასევე უნდა იყოს ორიენტირებული ავღანეთში ტერორისტული ძალების დაბრუნების თავიდან აცილების საშუალებებზე".

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა კი განაცხადა, რომ "თალიბებს" "მათი ქმედებების" მიხედვით შეაფასებენ.

"რაც მთავარია, ეს გარდამავალი ეტაპი იქნება და ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რას გააკეთებს გარდამავალი მთავრობა, ამაზეა დამოკიდებული დავიჯეროთ თუ არა მათი განცხადებები", - აღნიშნა მაასმა.

შეგახსენებთ, ქაბულში თალიბანის პირველი პრესკონფერენცია გაიმართა, მას შემდეგ, რაც მათ ავღანეთზე კონტროლი დაამყარეს. პრესკონფერენციაზე "თალიბანის" პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ისაუბრა. "თალიბანი" ირწმუნება, რომ უსაფრთხოდ იქნებიან კონტრაქტორები და თარჯიმნები, რომლებიც უცხოელებთან მუშაობდნენ.

"მათ შურისძიებით არავინ მოექცევა. ჩვენ არ გვინდა აქ გაზრდილმა ახალგაზრდობამ ქვეყანა დატოვოს. არავინ აპირებს მათ კარზე დაუკაკუნოს და ჰკითხოს ვისთან მუშაობდნენ. ჩვენ ყველა შევიწყალეთ ავღანეთში სტაბილურობის და მშვიდობის სასარგებლოდ. მთავრობის ფორმირებასთან ერთად ყველაფერი უფრო გაირკვევა. ჩვენ ყველა საზღვარს ვაკონტროლებთ. მთელს ქვეყანაში იქნება სრული უსაფრთხოება. ვერავინ გაიტაცებს ვინმეს. ჩვენ დღითიდღე გავაუმჯობესებთ უსაფრთხოებას. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმემ დატოვოს ქვეყანა. არის ამნისტია. არანაირი მტრობა არ იქნება შემდგომში", - აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"