"ამ კომპლექსური ტექტონიკის გამო ეს ტერიტორიები არის საფრთხის შემცველი" - მიწისძვრის მიზეზები და საშიში რეგიონები
ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი სამება. ზედიზედ იქ რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ვითარება საგანგაშო ნამდვილად არ არის. მისი თქმით, ზოგადად, ჯავახეთის ქედი სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი პატარა მიწისძვრა სწორედ ჯავახეთში ხდება.
თეა გოდოლაძე: - მე ვერ ვიტყოდი, რომ გახშირებულია მიწისძვრები. ტერიტორია და რელიეფი ისეთია, წელიწადში რამდენჯერმე სხვადასხვა ტერიტორიაზე კერების აქტივაცია ხდება. ჯავახეთი ყოველთვის აქტიური იყო ამ მხრივ, იქ ყოველთვის ხდება მიწისძვრები. სამებასთან რეალურად დგება პულსაცია, ენერგიის რელაქსაცია, ასე რომ, ასეთი რაღაც ხდება, გასაკვირი არ არის. რაც ხდებოდა რაჭაში, იგივე ხდება, განსაკუთრებული მართლაც არაფერია. მიწისძვრები ხდებოდა ყოველთვის და ეს მიმანიშნებელია იმის, რომ აქ ხდება აქტიური ტექტონიკური პროცესი, ეს არის გამოხატულება მიწისძვრის.
- სოფელი სამება დღეს ყველაზე რთული ადგილია?
- ეს არის ძალიან კომპლექსური რეგიონი - ტექტონიკურად აქტიურია, გვაქვს რღვევები, ასევე, გვაქვს ვულკანური ქედები. ჯავახეთის ქედი რეალურად არის ვულკანური აქტივობის ფაზაში და ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის ქედების პულსაციები, ამას ვხედავთ სამებაში. ეს არ ნიშნავს, რომ ვულკანი ამოიფრქვევა. აქ ჩამქრალი ვულკანებია, მაგრამ პულსაციები გვაქვს და ზუსტად ეს არის აქტივობის ერთ-ერთი გამოხატულება. რაც ხდება, ექსპერტებისთვის გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან, როგორც გითხარით ჯავახეთი, გარდა ტექტონიკური აქტივობებისა, პოსტვულკანური აქტივობებითაც ხასიათდება, რაც მიწისძვრებში გამოიხატება. რომ ნახოთ მიმდინარე აქტივობის რუკა, შეამჩნევთ, რომ ძირითადი სეისმურობა არის რაჭაში, კახეთსა და ჯავახეთში. სეისმურად ჯავახეთი ყველაზე აქტიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ბევრი პატარა მიწისძვრა ხდება ჯავახეთში. ამიტომ ეს ჩვენთვის გასაკვირი პროცესი ნამდვილად არ არის. განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს.
- რომელი რეგიონები ითვლება კიდევ საშიშად? - უფრო საშიშია რაჭის რეგიონი, სანამ რაჭაში მიწისძვრა მოხდებოდა, იქამდე საშიშად ითვლებოდა გაგრა-ჯავის მონაკვეთი, რომელიც გააქტიურდა 30 წლის წინ და მას მერე აქტივობა არ ჩამცხრალა. ყოველთვის დარჩება სერიოზულ პრობლემად რაჭა და გაგრა-ჯავის რღვევა. მისი რომელიმე სეგმენტი როდის გააქტიურდება, არავინ იცის. რეალურად შეჯახების ზოლში ვართ, ერთი დიდი და მეორე - პატარა ფილაქნის და, შესაბამისად, აქტიური ტექტონიკა და კომპლექსური გეოლოგია მანიშნებელია იმის, რომ აქ ყოველთვის იქნება მიწისძვრები. რომელი რეგიონი გააქტიურდება, ჩვენ ამის პროგნოზს ვერ ვაკეთებთ. ზოგადად, ვაკეთებთ საფრთხის შეფასებას და ვამბობთ, რომ ზუსტად ამ კომპლექსური ტექტონიკის გამო ეს ტერიტორიები არის საფრთხის შემცველი. ჩვენი ვალია, ეს განვაცხადოთ. თქმა არის ზუსტად იმის საწინდარი, რომ სამშენებლო პოლიტიკა იყოს გააზრებული და ადამიანები გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ადამიანები თვითონ იკლავენ თავს, როცა ცუდ შენობას იშენებენ.
- დედაქალაქში რა საფრთხეებია ამ კუთხით? - შეიძლება თბილისში ბევრი მიწისძვრა არ ხდება, მაგრამ საკმაოდ აქტიური ტექტონიკური სტრუქტურებია. ეს 2002 წლის მიწისძვრითაც დადასტურდა, რომ გაფრთხილება აუცილებელია და ასეთი ხელაღებული სამშენებლო პოლიტიკა ამ ქალაქს კარგს არაფერს მოუტანს.
- მაინც რომელი რეგიონის გააქტიურებას ელოდებით სეისმოლოგები? - კიდევ ერთხელ ვამბობ, ასე რთულია თქმა, ვერ გეტყვით ხვალ გაგრა-ჯავა გააქტიურდება თუ - სხვა. მთლიანად რომ გავყვეთ გაგრა-ჯავის სტრუქტურას, იგივე აფხაზეთის უკიდურესი წერტილიდან დაწყებული, დამთავრებული კასპიის ზღვამდე რომელი სეგმენტი გააქტიურდება, ამის თქმა რთულია. მთლიანად სეისმურად აქტიურია ტექტონიკური სტრუქტურა, კავკასიის რომელი სეგმენტი როდის გაქტიურდება, ნამდვილად არ ვიცით. რაჭაც გააქტიურებულია, ბარისახოშიც მოხდა მიწისძვრა, ასეთ რეალობაში ვართ. მოსახლეობას მეხსიერების პრობლემა აქვს, ეს არ არის დასაძრახი, არავის ახსოვს თბილისის წყალდიდობის ფაქტიც და ვერ მოსთხოვ, 30 წლის წინანდელი მიწისძვრის შედეგები ახსოვდეს. თაობებიც იზრდება, ცოდნის გადაცემის პრობლემა აქვთ და რა კატასტროფები იყო, თითქმის არავის ახსოვს. ჩვენი ვალია, მუდმივად შევახსენოთ მოსახლეობას, რომ სეისმურად აქტიურ რეგიონში ცხოვრობს და ასე მარტივი არ არის იქ ცხოვრება.
- რა რეკომენდაციას გაუწევთ ადგილობრივ მოსახლეობას? - სამების მოსახლეობას არა აქვს დიდი პრობლემა, ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლების პრობლემა ნაკლებად არის, თუ მაგნიტუდა 7 ან 7-ნახევარი არ იქნა, არ არის პრობლემა. განსაკუთრებით თბილისია საფრთხილო, ის შენობები, რომელიც ვერტიკალშია. დიდი მიწისძვრები ძალიან ერჩის მაღალსართულიან შენობებს.
(სპეციალურად საიტისთვის)