გაერთიანებული სამეფო 20 000 ავღანელი ლტოლვილის მიღებას გეგმავს - კვირის პალიტრა

გაერთიანებული სამეფო 20 000 ავღანელი ლტოლვილის მიღებას გეგმავს

გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ განსახლების ახალი პროგრამის ფარგლებში 20 000 ავღანელს მიიღებს. მედიის ინფორმაციით, პროგრამის თანახმად, პრიორიტეტი მიენიჭებათ ქალებს, გოგონებს, რელიგიურ და სხვა უმცირესობებს.

გამოცემა თიმეს-ი წერს, რომ სქემა გამიზნულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც "თალიბანის" მხრიდან უფლებების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

გაერთიანებულ სამეფოში პროგრამის ამოქმედების პირველი წლის განმავლობაში, 5 000-მდე მოქალაქეს ჩაიყვანენ.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორც ერი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ავღანეთიდან გაქცეული ყველაზე დაუცველი პირების დახმარება, რათა მათ შეძლონ ახალი ცხოვრების უსაფრთხოდ დაწყება გაერთიანებულ სამეფოში.

"ავღანელი მოქალაქეების განსახლების სქემა" ადამიანების სიცოცხლეს იხსნის", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა.

ცნობისათვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი ავღანეთში არსებული მდგომარეობის განსახილველად შეიკრიბება.